Accessibility links

logo-print

მამუკა კაციტაძე და პავლე კუბლაშვილი თავიანთ შეხვედრაზე საუბრობენ


„ახალი მემარჯვენეების“ წევრი, მამუკა კაციტაძე და საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე მმართველი პარტიის მთავარი მომლაპარაკებელი, პავლე კუბლაშვილი აცხადებენ, რომ 17 ივნისს მათ შორის „ხანმოკლე შეხვედრა“ გაიმართა. სააგენტო „სივილ ჯორჯიას“ ცნობით, კუბლაშვილმა სააგენტოს აცნობა, რომ ორივე მხარე შეეცდება პოზიციების დაახლოებას უკვე წარმოყენებული წინადადებების საფუძველზე. კუბლაშვილი გულისხმობს მმართველი პარტიის მიერ 9 მარტს, ოპოზიციური რვიანის მიერ კი 5 აპრილს წარმოდგენილ შემოთავაზებას. თუმცა, როგორც „სივილ ჯორჯია“ იუწყება, კუბლაშვილის მინიშნებით, ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ფორმატის აღდგენა - რომლის ფარგლებშიც მოლაპარაკებები 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის მარტამდე მიმდინარეობდა. პავლე კუბლაშვილის თქმით, „უფრო ეფექტური“ იქნება „ინდივიდუალური კონსულტაციების“ გამართვა ცალკეულ პარტიებთან. თავის მხრივ, მამუკა კაციტაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ უთხრა, რომ ხელისუფლება რამდენიმე დღეში იქნება მზად „კონკრეტული წინადადებების“ წარმოსადგენად რვიანის შეთავაზების ირგვლივ. „შემდეგ უკვე „რვიანი“ იმსჯელებს და გადაწყვეტს ღირს ეს ყველაფერი საქმედ, ითვლება ეს ყველაფერი საარჩევნო გარემოს შეცვლად, თუ ეს ყველაფერი არის კვლავინდებურად ფიქცია,“ – განაცხადა კაციტაძემ.
XS
SM
MD
LG