Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისის მოვლენების განხილვა ბრიუსელში


20-21 ივნისს ბრიუსელი ადამიანის უფლებათა სფეროში ევროკავშირის და საქართველოს დიალოგის მე-4 რაუნდს მასპინძლობს. თუკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფილიპ დიმიტროვის მიერ გავრცელებული განცხადებით ვიმსჯელებთ, საკითხთა ფართო სპექტრის ფარგლებში, ბრიუსელის შეხვედრაზე განიხილება ”26 მაისის მოვლენები და განცხადებები ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ.”

დიალოგი ადამიანის უფლებათა სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის, როგორც წესი, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და ამიტომ კონკრეტული დეტალების გარკვევა საკმაოდ რთულია. ასეა მე-4 რაუნდის შემთხვევაშიც. როგორც საქართველოში მოქმედ ევროკავშირის წარმომადგენლობაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გარკვეული ინფორმაციის მიღება მხოლოდ მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ, 21 ივნისს იქნება შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების პროცესზე ინფორმაციის თავისუფლებისა და ზოგადად გამჭვირვალობის სტანდარტები არ ვრცელდება, ამ შემთხვევაში ეს არის განსხვავებული საქმე...

თუმცა მე-4 რაუნდი გარკვეულწილად უკვე გამორჩეულია იმით, რომ მას წინ უსწრებდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფილიპ დიმიტროვის განცხადება, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სახელით 16 ივნისს გამოაქვეყნა. მსგავსი განცხადება ჯერ არც ერთი სხვა რაუნდის წინ არ გამოქვეყნებულა და სწორედ ამ განცხადებაში კონკრეტდება ერთადერთი საკითხი, რომელზეც საუბარი იქნება 20-21 ივნისს ბრიუსელში მიმდინარე დიალოგის დროს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში განიხილება ”საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის - 26 მაისის მოვლენები და განცხადებები ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ.”

ეს ის საკითხია, რომელზეც, სხვა არაერთ საკითხთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წარმომადგენლებსა და მე-3 სექტორს შორის თბილისში გამართული შეხვედრის დროს, 10 ივნისს. შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა სფეროში ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის მე-4 რაუნდის წინ. რამდენიმე დღით ადრე კი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინიციატივით, უცხოელი ელჩები და მე-3 სექტორის წარმომადგენლები საგანგებოდ მხოლოდ 26 მაისის მოვლენების განსახილველად შეხვდნენ ერთმანეთს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის აზრით, იმის გარდა, რომ ძალის გადამეტების გამო ყველა დამნაშავე სამართალდამცველი უნდა დაისაჯოს, საგამოძიებო პროცესი ეფექტიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს:
თამარ ჩუგოშვილი

”მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების პროცესზე ინფორმაციის თავისუფლებისა და ზოგადად გამჭვირვალობის სტანდარტები არ ვრცელდება, ამ შემთხვევაში ეს არის განსხვავებული საქმე, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი და ყველა საერთაშორისო სტანდარტით აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება.”

იმ დროს, როცა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელაპარაკებოდნენ, პრაქტიკულად არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების თაობაზე.

20 ივნისს კი, ბრიუსელის შეხვედრის პირველ დღეს, მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ”2011 წლის 26 მაისს ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.” სხვა დეტალები არ კონკრეტდება. ჩვენი ინფორმაციით, ძიება მიმდინარეობს პროკურატურაში შეტანილ 4 სარჩელთან დაკავშირებით და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექცია იხილავს ცალკეული სამართალდამცველების დისციპლინური გადაცდომის ფაქტებს.

დიალოგი ადამიანის უფლებათა სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს და შეხვედრები მორიგეობით იმართება ბრიუსელსა და თბილისში. სწორედ 2009 წელს გაიმართა პირველი ორი რაუნდი, ხოლო მე-3 რაუნდი 2010 წლის 9 ივლისით თარიღდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მე-3 რაუნდის ფარგლებში, თბილისში, მოლაპარაკებების მთავარ საკითხებს წარმოადგენდა რეფორმები სასამართლო სისტემაში, არჩევნები და საარჩევნო კანონმდებლობა, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების ჩათვლით; უმცირესობათა უფლებები, დევნილთა უფლებები და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები...

რაუნდიდან რაუნდამდე, შეიძლება ითქვას, პროცესი უწყვეტ სახეს ატარებს. პროცედურის მიხედვით, ადამიანის უფლებათა სფეროში ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის ყოველი რაუნდის შემდეგ ევროკავშირი სვამს გარკვეულ შეკითხვებს, რომლებზეც საქართველომ უნდა გასცეს პასუხი.

”ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სახელით აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG