Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის მთავრობა აცხადებს, რომ ნატოს იერიშს 9 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა


ლიბიის მთავრობა ნატოს ბრალს სდებს 9 სამოქალაქო პირის დახოცვაში, დედაქალაქ ტრიპოლის ერთ-ერთ დასახლებულ უბანზე დღეს დილით ადრე მიტანილი იერიშის დროს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულ-ატი ალ-ობეიდიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფეთქებას 9 სამოქალაქო პირი - მათ შორის 2 ბავშვი - შეეწირა, 18 ადამიანი კი დაიჭრა. მთავრობის ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. ნატო აცხადებს, რომ ცნობებს იძიებს. ალიანსი ხშირად იმეორებს, რომ ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი. ლიბიის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც მარტში ნატოს საჰაერო იერიში დაიწყო, ამ კამპანიას 856 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. მონაცემების გადამოწმება არ ხერხდება. ამ დრომდე, სხვადასხვა ცალკეული თავდასხმის შემდეგ მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემები გადაჭარბებული აღმოჩნდა. პარალელურად, მეამბოხეები აცხადებენ, რომ 9 ადამიანი დაიღუპა და 51 დაიჭრა კადაფის მომხრეებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარ შეტაკებაში ქალაქ მისრატასთან.
XS
SM
MD
LG