Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 20 ივნისი, 2011


“კვირის პალიტრაში” აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კენტ ლონგსდონთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის გასულ კვირაში ესტუმრა მედიაჰოლდინგ “პალიტრას”. ლონგსდონს “კვირის პალიტრისთვის” უთქვამს: “მინდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქტიურად მიადევნებს თვალყურს იმ ფინანსური შემოწმების პროცესსაც, რომელიც საგადასახადო სამსახურის მიერ მედიაპალიტრაში იგეგმება.” ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურთან. ის კორესპონდენტს ეუბნება: “ვუსურვებ მედიაჰოლდინგს, რომ შემოწმების შემდეგ გამოსულიყოს კიდევ უფრო ძლიერი და არავითარი დარღვევა მის საქმიანობაში არ იყოს აღმოჩენილი.”

“ასავალ-დასავალში” ქვეყნდება მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „ღია წერილი აშშ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს“. ის ელჩს 25 მაისს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და წერს: “ბატონო ბას, თქვენი ქმედების შემდეგ, რასაც შედეგად ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა, თქვენ საქართველოში მოღვაწეობის მორალური უფლება არ გაქვთ“. “ასავალ-დასავალში” ქვეყნდება ამავე გაზეთჲს ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას ღია წერილიც, სადაც ის აშშ ხელისუფლებას მიმართავს ჯონ ბასის საქართველოდან გაწვევის რჩევით.

“ასავალ-დასავალის” კორესპონდენტს მსახიობი ოთარ კობერიძე ეუბნება: “სახრჩობელაზე არიან დასასჯელები ნინო ბურჯანაძე, გია ბურჯანაძე, ელიზბარ ჯაველიძე, სოსო ჯაჭვლიანი, რეზო ესაძე! ნონა გაფრინდაშვილიც კი!”. იქვე, ვახტანგ ტატიშვილთან ინტერვიუში, 26 მაისის მოვლენების ასეთ შეფასებას წაიკითხავთ: “მანდ მოხდა სადისტებისა და მაზოხისტების შეხვედრა, რითაც ორივე მხარემ მიიღო სიამოვნება”.

სოსო ჯაჭვლიანზე დღეს “კვირის ქრონიკა” წერს: “თავისუფლება სოსო ჯაჭვლიანს! შიმშილობის 26-ე დღე“. გაზეთში პატიმრობაში მყოფი მსახიობის დის კომენტარი ქვეყნდება. ქეთი ჯაჭვლიანის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოდან მისი ძმის იზოლატორში გადაყვანით “შესაძლოა, ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდეს”.

“კვირის ქრონიკაში” გოგა ხაინდრავასთან ვრცელი ინტერვიუა დაბეჭდილი: “ძალიან ვგულშემატკივრობდი „სახალხო კრებას“, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტიის ასპარეზად იქცა ეს”. “კვირის ქრონიკა” თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლევან გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია და კახა კუკავა პარტიას ქმნიან.

ოპოზიციური “რვიანის” პერსპექტივა დღეს არაერთი გაზეთის თემაა. “ხელისუფლების პასუხზე დამოკიდებული “რვიანის” მომავალი” - ასეთია “მთელი კვირის” სტატიის სათაური. ავტორს “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელ მამუკა კაციტაძის სიტყვები მოჰყავს, სადაც ის ამბობს, რომ “სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოსთვის საზოგადოება, ალბათ, გახდება მოწმე ამ მრავალთვიანი, გაწელილი, ჩიხში შესული მოლაპარაკებების ერთგვარი დასასრულის”. “მთელ კვირას” სოსო ცინცაძემ უთხრა: “თუ “რვიანი” მმართველი პარტიის თვალში რეალურ ძალად არ იქცა, რასაკვირველია, ჩვენი მმართველი პარტიის ადგილზე მსოფლიოში არც ერთი პარტია ოპოზიციასთან სერიოზულ დათმობებზე არ წავიდოდა”.

“ახალ თაობაში” “ახალი მემარჯვენეების” წევრ მანანა ნაჭყებიასთან ინტერვიუში წაიკითხავთ: “ჩვენ შევასრულეთ საზოგადოების დაკვეთა, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, რამაც არ მოიტანა სერიოზული შედეგი. ამიტომ, აღარ ვაპირებთ სხვის დაძახილზე სიარულს”. “ახალ თაობაშივე” “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი: “ ‘რვიანი’ შეთანხმებულია მთავარ საკითხზე - ხელისუფლებასთან სეპარატული შეთანხმება არ შედგება”.
“ვერსია” საქონლის ხორცზე ფასის გაძვირებაზე წერს. კორესპონდენტი ამბობს: “ხორცის მოვაჭრეებთან საუბარში ერთი მეტად საშიში ტენდენცია იკვეთება. ეს ხალხი აცხადებს, რომ ნატახტარისა და თელეთის „ბოინები“ ამ კერძო დისტრიბუტორებს, რომლებიც ბაზრებსა და მცირე მარკეტებს ამარაგებენ, მალე ჩაკლავენ და უსაქმოდ დატოვებენ. ორივე სასაკლაოს მესვეურთ განზრახული ჰქონიათ, რომ დისტრიბუცია თავად ჩაიბარონ, გააკონტროლონ.”

“24 საათი” გასული წლის გაზაფხულზე ერთი კვლევის შედეგებზე მოუთხრობს მკითხველს. გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობისთვის საქართველოში კრიმინალური სიტუაცია ბოლო ხუთი წლის მანძილზე საგრძნობლად გაუმჯობესდა და რესპონდენტები თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემა ნარკოდანაშაულია - განსაკუთრებით, ნარკოტიკების მოხმარება და ნარკოტიკებით ვაჭრობა. რესპონდენტთა 86 პროცენტი ძალზე ნეგატიურადაა განწყობილი იმ პირებისადმი, რომლებიც ნარკობიზნესით არიან დაკავებული. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი უნდა დაისაჯონ თავისუფლების აღკვეთით.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG