Accessibility links

logo-print
საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა „რეზონანსში“ კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილთან. დემეტრაშვილი საუბრობს 26 მაისზე, რომელიც კონსტიტუციურ ფარგლებში, მისი თქმით, უნდა ყოფილიყო წესრიგის აღდგენის და გზის გახსნის მცდელობა, რეალურად კი, მისივე თქმით, 26 მაისის მოვლენები ამ მიზანს ასცდა და სრულიად სხვა ფორმა მიიღო - ძალადობის ფორმა. ქუთაისში პარლამენტის გადატანაში დემეტრაშვილი პრობლემას ვერ ხედავს. პრობლემას ზოგადად, შეიძლება ითქვას, დემეტრაშვილი ხედავს საკადრო დეფიციტში, ანუ პროფესიონალებში, და, მეორე, პოლიტიკურ ნებაში. და, ბოლოს, ალბათ რაც ყველაზე მთავარია, დემეტრაშვილი ვარაუდობს, რომ არჩევნებში უმრავლესობას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიპოვებს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პრემიერ-მინისტრის არჩევაზე დიდ გავლენას სწორედ ეს პარტია მოახდენს. რაც შეეხება 2013 წელს და პრეზიდენტს, აქ დემეტრაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციას აქვს შანსი ქვეყნის პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურა გაიყვანოს, თუმცა სხვა ქვეყნის, კერძოდ, საფრანგეთის მოდელისგან განსხვავებით, ქართულ მოდელში პრეზიდენტი სუსტია:

”ჩვენი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფრო სუსტია, ვიდრე ფრანგულ მოდელში, განსაკუთრებით სუსტია ის მთავრობასთან მიმართებაში.”

აქვე უნდა დავძინოთ, რომ მთავრობას, კონსტიტუციით, პარლამენტი აკომპლექტებს, პარლამენტი, რომელიც, დემეტრაშვილის აზრით, უმრავლესობით - ერთიანი ნაციონალური მოძრაობით - დაკომპლექტდება. სტატიის სათაური კი ასეთია: ”საპარლამენტო უმრავლესობა - ნაციონალები, პრეზიდენტი - ოპოზიციიდან.” უნდა დავამატოთ ბოლოს, რომ, დემეტრაშვილის აზრით, ასეთი განლაგების შემთხვევაში დიდ როლს ითამაშებს პრეზიდენტის პიროვნება - თუ ის ძლიერი და ქარიზმატული პიროვნება იქნება, მას შეეძლება მთავრობას უთხრას:
”მე ხალხმა ამირჩია, ძმებო, თქვენ მეორადი არჩეულები ხართ და ჩემს პოზიციას უნდა ანგარიში გაუწიოთ.”

„რვიანი“ - დაშლის პირას… ეს მეორე მთავარი თემაა „რეზონანსში“. სტატიაში აქცენტი, უმთავრესად, კეთდება იმაზე, რომ „რვიანი“ ჩაკეტილ კაბინეტში მოქმედებდა, საზოგადოებისგან მოწყვეტილი, და თუ გადარჩენა სურს, აუცილებლად კარი უნდა გახსნას და პროცესებში საზოგადოება ჩართოს და სწორედ საზოგადოების დახმარებით გაუწიოს წინააღმდეგობა ხელისუფლებას, რომელიც, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ”გაათმაგებული ენერგიით დაიწყებს „რვიანის“ დაშლაზე მუშაობას.”

„საქართველოს რესპუბლიკა“ - ”წლევანდელი 26 მაისის შემდეგ წყვდიადმა დაისადგურა საქართველოში”. „ახალი თაობა“ - ”26 მაისის აქცია ნიკა რურუას ზონდერებმა დაარბიეს” და ”სააკაშვილი თანამდებობას მხედრიონის დახმარებით ინარჩუნებს.” ასევე წინა გვერდზე გაზეთში ვკითხულობთ, რომ „ეს წელი ისტორიაში შევა როგორც რეპრესიების წელი“. იქვე ტრადიციულ რუბრიკაში „რას ამბობს მოძღვარი“, მოძღვარი ამბობს, რომ ”ღვთისნიერი ცხოვრება ყველაზე დიდი ბედნიერებაა.”

„24 საათს“ მთავარ თემად ორი საკითხი აქვს აღებული. ერთი - სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და პარლამენტი. პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატები ითხოვდნენ, ადამიანის უფლებათა დარღვებების გარშემო საპარლამენტო ზეწოლა გავაძლიეროთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ამით პარლამენტის ინსტიტუციურ როლს გავაძლიერებთო, მაგრამ ამ პოზიციამ 7 ხმა მოაგროვა 37-ის წინააღმდეგ. 37-ის პოზიცია კი ასეთია:

”რეალურად ეს არის, უბრალოდ, ყველა საკითხის პოლიტიზირება და პოლიტიკურ ჭრილში განხილვა.”

