Accessibility links

logo-print

სტიქია საქართველოში - დაღუპულები, დაკარგულები და 10 მილიონზე მეტი ზარალი


მეწყერი რიკოთის უღელტეხილზე

მეწყერი რიკოთის უღელტეხილზე

შაბათს საღამოს რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები დაკარგულებს კვირას, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. დადგენილია, რომ დაღუპულები რესტორან "რიკოთის" თანამშრომლები იყვნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის შემდეგ მთიდან მეწყერი და ნიაღვარი მოულოდნელად წამოვიდა.

რიკოთის გვირაბთან დაზიანდა ცენტრალური ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობის შეწყვეტა გამოიწვია. მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები სამაშველო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ორი დღეა შემთხვევის ადგილზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გეოლოგებთან ერთად მუშაობენ. სპეციალისტებმა უღელტეხილზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. გეოლოგის გურამ გაფრინდაშვილის თქმით, წვიმის შემთხვევაშიც სტიქიის ასეთი მასშტაბებით გამეორება აღარ მოხდება.

მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ხაშურის, სურამისა და ჩუმათელეთის მოსახლეობას. ადიდებულმა სურამულამ მთლიანად დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ეზოები. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი.

სტიქიის ზონაში მეორედ ჩავიდა პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა. კვირას საღამოს უკვე ცნობილი გახდა, რომ დაზიანებული გზა ნაწილობრივ გაიხსნა. მოსახლეობისთვის მიყენებულმა ზარალმა კი 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, თუ ამინდებმა ხელი შეუწყო, აღდგენითი სამუშაოები 3 დღეში დასრულდება, ხოლო გზა პირვანდელ მდგომარეობას 14 დღეში დაუბრუნდება.

ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის თქმით სტიქიის ზონაში მოხვედრილ დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. მდინარის დონე არ იკლებს, რაც სამუშაოებს აფერხებს. სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ წვიმას ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG