Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა საატესტატო გამოცდები


რამდენიმე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლას იწყებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია. მისმა ხელმძღვანელმა ირაკლი ანდრიაშვილმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემოწმდება ის სკოლები, რომელთა დაბალი აკადემიური მოსწრება დაადასტურა საატესტატო გამოცდების შედეგებმა. ანდრიაშვილის განმარტებით, ამ შედეგებით დარღვეულია ზოგადი განათლების კანონი და მოსწავლეთა უფლება, მიიღონ სრულყოფილი საშუალო განათლება. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სამეურვეო საბჭოებს იმ სკოლებისა, რომლებმაც ცუდი აკადემიური მოსწრება აჩვენეს, დაევალათ ადმინისტრაციის და დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. თუ რომელიმე სამეურვეო საბჭო თავს აარიდებს ამ მოვალეობის შესრულებას, დაისმება თავად საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს ცნობით, საატესტატო გამოცდები 6 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა.
XS
SM
MD
LG