აქვე უნდა ვახსენოთ ის, რითაც დავიწყეთ - „რეზონანსში“ ავთანდილ დემეტრაშვილის ინტერვიუ, სადაც საუბარია დღევანდელ პარლამენტზეც, რომელიც, დემეტრაშვილის აზრით, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს.

”პარლამენტი და მთავრობა ერთ-ერთი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები არიან, ანუ ხელისუფლების დანაწილების ამ მოდელში არ მუშაობს ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპი”, - ამბობს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „რეზონანსში“, „24 საათში“ კი 37-კაციანი უმრავლესობა ხელს შვიდკაციანი ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, საკითხის პოლიტიზირება ხდებაო.

მეორე მთავარი თემა „24 საათში“, შეიძლება ითქვას, შეკრებისა და მანიფესტაციების კანონპროექტია. აქ ერთ საინტერესო დეტალზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას და თავად განსაჯეთ. მაგალითად, „რეზონანსის“ წინა გვერდზე არის ასეთი სათაური: ”რატომ დუმს არასამთავრობო სექტორი. მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვაზე მხოლოდ საია აქტიურობს”. თავად სტატიაში კი პარლამენტარები წუხან, რომ იმ დღეს, როცა საკითხის განხილვაში სპეციალურად არასამთავრობო სექტორი უნდა ჩართულიყო, ინდიფერენტული არყოფნა დაფიქსირდა:
”დღეს არასამთავრობოების დღეა და მაინტერესებს, სად არიან?”- კითხულობს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.

ახლა ზუსტად იგივე თემა, ოღონდ - „24 საათში“. დავიწყოთ სტატიის სათაურით: ”მანიფესტაციების კანონპროექტი არასამთავრობოების სამსჯავროზე.” შემდეგ ჩავიხედოთ სტატიაში, სადაც აქტიურობას რომ მხოლოდ საია („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) იჩენდა (როგორც „რეზონანსი“ წერს), მხოლოდ ციტატებით თუ მიხვდება მკითხველი, ანუ „24 საათი“ საქმიანი შეხვედრის განხილვისას საიას იურისტს ციტირებს, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებზე საუბრობს. მეორე მხრივ, გაზეთი ავითარებს აზრს, რომ შენიშვნები მიღებული და გათვალისწინებული იქნება.

კვირის პრესაში „რვიანის“ დაშლა-არდაშლის თემა აქტუალურია. ასევე აქტუალურია ოპოზიციურ პარტიებში კონკრეტული პირების წასვლა-წამოსვლის საკითხი. საინტერესოა, მაგალითად, გუშინდელი „რეზონანსის“ სტატია, სადაც ლაპარაკია კონტროლის პალატის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სტრუქტურები ფულს შესასრულებელ პროგრამებს აჭრიან და მათ გადამისამართებას საკუთარი დაქირავებულების პრემიებსა და ანაზღაურებაში ახდენენ; საუბარია ასევე გამქრალ თანხებზე, რომლებიც, სხვადასხვა პროგრამაში გაწერის მიუხედავად, მოხმარებული არ ყოფილა. მაგალითად, ”ღვინის ლაბორატორიული კვლევა”- ყოფილა ასეთი პროგრამა, რომლისთვისაც, „რეზონანსის“ თქმით, 100 000 ლარი ყოფილა გამოყოფილი. ამ თანხიდან, გაზეთის თქმით, ამ პროგრამაში მხოლოდ 2800 ლარი დაიხარჯა, ”დანარჩენი თანხა სად წავიდა, უცნობია”.

”სოლიდარობა მედიაპალიტრას” - ასეთ წარწერას აქვეყნებს წინა გვერდზე რამდენიმე გაზეთი - „ახალი თაობა“, „რეზონანსი“, „ვერსია“… „კვირის პალიტრის“ წინა გვერდზე კი ვკითხულობთ: ”კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ინიციატივით გაიმართა აქცია - „სოლიდარობა მედიაპალიტრას“. ორშაბათს ასეთი წარწერით პირველ გვერდზე გამოდის თითქმის ყველა გაზეთი და ჟურნალი საქართველოს მასშტაბით.“ და ამის შემდეგ წინა გვერდზე დიდი ასოებით წერია: ”გმადლობთ სოლიდარობისთვის”. უნდა აღინიშნოს, რომ „კვირის პალიტრას“ წინა გვერდზე, ქვედა მხარეს, შერჩენილი აქვს სარეკლამო განცხადება და მცირე ანოტაცია სტატიისა, მაშინ როცა „რეზონანსი“ წინა გვერდს მთლიანად ათეთრებს და დიდი შავი ასოებით წერს: ”სოლიდარობა მედიაპალიტრას”.

26 მაისის თემა, შეიძლება ითქვას, გაზეთებში მთავარი თემა იყო ამ კვირასაც. საუბარი ძირითადად შეეხება იმას, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტული ფაქტების გამოძიება უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG