Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე ჟენევის და დვანის შეხვედრების ჩაშლით იმუქრება


თუ რუსეთის ფედერაცია საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობას გააგრძელებს, საქართველო ჟენევის და დვანის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს იტყვის - ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დვანის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრას ქართული, რუსული და ოსური მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს შეხვედრები დვანში ყოველთვიურად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით იმართება. შეხვედრის დასრულებას ელოდებოდა დვანის მცხოვრები ტატიანა კობახიძე, რომლის შვილი, ვასილ კობახიძე, უკვე სამი თვეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება - იგი მარტის ბოლოს სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში შვილი დედას მხოლოდ ორჯერ დაალაპარაკეს. ვასილ კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

„ადრე დარეკა და არაფერი უთქვია. ახლა დარეკეს და თქვეს, რომ ცუდად არისო. ავადმყოფი ბიჭია და შაქარი უვარდება. ცუდად ვარო, ფეხებში ძალა არ მაქვს, რომ ვიაროო. დანარჩენი არაფერი ვიცი.“

ჩემი კომენტარი არის ის, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მანდატის შესაბამისად, ექვსპუნქტიანი შეთანხმების სამეთვალყურეოდ...
ტატიანა კობახიძემ შვილის გათავისუფლების თაობაზე კონკრეტული პასუხი ვერც შეხვედრის ბოლოს მიიღო. ამავე შეხვედრაზე განიხილეს 18 მაისს საჩხერის რაიონში მომხდარი ინციდენტი. როგორც ცნობილია, ტყეში ჯონჯოლის საკრეფად წასულ ახალგაზრდებს რუსმა და ოსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს. მაშინ ორი ადამიანი დაიჭრა. ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, გეიდრიუს ჩეკოულისის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ შეუშვებენ და გამოძიების პროცესში ითანამშრომლებენ.

„გამოვყოფდი იმას, რომ შევთანხმდით 18 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით. მაშინ იმუშავა ცხელმა ხაზმა. მომდევნო დღესვე შევიკრიბეთ და შევთანხმდით ერთობლივ ვიზიტზე. ამით ჩანს, როგორ შეიძლება წინსვლა კონკრეტულ შემთხვევებში ამა თუ იმ ინციდენტისას, რომლებიც, სამწუხაროდ, ზოგჯერ მაინც ხდება“,- ამბობს ჩეკოულისი.

სულ რამდენიმე დღის წინ დავაკავეთ ახალგორიდან წამოსული ადამიანი, რომელსაც ბომბი მოჰქონდა თბილისის ცენტრში დასადებად...
ოსურმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს პრეტენზია იმის შესახებ წაუყენა, რომ მოსაზღვრე ქართული სოფლებიდან ისინი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფოტო და ვიდეოგადაღებას აწარმოებენ და დურბინდებით მუდმივად აკვირდებიან იქ არსებულ ვითარებას. ამის პასუხად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იუსი სარასელომ განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისიის მანდატში სწორედ დაკვირვება შედის და ისინი მხოლოდ მანდატით განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებენ:

„ჩემი კომენტარი არის ის, რომ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მანდატის შესაბამისად, ექვსპუნქტიანი შეთანხმების სამეთვალყურეოდ და გვევალება მტკიცებულებების სახით გადავიღოთ ფოტოსურათები, გადავიღოთ ვიდეომასალა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე კონფლიქტის ზონაში ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტების და დაკავებულების შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა; გარდა ამისა, განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებთა უსაფრთხოების საკითხები, ინფრასტრუქტურის და სარწყავი არხების მოწესრიგების პრობლემები, მაგრამ, მისი თქმით, ქართული მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხეებია.

„ბევრი საკითხი იყო განხილული. მათ შორის მთავარი იყო - ჩვენთვის, ყოველ შემთხვევაში - ტერორიზმის საკითხი. სულ რამდენიმე დღის წინ დავაკავეთ ახალგორიდან წამოსული ადამიანი, რომელსაც ბომბი მოჰქონდა თბილისის ცენტრში დასადებად. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ თუ ტერორისტული აქტები გაგრძელდება, ჟენევის პროცესს და ამ მექანიზმებს მომავალი არა აქვთ. ამიტომ გადამწყვეტია ამ მოლაპარაკებების მომავლისთვის, რომ ეს ტერაქტები შეწყდეს. სამწუხაროდ, ამაზე რუსეთის ფედერაციისგან ადეკვატური პასუხი ვერ მივიღეთ“,- განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

დვანში მომდევნო შეხვედრის გამართვა ივლისის ბოლოს დაიგეგმა. ამ ხნის განმავლობაში ქართული მხარე ტერორისტული ბრალდებების თაობაზე რუსული მხარის რეაგირებას დაელოდება.
XS
SM
MD
LG