Accessibility links

logo-print

გილაური: სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალი 10 მილიონ ლარს აჭარბებს


დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი სავარაუდოდ 10 მლნ ლარს გადააჭარბებს - ამ განცხადებით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური, რიკოთის უღელტეხილზე გამართული თათბირის შემდეგ. „გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ოთხი ძალიან რთული დაზიანებული მონაკვეთია გზაზე, საერთო ჯამში 25 მონაკვეთია დაზიანებული. ჩვენ უკვე ავიყვანეთ კომპანიები, ისინი დანაწილებულია და ატარებენ სამუშაოებს. ... სავარაუდოდ, სამ დღეში დასრულდება პირველადი აღდგენითი სამუშაოები და 14 დღეში ეს გზა დაუბრუნდება იმ პირვანდელ მდგომარეობას რომელიც აქამდე იყო“ - განაცხადა გილაურმა. მისი თქმით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დათვლაც. შეგახსენებთ, რომ შაბათს ჩამოწოლილმა მეწყერმა სულ ცოტა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და საავტომობილო გზა დააზიანა რიკოთის გვირაბის მახლობლად. ორი ადამიანი დაკარგულია. ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა მოიყოლა რესტორანი, ავტობუსები და ავტომანქანები. კოკისპირულმა წვიმებმა გზები დააზიანა და სახლები დატბორა ხაშურის რაიონსა და შიდა ქართლშიც. წყალდილობის შედეგად ხიდები დაზიანდა დუშეთის რაიონსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. უკანასკნელ დღეებში წვიმებმა სეროზული ზიანი მიაყენა ახმეტის, ყვარელის, გურჯაანისა და თელავის რაიონებს.
XS
SM
MD
LG