Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის დისიდენტი ელენა ბონერი


შაბათს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის ცნობილი რუსი დისიდენტი ელენა ბონერი. ბონერი - უფლებადამცველი ორგანიზაციის, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი - ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი და რუსეთში დემოკრატიის დამცველი იყო.

მისი ქალიშვილის, ტატიანა იავკელევიჩის თქმით, ბონერი გარდაიცვალა მის სახლში ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში. იავკელევიჩს გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია.

ბონერმა რადიო თავისუფლებისთვის 2010 წლის 10 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთზე და ნობელის კომიტეტის საზეიმო ცერემონიის მიმართ პეკინის ბოიკოტზე ჩინელი აქტივისტის, ლიუ სიაბოსთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის გამო:

„რუსეთს არ გავუკვირვებივარ. რუსეთი რეგულარულად აკეთებს სისულელეებს. გული დამწყვიტა ჩინეთმა, ვინაიდან ის ასეთ რამეებს აკეთებს მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყანასავით გამოიყურება. ეს ცუდად დამთავრდება, ვინაიდან ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია პოლიტიკური ცვლილებების გარეშე. ამ ორ ხაზს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ვშიშობ, ძველი პოლიტიკა გაიმარჯვებს.“

2010 წლის დეკემბრის ბოლოს მან რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვებსაიტზე ბოლო კომენტარი დატოვა. კომენტარი ეხებოდა მიტინგს ლოზუნგით „მოსკოვი ყველასათვის“, რომელიც 26 დეკემბერს გაიმართა პუშკინის მოედანზე. ელენა ბონერი წერდა:

„მე მოსკოველი ვარ - „კავკასიური ეროვნების“ ებრაელი. 1941 წელს ქვეყანას ვიცავდი, 1945 წელს სიხარულისგან ვტიროდი. 1953 წელს „ექიმების საქმეს“ ვაპროტესტებდი. და მთელი ეს წლები - 1937 წლის გაზაფხულის შემდეგ - ველოდი, რომ როგორღაც, რაღაც გზებით, დედა დაბრუნდებოდა ყარაგანდაში გადასახლებიდან. როცა დაბრუნდა და კარზე ზარი დარეკა, ვერ ვიცანი - მათხოვარი მეგონა. მთელი ეს წლები ძილში ცრემლებად ვიღვრებოდი ჩემი დახვრეტილი მამის გამო. მამას კუჭის წყლული ჰქონდა, საღამოობით მთხოვდა ხოლმე, ლუსია-ჯან, სათბური გამიმზადე, ძალიან მტკივა მუცელიო. ვტიროდი ბებიაჩემის გამო, რომელიც 1937 წელს დაობლებულ სამ ბავშვს ზრდიდა და უკანასკნელად ლენინგრადის ბლოკადის დროს ამოისუნთქა. მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი, რომ დამნაშავე ვარ, დედა რომ დამიპატიმრეს და რომ ის ვერ ვიცანი. დამნაშავე ვარ, რომ მამა დახვრიტეს, რომ ვოსტრიაკოვოს სასაფლაოზე მისი მემორიალური დაფა დგას, დაფის ქვეშ კი სიცარიელეა. დამნაშავე ვარ, რომ ალყაშემორტყმულ ლენინგრადში არ დავრჩი ბებიასთან ერთად და იქ არ მოვკვდი. მე ხომ სამშობლო უნდა გადამერჩინა! სამშობლო! ახლა კი სამშობლოს გადასარჩენი ძალა აღარ შემწევს. სათბურსაც ვერ ვიცხელებ თვითონ. ან როგორ უნდა გადავარჩინო ეს სამშობლო? ეს არც უწინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი. მეც მიმაწერეთ იმ ხალხს, ვინც 26 დეკემბერს პუშკინის მოედანზე გამოვა. ჩათვალეთ, რომ კვლავ სამშობლოს გადასარჩენად მოვედი. თუმცა ფეხები აღარ მემორჩილება“.

ბონერი 1923 წელს დაიბადა საბჭოთა თურქმენეთში. მისი მშობლები სტალინის მიერ იქნენ რეპრესირებული. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ელენა ბონერი მედდად მუშაობდა.

60-იან წლებში ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი დისიდენტი გახდა. 1972 წელს ის ცოლად გაჰყვა ბირთვული ფიზიკის ცნობილს სპეციალისტს და ადამიანის უფლებების დამცველს, ანდრეი სახაროვს.

მოსკოვში მათი პატარა ბინა ოპოზიციის იატაკქვეშა საქმიანობის ცენტრი იყო 70-იანი წლების ბოლოს და მოგვიანებით, 80-იანი წლების ბოლოს, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ.

1984 წელს ბონერი ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და ისიც გაგზავნეს გორკიში, სადაც მისი მეუღლე იყო გადასახლებული. სახაროვი გორკიში 1980 წლიდან იმყოფებოდა. ცოლ-ქმარი 1986 წელს გაათავისუფლეს. გადასახლების პერიოდი მათ აღწერეს წიგნში „ერთად მარტო.“

მოგიანებით სახაროვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. იგი 1989 წელს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG