Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რუსთავში იუსტიციის სახლი გაიხსნა


იუსტიციის სახლი რუსთავში
იუსტიციის სახლი რუსთავში
ბოლო ათწლეულის განმავლობაში თუ რამ ლამაზი და კარგი აშენებულა რუსთავში, ეს იუსტიციის სახლი და სამხარეო ადმინისტრაციის შენობაა. ორი გამჭვირვალე ნაგებობა ფალიაშვილის ქუჩაზე გრძელი სკვერის დასაწყისში აიგო იქ, სადაც ადრე აფხაზეთში დაღუპულ მეომართა შელახული მემორიალი იდგა და იქაურობა ნაგავს მიჰქონდა.

ახალი შენობების გარდა, ყურადღებას იპყრობს მათ წინ დაგებული გაზონები და იქვე გაკეთებული პატარა აუზები.
იუსტიციის სახლი რამდენიმე სექციად არის დაყოფილი. აქ ყველანაირი მომსახურება არსებობს, დაწყებული დაბადების მოწმობის გაცემით, კომპანიის რეგისტრაციით დამთავრებული...

იუსტიციის სახლის სანახავად დილაადრიანად მივედი, შესასვლელთან 10-ოდე ადამიანს მოეყარა თავი, ისინი კარის გახსნას ელოდებოდნენ. ხუთიოდე წუთში იუსტიციის სახლის კარი გაიღო და ხალხიც შენობაში შევიდა. იქ მათ პიჯაკში გამოწყობილი ახალგაზრდა დახვდა, რომელიც კონსულტაციებს უწევდა, ვინ რომელ ოპერატორთან მისულიყო. რიგი არსად შემინიშნავს, ხალხი კი ემატებოდა.

შენობის შიგნით, რომელიც მაღალი დონის სასტუმროს ფოიეს უფრო ჰგავს, თვალში საცემია უამრავი ეკრანი, მომსახურე პერსონალის სიმრავლე და შენობის თანამედროვე დიზაინი. იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი ვიკითხე. ის ახალგაზრდა, რომელიც მოქალაქეებს შესვლისთანავე კონსულტაციებს უწევდა, იუსტიციის სახლის მენეჯერი აღმოჩნდა. გივი ჭანუყვაძემ იუსტიციის სახლის მუშაობის დეტალები ამიხსნა:

„იუსტიციის სახლი რამდენიმე სექციად არის დაყოფილი. აქ ყველანაირი მომსახურება არსებობს, დაწყებული დაბადების მოწმობის გაცემით, კომპანიის რეგისტრაციით დამთავრებული. მომსახურება 3-დან 15 წუთამდე გრძელდება - იმის მიხედვით, ვის რა საბუთი სჭირდება.“
იუსტიციის სახლი რუსთავში

გივი ჭანუყვაძის თქმით, იუსტიციის სახლი ამჟამად აერთიანებს აღსრულების ბიუროს, საჯარო რეესტრს, არქივს, საპასპორტო სამსახურს. სერვისი ეტაპობრივად გაფართოვდება და მოიცავს ყველა იმ სამოქალაქო მომსახურებას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაშია.

იუსტიციის სახლი და სამხარეო ადმინისტრაციის შენობა 14 ივნისს გაიხსნა. წითელი ლენტი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაჭრა. აქვე იყვნენ ქვემო ქართლის რწმუნებული დავით კირკიტაძე, პარლამენტარები, მთავრობის წევრები და, რაღა თქმა უნდა, ადგილობრივი საკრებულოს წევრები. მოეწყო გრანდიოზული შოუ, რომელიც რუსთავის ბიუჯეტს 200 ათასი ლარი დაუჯდა. თანხის გამოყოფის შესახებ საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება 8 ივნისს მიიღეს.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG