Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორში დევნილთა სამინისტროს მშენებლობა დაიწყო


გორი
გორი
გორში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მშენებლობა დაიწყო. ამჟამად საძირკვლის გათხრა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები მიმდინარეობს.

დევნილთა სამინისტროს გორში გადმოტანასთან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია თებერვლის დასაწყისში გაჩნდა. მაშინ არაერთი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, თუ რომელ შენობაში დაიდებდა ბინას კობა სუბელიანის უწყება. იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო ახალ შენობაში გადავიდა, სუბელიანს კი ძველი შენობის დაკავება შესთავაზეს, მაგრამ მინისტრს პოლიციის ყოფილი შენობა არ მოეწონა. ამის შემდეგ ადგილი გორის გარეუბანში - ჭალის დასახლებაში - შეირჩა. ახალი შენობის ასაშენებლად კი ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, მაგრამ მშენებლები გრაფიკს უკვე ასცდნენ, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებამ იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ნავარაუდევი იყო.

გორსა და გორის რაიონში ათასობით დევნილი ცხოვრობს. სამინისტროს გადმოტანასთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე უკეთესად აისახება, რადგან ხშირად მიაკითხავენ ამ უწყებას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამით არაფერი შეიცვლება და მათ კეთილდღეობაზე არავინ იზრუნებს. არიან ისეთებიც, რომელთა ვარაუდით, დედაქალაქიდან სამინისტროს გადმოტანა პოლიტიკური მოსაზრებით ხდება.

8 აპრილს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა, პარლამენტში 2011 წლის ბიუჯეტში დეგეგმილი ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა, რომ, ცვლილებების თანახმად, დევნილთა უწყებას წელს დაგეგმილი 30,3 მლნ ლარიდან დაფინანსება 40,7 მლნ ლარამდე გაეზრდება. ბაინდურაშვილის თქმით, დამატებითი დაფინანსების ნაწილი დევნილთა სახლების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ამ უწყებისათვის დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG