Accessibility links

logo-print

აფხაზეთში გაიზრდება რუსი სამხედროების რაოდენობა


რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში

რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში

დღეს საქართველოს პარლამენტში გამოეხმაურნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრები აფხაზეთში რუსი სამხედროების რაოდენობის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ინტერნეტ-გამოცემა Life News-ის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელებული ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის მოახლოებისა და საქართველოსგან შესაძლო პროვოკაციების გამო, 2013 წლამდე აფხაზეთში მყოფი რუს სამხედროთა რაოდენობა 1500-დან 3500-მდე გაიზრდება. ამ ინფორმაციის ოფიციალური წყაროებით შემოწმებისკენ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა. გიორგი თარგამაძის განცხადებით, რუსეთის მცდელობაზე ხელოვნურად მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია, საქართველოს ხელისუფლებას მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთ საშუალებად თარგამაძემ დაასახელა ჟენევის მოლაპარაკებაზე უარი თუ არა, მონაწილეობის დროებით შეჩერება მაინც. კონკრეტულად ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, დავით ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება, რადგან საუბარია საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ბაქრაძის თქმით, ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პარლამენტმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ.
XS
SM
MD
LG