Accessibility links

logo-print
რამდენიმე საინტერესო სტატიას გაგაცნობთ. დავიწყოთ რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუთი „ფაინენშელ ტაიმსთან“. როგორც ინტერვიუს შინაარსს, ასევე საუბარს პრეზიდენტის ინტერვიუს ავტორთან, „ფაინენშელ ტაიმსის“ რუსეთის ბიუროს ჟურნალისტ ჩარლზ კლოვერთან, გაზეთი „იზვესტია“ გვთავაზობს. კითხვების დასმაში თავისუფლება მქონდაო, - ამბობს ჟურნალისტი, საუბარი კი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდაო. წინა ინტერვიუსთან შედარებით, პრეზიდენტი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და იღიმებოდაო. კითხვები მოიცავდა როგორც ცნობილ სასამართლო საქმეებს, რაზეც პრეზიდენტს უთქვამს, სტუდენტობისას ვისწავლე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეო. მეორე და ყველაზე მთავარი, “ფაინენშელ ტაიმსის“ ჟურნალისტის თქმით, ყველაზე დიდი ინტერესი დასავლურ მკითხველს აქვს პუტინსა და მედვედევს შორის ურთიერთობის მიმართ. მედვედევი ინტერვიუში ამბობს, რომ კონკურენცია ამ ორს შორის ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ უნდა იყოს,- იგულისხმება მომავალი არჩევნები. თუმცა კონკრეტიკა ამის იქით არ წასულა. მედვედევი, ტრადიციულად, საუბრობს მოდერნიზაციაზე და პარტიული იდეოლოგიური სიჭრელის საჭიროებაზე, - მაგალითად, ნანობს, რომ არ ჰყავთ ძლიერი მემარჯვენე პარტია პარლამენტში, რომელიც ამ იდეოლოგიას ასახავდა.

ისევ პრეზიდენტ მედვედევსა და სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე მისი გამოსვლის შესახებ წერს უკვე გაზეთი „ვედომოსტი“. პრეზიდენტს უსაუბრია კორუფციასთან ბრძოლის საჭიროებაზე და სასამართლო სისტემის ფეხზე დაყენების აუცილებლობაზე, რასაც „ვედომოსტის“ მიმომხილველი ვლადისლავ ინოზემცევი, შეიძლება ითქვას, ეჭვის თვალით უყურებს და ამბობს, ’სიტყვები მხოლოდ სიტყვებად დარჩებაო’. ინოზემცევი სტატიაში ახსენებს მომავალ არჩევნებს და სავარაუდო საარჩევნო რიტორიკას. კიდევ ერთი ინოვაციური იდეა პრეზიდენტ მედვედევისგან ისევ „ვედომოსტიში“: დავანგრიოთ სახელმწიფო კაპიტალიზმი, რომლის ფესვებიც გაურკვეველი ქიმიური პროცესებით შედგა, - იგულისხმება ასეულობით მოხვეჭილი მილიარდები რამდენიმე მილიონიანი ინვესტირების პირობებში, და ეს მილიონებიც თავად ამ კომპანიების კაპიტალიდან მოდიოდაო. ამიტომაც დღეს უკვე პრივატიზების თანამედროვე და უფრო გახსნილი მეთოდები უნდა დავნერგოთ და ამისათვის უნდა დავანგრიოთ მითი სახელმწიფო კომპანიების უძლეველობის შესახებო. - დაახლოებით ასეთია პრეზიდენტ მედვედევის და მისი ეკონომიკური გუნდის პოზიცია.

„ნოვაია გაზეტაში“ მიმომხილველი იულია ლატინინა ასრულებს საკუთარ 3 ნაწილიან მიმოხილვას საქართველოს შესახებ, სათაურით - ‘მეორე სინგაპური’. ლატინინამ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და მასში რუსულ ფაქტორზე საკმაოდ ვრცლად და საკმაოდ პირდაპირ ისაუბრა. ისაუბრა იმაზე, რომ მეთოდები, რომლითაც პრეზიდენტ სააკაშვილს ებრძვიან, კრემლის მეთოდებს ჰგავს და ინტელექტუალურად საკმაოდ ჩამორჩენილია. ლატინინა ნაკლებად ახსენებს საქართველოს მოსახლეობას, არსებითად მას მოიხსენიებს როგორც ლეგიტიმატორს პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტისა, დანარჩენ შემთხვევაში ის კონტექსტსა და ფონს ოპოზიციური ლიდერების პოზიციების გაშიფვრით და იმ წარმატებებით ხსნის, რომელსაც რეფორმატორმა ხელისუფლებამ მიაღწია. 26 მაისზეც საუბრობს ლატინინა და საინტერესოა, რომ აღნიშნავს, ხელისუფლების შიგნით ორი ჯგუფი იყოო, ერთი ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის მომხრე, ხოლო მეორე რეზინის ხელკეტების მომხრეო, გაიმარჯვა ცრემლსადენი გაზის ჯგუფმაო, თუმცა წვიმის გამო პრაქტიკულ ხმარებაში ისევ რეზინის ხელკეტები ჩაერთოო. ლატინინა ასევე აღნიშნავს, რომ მიზანი დემონსტრაციის არა დაშლა, არამედ აქტივისტების დაპატიმრება იყოო, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ თუ აქტივისტებს გაუშვებდა, ისინი ხელმეორედ შეიკრიბებოდნენო. ლატინინა პოლიციის მხრიდან ძალადობას ხსნის ბურჯანაძის ესკორტის მიერ პოლიციელის მოკვლის ფაქტორით და მოკლედ უნდა ითქვას, რომ ლატინინა დემონსტრანტების უკან ცალსახად კრემლის ხელს და ქვეყანაში არეულობის ინსცენირების მცდელობას ხედავს. ლატინინა სტატიას პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუს ფრაგმენტით ასრულებს. რა ”არის ყველაზე მთავარი თქვენთვის?”- ეკითხება ის პრეზიდენტს, რაზეც რესპონდენტი პასუხობს: ”გავხდეთ მეორე სინგაპური”.
XS
SM
MD
LG