Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრად მეტი რუსი სამხედრო აფხაზეთში


რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში
რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში
მოსკოვი და სოხუმი შეთანხმდნენ, რომ რუსი სამხედროების რიცხვი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზრდება, - ამ შინაარსის ინფორმაციას რუსეთის მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. იმავე წყაროს ცნობით, შეთანხმების მიზანს საქართველოს სპეცსამსახურების აგრესიის შეჩერება და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. თბილისი ცდილობს გადაამოწმოს მედიით გავრცელებული შემაშფოთებელი ცნობა და ამ ფონზე ხელახლა იჩენს თავს ჟენევის მოლაპარაკებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საკითხი.
ყოველგვარ აზრს მოკლებულია მონაწილეობა პროცესში, რომელსაც მხოლოდ ჰქვია მოლაპარაკებები, მაგრამ ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ ვერ მივაღწიეთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას...

მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს 2008 წლის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ, რუსეთი საპირისპირო ნაბიჯს დგამს და კიდევ უფრო აძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას აფხაზეთში. ინფორმაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალ თანამდებობის პირზე დაყრდნობით, რუსული ინტერნეტგამოცემა „ლაიფ ნიუსი“ (Life News) ავრცელებს და იტყობინება, რომ რუსი სამხედროების რიცხვი 2013 წლამდე 1 500-დან 3 500-მდე გაიზრდება. ოკუპანტ ძალას რუსი მაღალჩინოსანი უწოდებს ”სამშვიდობო ძალას”, რომლის მასშტაბების ზრდაც თითქოს ბოლო დროს გააქტიურებული საქართველოს სპეცსამსახურების შესაჩერებლად და შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. ”ლაიფ ნიუსი” ირწმუნება, რომ შეთანხმებას რუსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა, ანატოლი სერდიუკოვმა და მერაბ ქიშმარიამ, დახურულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დაუდასტურებელია, მან მკაცრი რეაქციები უკვე გამოიწვია თბილისში და, კერძოდ, პარლამენტში. 21 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თქვა, რომ რუსეთი ”ხელოვნურად იწვევს დაძაბულობის ესკალაციას ოკუპირებულ რეგიონებში”, რათა შემდეგ გაამართლოს თავისი შეიარაღებისა და სამხედროების რიცხვის ზრდა. გიორგი თარგამაძე ფიქრობს, რომ, თუკი დადასტურდება რუსეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თბილისმა ”მკაცრ და გადამჭრელ ზომებს” უნდა მიმართოს. ამ კონტექსტში სახელდება საქართველოს - თუნდაც დროებითი - გამოთიშვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესიდან:
გიორგი თარგამაძე

”გაუგებარი და ყოველგვარ აზრს მოკლებულია მონაწილეობა პროცესში, რომელსაც მხოლოდ ჰქვია მოლაპარაკებები, მაგრამ ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ ვერ მივაღწიეთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას ამ ტერიტორიებზე, ვერ მივაღწიეთ რუსეთის მხრიდან აღებული ვალდებულებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულებას ან ამ შესრულების დაწყებას.”

ხელისუფლების წარმომადგენლები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს ბოლო პერიოდში უკვე მეორედ აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. პირველად ეს ითქვა 7 ივნისს. მოლაპარაკებების მე-16 რაუნდის დროს საქართველოს მიერ გამოხატული პოზიციით, თუკი რუსეთის ფედერაცია ტერორისტული აქტების დაგეგმვა-განხორციელებას არ შეწყვეტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს ყველანაირი აზრი დაეკარგება და, შესაბამისად, საქართველო გამოეთიშება ამ პროცესს.

ჟენევის მოლაპარაკებების ეჭვქვეშ დაყენებას 21 ივნისის სხდომაზე თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. თუმცა ის დაეთანხმა უმცირესობის ლიდერს, რომ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს და რომ, მისი ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელმა შტოებმა შეთანხმებულად და პრინციპულად უნდა იმოქმედონ:
დავით ბაქრაძე

”ამ ეტაპზე, მოდით, ნუ დავკონკრეტდებით, შეიძლება თუ არა იყოს ეს დაკავშირებული ჟენევის ფორმატთან თუ რომელიმე სხვა პროცესთან. თქვენ თქვენი პოზიცია გაგაჩნიათ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მე გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ აუცილებელია ამ პროცესს მაქსიმალურად მჭიდროდ ვადევნოთ თვალყური. და კარგი იქნება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვოთ ამის თაობაზე მეტი თანამშრომლობა დეპუტატებთან...”

”ლაიფ ნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ღიად და ოფიციალურად ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია არც მოსკოვში და არც სოხუმში. კონკრეტულად ამ საკითხის შესახებ არაფერი იცის, მაგალითად, რუსლან ქიშმარიამ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა და ამავე რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას ძმამ. თუმცა რუსლან ქიშმარიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზასთან” 21 ივნისს ილაპარაკა რუსი და აფხაზი მესაზღვრეების ერთობლივი კონტინგენტის ასე 500-600 ერთეულით გაზრდის აუცილებლობაზე.

17 ივნისს კი, ”როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გალის რაიონზე საუბრისას გარკვევით ამბობს, რომ, საქართველოს სპეცსამსახურების გააქტიურების გამო, აუცილებლად იქნება მიღებული საზღვრების უსაფრთხოების ზომები.

ამ ინტერვიუში გრიგორი კარასინს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა არ უხსენებია, თუმცა „ლაიფ ნიუსის“ მიერ გავრცელებული ცნობა გვატყობინებს, რომ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ლამის გასამმაგების ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სამხედრო ძალების გაზრდა შესაძლოა ლოგიკური იყოს თვითონ კრემლისთვის. მას სურს, რომ ჰქონდეს მეტი ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ...

ამგვარ მიზანს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეჭვქვეშ აყენებს სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ცხვიტავა. ის ვარაუდობს, რომ მოსკოვის სამხედრო გააქტიურება ძირითადად 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება:

”აქედან გამომდინარე, სამხედრო ძალების გაზრდა შესაძლოა ლოგიკური იყოს თვითონ კრემლისთვის. მას სურს, რომ ჰქონდეს მეტი ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ და ამ ბერკეტების გამოყენებით შეძლოს თამაშის წესების ან შეცვლა, ან მინიმუმ იმ მდგომარეობაში დატოვება, რა მდგომარეობაშიც დღეს არის.”

ამ შემთხვევაში გიორგი ცხვიტავა გულისხმობს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომლებთან მიმართებითაც მოსკოვმა საერთაშორისო სარბიელზე ჯერჯერობით ვერ მოახერხა თავისთვის სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემური საკითხების ჩამონათვალში ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს აშშ-ის გეგმა ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის ფარის შექმნასთან დაკავშირებით, რასაც სავსებით ემხრობა ნატო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG