Accessibility links

ქრისტიან-დემოკრატები პროკურატურას და სასჯელაღსრულებას მიმართავენ


სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებს 18 ივნისს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოეხმაურა და პროკურატურას ამ ფაქტების გამოძიების, ხოლო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმართა წამების აღკვეთის მოთხოვნით მიმართა. მათი განცხადებით, გამოუძიებელ საქმეებს შორისაა 30 აპრილს, რუსთავის N6 საპყრობილეში გარდაცვლილი კახაბერ თედლიაშვილის საქმეც, რომელმაც, ოფიციალური ინფორმაციით, თავი ჩამოიხრჩო და რომელიც საკუთარ ადვოკატთან ერთი თვით ადრე აცხადებდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

რუსთავის N6 საპყრობილეში დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გარდაცვლილი კახაბერ თედლიაშვილის საქმე ერთ-ერთია პატიმართა სიკვდილიანობის გამოუძიებელ საქმეებს შორის.
სიკვდილიანობა უმეტეს შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელთა გულგრილობითა და უყურადღებობითაა გამოწვეული....

”ეს ადამიანი სასჯელაღსრულების სამინისტროს N6 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ის ამბობდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ არანაირი რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ათ სხვადასხვა უწყებას მივწერეთ ამის შესახებ, არ ყოფილა. არაფერი ვიცით გამოძიების შედეგების შესახებ, მოწმედაც კი არ დაკითხეს 26 წლის კახაბერ თედლიაშვილის მშობლები და უკვე ეს ადამიანებიც განიცდიან წამების ტოლფას დამოკიდებულებას, რადგან თვე-ნახევარზე მეტია შვილი გარდაეცვალათ, მაგრამ არავითარი პასუხი, თუ რა ხდება აღნიშნულ საქმეზე, არ მოგვისმენია”, - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, ადვოკატი თედო კობახიძე.

19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ამავე კომიტეტის ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს სათავეში ხათუნა კალმახელიძის მოსვლის შემდეგ ციხეებში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.

”განსაკუთრებით იმატა პატიმართა წამების ფაქტებმა. სიკვდილიანობა უმეტეს შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელთა გულგრილობითა და უყურადღებობითაა გამოწვეული. დაავადებულ პატიმრებს, უბრალოდ, არ მკურნალობენ სათანადოდ და ამიტომაა, რომ ისინი ციხიდან ან უკურნებელი სენით გამოდიან, ან ციხეშივე იღუპებიან”, - ამბობს თამაზ ბაკურიძე.
გიორგი ტუღუში

პატიმართა სიკვდილიანობის სავალალო სტატისტიკის შესახებ მიმდინარე კვირას პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში გამოვლინდა პატიმართა გარდაცვალების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში - 142 გარდაცვლილი პატიმარი. და ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიწოდებულ რიცხვზე. გიორგი ტუღუშმა სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას პასუხისმგებლობა სწორედ სასჯელაღსრულების სამინისტროს დააკისრა.

ციხეებში სიკვდილიაონობის მაჩვენებლის ზრდას, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილობის ფაქტებს ადასტურებენ ადამიანის უფლებათა დამცველებიც. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი, ადვოკატი მანანა კობახიძე გვეუბნება, რომ ამაზე ყველა პატიმარი ჩივის, მაგრამ მათი უმრავლესობა შიშის გამო ხმამაღლა ლაპარაკს ერიდება:

”ადვოკატების თანდასწრებითაც კი ამცირებენ. შემიძლია ვთქვა, რომ ხანდახან ცხოველებივით ექცევიან. ხშირად საკნებიდან სასეირნოდ გამოსვლაც არ უნდათ ხოლმე პატიმრებს ამის გამო. ბოლო პერიოდის დაპატიმრების სერია რომ ავიღოთ, 200-მდე ადამიანია დაკავებული, ყველა არის ნაცემი, დასახიჩრებული და ამაზე თუ თვალს ხუჭავს სასჯელაღსრულება, ეს იმიტომ, რომ პასუხი არა აქვთ და არა იმიტომ, რომ ეს სინამდვილეში არ ხდება. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ ჩემთან ამბობენ პატიმრები ყველაფერს, მაგრამ როცა ჩივილს ვურჩევ, თავს იკავებენ და ამბობენ, თქვენ წახვალთ და ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ უარესად არ დაგვსჯიან ან ჩვენი ოჯახის წევრებს არაფერს დაუშავებენო.”
მანანა კობახიძე

მანანა კობახიძე, სხვა არაერთი ადვოკატის მსგავსად, ამბობს, რომ არავინ იძიებს, იყო თუ არა, მაგალითად, პატიმრის მკურნალობა ადეკვატური, დროულად გადაიყვანეს თუ არა ის სპეციალურ დაწესებულებაში და, შესაბამისად, ასეთი საქმეები ან თვეობით რჩება თაროზე, ან იხურება მასში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ფაქტია ისიც, რომ წელსაც საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით სახალხო დამცველის ანგარიში მხოლოდ ცნობად მიიღო. ამ დადგენილების ფონზე კი ვეღარანაირი პოლიტიკური განცხადება რეალურ შედეგს ვერ მოიტანს, აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხი დაგროვილ კითხვებზე ისევ არ გვაქვს. რადიო თავისუფლება კომენტარისათვის სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს თეა სუხიშვილს დაუკავშირდა. მივწერეთ და ვთხოვეთ, იქნებ შესაბამისი სტრუქტურიდან რამდენიმე კითხვაზე მაინც მიგვეღო პასუხი, შემდეგ არაერთხელ დავრეკეთ კიდეც, მაგრამ ჩვენი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
XS
SM
MD
LG