Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტში შევიდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი "მონტერეი”


ბათუმის პორტში 4 დღით შევიდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი "მონტერეი.” საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ”მონტერეი” მოქმედებს შავი ზღვის არეალში, რეგიონის და მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთად საზღვაო წვრთნების ჩასატარებლად. საელჩოს განმარტებით, სამხედრო-საზღვაო ძალების გემებს აშშ შავ ზღვაში მრავალი წელია რეგულარულად აგზავნის, რაც ადასტურებს ვაშინგტონის მხარდაჭერას რეგიონის სტაბილურობისა და საზღვაო უსაფრთხოებისადმი. მანამდე ”მონტერეი” იმყოფებოდა ოდესაში, სადაც უკრაინულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობდა. ამ ფაქტის გამო, გასულ კვირაში უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც შავ ზღვაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი ”მონტერეის” ყოფნა შეაფასა აშშ-ის კიდევ ერთ მცდელობად შექმნას მოსკოვისთვის მიუღებელი რაკეტსაწინააღმდეგო კონფიგურაცია. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოვლინება უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG