Accessibility links

logo-print
18 ივნისს აშშ-ის ქალაქ ბოსტონში გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის ცნობილი უფლებადამცველი, ელენა ბონერი. ბონერს მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკოეს სასაფლაოზე, თავისი ქმრის, ანდრეი სახაროვისა, და მშობლების გვედრით დაკრძალავენ. ბონერი 88 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი არ გამოუცხადებიათ.
რუსეთს არ გავუკვირვებივარ, რუსეთი ხშირად აკეთებს სისულელეს. მე გამანაწყენა ჩინეთმა. ვითომ განვითარებადი ქვეყანაა და ასეთი ამბავი კი მოხდა...

გთავაზობთ რადიო თავისუფლების ეთერში მის ბოლო კომენტარს, რომელიც 2010 წლის 10 დეკემბრით თარიღდება. მაშინ ჩინელი დისიდენტის, ლუ სიაბოსთვის ნობელის პრემიის მინიჭების ცერემონიას რუსეთმა და ჩინეთმა ბოიკოტი გამოუცხადეს:

„რუსეთს არ გავუკვირვებივარ, რუსეთი ხშირად აკეთებს სისულელეს. მე გამანაწყენა ჩინეთმა. ვითომ განვითარებადი ქვეყანაა და ასეთი ამბავი კი მოხდა. ჩინეთი ცუდად დაამთავრებს, რადგან ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია პოლიტიკური ცვლილებების გარეშე. თუკი ბრძოლაა ძველსა და ახალს შორის, ეს ძველი პოლიტიკა გაიმარჯვებს და ამისია, რომ მეშინია.“

ელენა ბონერი დაიბადა 1923 წლის 15 თებერვალს თურქმენეთში მცხოვრები კომუნისტი აქტივისტების ოჯახში. მისი მშობლები 1930-იანი წლების პოლიტიკურ რეპრესიებს შეეწირნენ. თვითონ ელენა, 18 წლისა, მსოფლიო ომში ჩაება სანიტრად. ომის შემდეგ ლენინგრადში სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. ინსტიტუტიდან გარიცხეს, რადგან ეგრეთ წოდებული „ექიმთა საქმის“ მიმართ პროტესტი გამოხატა. შეგახსენებთ: საბჭოთა კავშირში, ომის შემდგომ წლებში, სტალინის სიკვდილისწინა ხანებში, ექიმების ჯგუფს საბჭოთა ლიდერების მიმართ შეთქმულება და მათი განზრახ მკვლელობა დააბრალეს. ბონერი შემდგომ რეაბილიტირებულ იქნა. 1965 წელს ის კომუნისტურ პარტიაში შევიდა, რასაც მოგვიანებით თავისი ცხოვრების ყველაზე სერიოზული შეცდომა უწოდა. 1972 წელს პარტიიდან გამოვიდა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა თავი. ამავე წელს დაქორწინდა ფიზიკოს ანდრეი სახაროვზე.

ელენა ბონერს არ უყვარდა, როცა მას „სახაროვის ცოლს“ ან, მოგვიანებით, „სახაროვის ქვრივს“ უწოდებდნენ - მე მე ვარო, ამბობდა. ანდრეი სახაროვისთვის ჩინო დელ დუკას სახელობის პრემიის მინიჭების შედეგად მიღებული თანხით ბონერმა 1975 წელს პოლიტიკურ პატიმართა შვილების ფონდი დააარსა. ის წარმოადგენდა ანდრეი სახაროვს 1975 წელს ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ოსლოში. მნიშვნელოვანი აქტი იყო 1976 წლის 12 მაისს საბჭოთა კავშირში მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დაარსება, რის შესახებ დოკუმენტსაც მან ხელი მოაწერა.
ადამიანს შეიძლება შეშურდეს მისი, იმდენად ბევრი მოასწრო და იმდენად ბედნიერი წუთები ჰქონდა მას ცხოვრებაში...

1980 წელს სახაროვიცა და ბონერიც გორკში - ახლანდელ ნიჟნი ნოვგოროდში - გადაასახლეს. 1984 წელს ის ადგილობრივმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო საბჭოთა სოციალური და სახელმწიფო სტრუქტურის ცილისწამების მუხლით და შინაპატიმრობა მიუსაჯა. 1986 წელს მას და ანდრეი სახაროვს მოსკოვში დაბრუნების ნება დართეს. მოგვიანებით, 1994 წელს, ბონერი მოხვდა ადამიანის უფლებების დაცვის საპრეზიდენტიო კომისიაში, საიდანაც მალევე გამოვიდა, განაცხადა რა, რომ არ სურს ითანამშრომლოს რეჟიმთან, რომელიც ჩეჩნეთში ომს აწარმოებს. ბონერი სათავეში ედგა სახაროვის ფონდს. თავისი ცხოვრების ბოლო წლები მან აშშ-ში გაატარა. ოკეანისგაღმა წასვლამდე და მერეც დისიდენტად დარჩა. 2010 წლის მარტში ის იყო პირველი, ვინც ხელი მოაწერა რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის განცხადებას - „პუტინი უნდა წავიდეს“.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი და ცნობილი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა თვლის, რომ ბონერმა „ხანგრძლივი, ნათელი და ნაყოფიერი ცხოვრება განვლო. ადამიანს შეიძლება შეშურდეს მისი, იმდენად ბევრი მოასწრო და იმდენად ბედნიერი წუთები ჰქონდა მას ცხოვრებაში.“
ელენა ბონერი

უფლებადამცველ სერგეი კოვალიოვს, ორგანიზაცია „მემორიალის“ თავმჯდომარეს, ბონერი მიაჩნია ბედნიერ ადამიანად, რომელმაც უჩვეულოდ ფართო და მდიდარი ცხოვრება განვლო. მისი პირადი და პოლიტიკური შეცდომების მიუხედავად, თვლის კოვალიოვი, ბონერს არასოდეს ჩაუდენია სიყალბე. ადამიანის უფლებადამცველთა მოძრაობის ლიდერ ლევ პონომარიოვზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია, როგორ მოქმედებდნენ ერთად ბონერი და სახაროვი. ეს იყო, ამბობს ის, ადამიანთა კავშირი, არა მხოლოდ პირადი, არამედ თანამოაზრეების ერთობა, თანამოაზრეებისა, რომლებიც სოციალურ და პოლიტიკურ პროგრამებს ახორციელებდნენო. საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, შემდეგ კი ”მოქალაქეთა ლიგის” დამაარსებელი, უფლებადამცველი ვაჟა მთავრიშვილი ამბობს, რომ, საქართველოს მიმართ გარკვეული გაუგებრობების მიუხედავად, მთლიანობაში, ასეთი ადამიანის დაღუპვა ძალიან ცუდი ამბავია. მისი თქმით, დიდი არაა მათი რიცხვი, ვინც სამართალს იცავდა ისე, როგორც იცავდნენ ელენა ბონერი და ანდრეი სახაროვი. ბონერი არ მიეკუთვნებოდა პროვოკატორების რიცხვს, ამბობს მთავრიშვილი, ის იყო მართლა პიროვნება, დიდი პიროვნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG