Accessibility links

logo-print
გამომცემლობა “ინტელექტმა” სრულად გამოსცა ლიტერატურული ნობელის ლექციები, 1901 წლიდან 2010-ის ჩათვლით.

ნობელის პრემია რომ წლის ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული მოვლენაა, მე მგონი, ეს ბევრი რამიდან ჩანს. ჯერ ერთი, არც ერთი ლიტერატურული პრემია არ შუქდება ასე ფართოდ, მეორე - ეს არის ყველაზე დიდბიუჯეტიანი ლიტერატურული ჯილდო მსოფლიოში და მესამე – არც ერთი პრემია არ ახდენს იმხელა გავლენას ერთი კონკრეტული ავტორის გაყიდვებზე, როგორც ნობელი.
როდესაც ლაურეატი კითხულობს ამ ლექციას, ის არ ლაპარაკობს მხოლოდ თავის შემოქმედებაზე. ის საუბრობს ძირითადად თავის ქვეყანაზე, იმ ლიტერატურულ პროცესებზე...

უკვე 100 წელიწადზე მეტია ნობელის კომიტეტი პრემიას გასცემს სხვადასხვა დარგში, მაგრამ ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, სწორედ ლიტერატურული ნობელი ექცევა ხოლმე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამ ყურადღებისა და ინტერესის გამო გადაწყვიტა ალბათ გამომცემელმა კახმეგ კუდავამ ყველა ამ ლექციისთვის ერთ გამოცემაში მოეყარა თავი და იგი ქართველი მკითხველისთვის წარედგინა:

“ნობელის პრემიის ლაურეატების ლექციები საერთოდ არის ძალიან პოპულარული არა მარტო ლიტერატურაში, არამედ სხვა დარგებშიც. მაგრამ ლიტერატურას ის უპირატესობა აქვს, რომ ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველისათვის. მაგალითად, მე მზადა მაქვს ფიზიკის ნობელიანტების ლექციებიც, ბრწყინვალე რამ არის, მაგრამ კომერციული მიზნით მის დაბეჭდვას აზრი არა აქვს, საერთოდ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თითო ეგზემპლარი ასეთი ლექციებისა ქართულ ენაზე მაინც უნდა იდოს დიდ ბიბლიოთეკებში, ვიღაცას რომ დასჭირდეს. ლიტერატურის ლექციები სხვა ლექციებისაგან განსხვავებულია მრავალი თვალსაზრისით.”

რა თქმა უნდა, განსხვავებულია, რადგან ამ ლექციებში მწერლები გვესაუბრებიან. ზოგიერთი მათგანი დღემდე უცნობია ფართო მკითხველისთვის, ზოგს კი მთელი მსოფლიო კითხულობს, ზოგი დაავიწყდათ, ზოგი კი სწორედ ნობელის წყალობით აღმოაჩინეს.
ეს ლექციები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აქ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შემოქმედები დგანან კათედრაზე, ყველა თავისებურად უდგება მწერლობასა და ცხოვრებას, წარსულს, თანამედროვეობას, თანამედროვე პოლიტიკას:
არსებობს სხვადასხვაგვარი მიდგომა ამ ლექციებისადმი. ზოგი ფიქრობს ლიტერატურაზე ისაუბროს, ზოგი პოლიტიკაზე ამჯობინებს საუბარს...

“როდესაც ლაურეატი კითხულობს ამ ლექციას, ის არ ლაპარაკობს მხოლოდ თავის შემოქმედებაზე. ის საუბრობს ძირითადად თავის ქვეყანაზე, იმ ლიტერატურულ პროცესებზე, რომელიც მის ქვეყანაში მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა წარსულში... როგორ ვითარდება ეს პროცესები და ა.შ. ნობელიანტს სურს წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა და არა მარტო თავისი თავი. არსებობს სხვადასხვაგვარი მიდგომა ამ ლექციებისადმი. ზოგი ფიქრობს ლიტერატურაზე ისაუბროს, ზოგი პოლიტიკაზე ამჯობინებს საუბარს და არის ასეთი ლექციებიც. არის შემთხვევები, როდესაც მორიდებულია ნობელიანტი და სადღეგრძელოს და მადლობის ფორმა აქვს მხოლოდ ამას. ჩვენ ყველა ამ ლექციას, ბანკეტზე ნათქვამი სადღეგრძელო იქნებოდა თუ ოფიციალური ლექცია, თავი მოვუყარეთ და ამ გამოცემაში, რომელიც ინტელექტმა გამოსცა, ყველა ის ლექციაა შესული, რომლებიც ლაურეატებმა წაიკითხეს.”

წიგნში 90-მდე ლექციაა შესული, მიუხედავად იმისა, რომ 110-მდე ლაურეატი ჰყავს ნობელს. სხვათა შორის, სანობელე ლექცია არ წაუკითხავს პირველ ლაურეატს, რენე სიული პრიუდომს, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო ცერემონიალს. ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრნენ ასევე ცერემონიალს პაულ ჰაიზე, მორის მეტერლინკი, კარლ შპიტელერი, ვლადისლავ რეიმონტი, ჯონ გოლზუორთი, ერნესტ ჰემინგუეი და სხვ. ულექციოდ დაუძვრნენ ასევე ნობელის კომიტეტს - თეოდორ მომზენი, ფრედერიკ მისტრალი, ხოსე ეჩეგერაი, ჯოზუე კარდუჩი, რაბინდრანათ თაგორი (რომელმაც მოკლე, პოეტური ტელეგრამა გაუგზავნა 1913 წელს ნობელის კომიტეტს), რომენ როლანი და სხვ. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნებოდა ნობელის პრემიით დაჯილდოებას დასწრებოდა სემუელ ბეკეტი, რომელიც 1969 წელს ასევე შატალოზე გაიპარა.
ნობელიანტების ლექციები იბეჭდებოდა მხოლოდ ბოლო 20 წლის მანძილზე. მანამდე, კომუნისტურ ეპოქაში, საერთოდ ნობელის ხსენება ცუდ ტონად ითვლებოდა...

სხვადასხვა დროს პრემიის აღებაზე უარი თქვეს ჯორჯ ბერნარდ შოუმ და ჟან-პოლ სარტრმა, იძულებული გახდა ნობელზე უარი ეთქვა ბორის პასტერნაკიც. იყო წლები, როდესაც საერთოდ არ გაცემულა ნობელის პრემია. 1908 წელს ფილოსოფოსმა რუდოლფ ეიკენმა იმ დროისთვის რეკორდული ხანგრძლივობის ლექცია წაიკითხა, თუმცა ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე იმდენად იმატა სანობელე ლექციების მოცულობამ, რომ ამ ოთხტომეულში ბოლო 20 წლის მანძილზე წაკითხული ლექციები თავისი მოცულობით ნობელის ისტორიის პირველი 60-70 წლის მანძილზე წაკითხულ ლექციებს გაუტოლდა.

საქართველოში ნობელის ლექციების თარგმანმაც სწორედ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მიიღო რეგულარული ხასიათი:

“რა შეიძლება ითქვას ამ ლექციების ქართულ ენაზე თარგმანის შესახებ. ნობელიანტების ლექციები იბეჭდებოდა მხოლოდ ბოლო 20 წლის მანძილზე. მანამდე, კომუნისტურ ეპოქაში, საერთოდ ნობელის ხსენება ცუდ ტონად ითვლებოდა. ქართველი მკითხველის ცნობიერებაში ის ირიბად შემოდიოდა. ამდენად, ეს ლექციები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იბეჭდებოდა, ჩვენ პირდაპირ გადმოვიღეთ, იმიტომ რომ ისინი კარგი თარგმანები იყო და დამატებით წინააღმდეგობები რომ არ მოგვსვლოდა, ავიღეთ...”

ეს ლექციები სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: “არილი”, “საუნჯე”, “საგურამო”, “ჩვენი მწერლობა”, “ქართული მწერლობა”, “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი” და სხვ. ზოგიერთი ლექციის რამდენიმე თარგმანიც არსებობს, ხოლო ძველი ლექციები სპეციალურად ამ წიგნისთვის ითარგმნა. გამომცემლები მაქსიმალურად ცდილობდნენ დედნიდან ეთარგმნათ ტექსტები, თუმცა არის ისეთი ლექციებიც, რომლებიც ნობელის კომიტეტის რომელიმე სხვა სამუშაო ენიდანაა თარგმნილი და არა მწერლის მშობლიური ენიდან.

გამომცემელმა კახმეგ კუდავამ ნობელიანტებს შორისაც გამოყო ოროსნები და ხუთოსნები:

“ამბობენ და ასეთი აზრი არსებობს, რომ ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის, ისევე როგორც თანაკლასელებს შორის, არსებობენ ოროსნები, სამოსნები, ოთხოსნები, ხუთოსნები... გააჩნია, თამასა სად დევს. ბუნებრივია, ასეთი განსხვავება აქაც, ამ ლექციებშიც იგრძნობა, მაგრამ ისინი ჩვენი გემოვნებით არ შეგვირჩევია და იმის მიხედვით არ დაგვიბეჭდავს, კარგია თუ ცუდი. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ტექსტი გამოვეცით.”

ზოგიერთ ნობელიანტზე გულახდილად გვითქვამს: “ნეტა ვინ არის, ვის დაჰკარგვია?”, სხვებისთვის მხოლოდ სახელის და დიდების გამო მიუციათ პრემია, უფრო სწორად, დასკვნითი დაფასებისთვის. იყვნენ ახალგაზრდა ნობელიანტებიც (ალბერ კამიუ, ორჰან ფამუქი და სხვ.), თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ზედმეტად პოლიტიზებული ლაურეატები გვხვდებიან, მათ შორის ისეთებიც, ვინც არაა შემჩნეული ასეთ აქტივობებში, მაგრამ რად გინდა, საკმარისია ერთხელ ამოიღო ხმა, ერთი საყვედური წამოგცდეს და ნობელის კომიტეტი სადარაჯოზეა, ვერაფერს გამოაპარებ.
მაგალითად, 2001 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ვიდიადჰარ ნაიპოლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მწვავე ანტიისლამური განცხადებები გააკეთა და ერთ თვეში ნობელიც მიიღო. ახლაც, 2011 წლის ლიტერატურული ნობელის მოლოდინში, ფსონებსაც შეიძლება ჩამოვიდეთ, ვის მისცემენ წლევანდელ ნობელს, არაბულ-სოციალურ-რევოლუციური მიმართულებით აქტიურ მწერალს თუ იაპონურ-ეკოლოგიური მიმართულების მწერალს. აგერ, ჰარუკი მურაკამიმ უკვე დაგმო თავისი ხელისუფლება და ფუკუსიმას ტრაგედია ქვეყნისა და იაპონური საზოგადოების კოლექტიურ შეცდომად აღიარა. ასე რომ, იგი ჯერჯერობით წინ გაიჭრა კანდიდატთა სიაში. რით უპასუხებენ მათ არაბები? მათ შორის, არაბული და სხვა აღმოსავლური ქვეყნებიდან ემიგრირებული მწერლები? და ჩვენ რაღა ვქნათ? ჩვენ რითი მივიქციოთ ნობელის კომიტეტის ყურადღება?... თუმცა ეს უკვე ცალკე თემაა და ოდესმე მასზეც მოგვიწევს საუბარი. თუ კომიტეტის გულს ვერ მოვიგებთ, გავერთობით მაინც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG