Accessibility links

logo-print

ვანუატუ და აღიარება-არაღიარების საკითხი


ვანუატუს პარლამენტი

ვანუატუს პარლამენტი

საქართველოდან ათიათასობით კილომეტრის დაშორებით, წყნარ ოკეანეში მდებარეობს მომცრო ქვეყანა, რომელსაც ბოლო ხანს უჩვეულოდ ხშირად ახსენებენ სწორედ საქართველოს კონტექსტში. საქმე ეხება ვანუატუს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მაისის ბოლოს გავრცელდა ცნობა ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. მაგრამ ცნობა მალევე უარყვეს, შემდეგ ისევ დაადასტურეს, ბოლო ინფორმაციით კი აღიარება გააუქმეს.

ვანუატუ 80-მდე კუნძულზეა გადაშლილი და 245 000-მდე მოსახლეს ითვლის. ამ ფაქტების დადგენისაგან განსხვავებით, აფხაზეთისადმი ვანუატუს დამოკიდებულებაში გარკვევა იოლი ნამდვილად არ გამოდგა.
თვითონ ის ფაქტი, რომ აღიარებულ იქნა ქვეყანა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შემდგომში გაუქმება...

ვანუატუს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეც კი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია გამოქვეყნებული. მთავარი ცნობა გვაუწყებს, რომ ვანუატუს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს ედვარდ ნატაპეი, რომელიც ამ პოსტზე დაინიშნა უზენაესი სასამართლოს 16 ივნისის გადაწყვეტილებით. აქვე ვიტყვი: მომდევნო დღესვე, 17 ივნისს ნატაპეის სახელით გავრცელდა პრეს-რელიზი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების თაობაზე. გამოდის, ვანუატუს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იმდენად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა აფხაზეთის საკითხს, რომ მას დრო დაუთმო მთავრობის მეთაურად მუშაობის დაწყებისთანავე და გააუქმა რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

მაგრამ დავუბრუნდეთ ვანუატუს მთავრობის ვებსაიტს. მასზე ახლაც რჩება ცნობა, რომ ვანუატუმ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მეტიც: როგორც საიტზე ვკითხულობთ, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი ალფრედ კარლოტი ბოდიშს იხდის გაუგებრობის გამო და ადასტურებს, რომ ვანუატუმ აღიარა აფხაზეთი.
ედვარდ ნატაპეი

ალბათ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვანუატუს მთავრობის ვებსაიტის ადმინისტრატორები მაინცდამაინც გულმოდგინედ არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და აფხაზეთის აღიარების შესახებ ცნობა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებასთან ერთად, უბრალოდ, ძველი ინფორმაციაა, რომელიც 17 ივნისს, ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ აღიარების გაუქმების შემდეგ, უნდა წაეშალათ. მაგრამ გაურკვევლობას შესაძლოა, სხვა ახსნაც ჰქონდეს - შიდაპოლიტიკური კონტექსტი, კონკურენცია პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ედვარდ ნატაპეის და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის წინამორბედს, სატო კილმანს შორის. კილმანის მმართველობისას (2011 წლის 23 მაისს) ხელი მოაწერეს აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ შეთანხმებას, ხოლო ნატაპეის მმართველობისას (2011 წლის 17 ივნისს) აფხაზეთის საკითხისაგან დისტანცირება გადაწყვიტეს.

ასეთი მერყეობა ვანუატუსთვის გამონაკლისი არ არის. 2004 წელს იქ პრემიერ-მინისტრი გადააყენეს იმის გამო, რომ ტაივანთან დიპლომატიური კავშირის დამყარებას ემხრობოდა. ამის შემდეგ ვანუატუ დაუბრუნდა პეკინის სუვერენიტეტის აღიარების პოლიტიკას. ამ კონტექსტში გამოდგება ნაურუს მაგალითიც - ქვეყნის, რომელმაც 2009 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2002 წელს მან ტაივანთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა ჩინეთის სასარგებლოდ, სამ წელიწადში კვლავ ტაივანს დაუბრუნდა.
უკეთესი იქნებოდა, რომ არ ეღიარებინა არც ერთ ქვეყანას სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა...

რა მოხდება, ნაურუმ ახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ გააუქმოს? და საერთოდ, რას ნიშნავს, დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება, როგორც ეს ვანუატუმ გააკეთა აფხაზეთის შემთხვევაში? შეიძლება, დავუშვათ, ვენესუელამ, ან ნიკარაგუამ გააუქმონ აღიარება - ხელისუფლების სათავეში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემთხვევაში? ამ შეკითხვით მივმართეთ საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტს, ბაკურ კვაშილავას.

„რა თქმა უნდა, იდეაში ამის გაკეთება შესაძლებელია“, - ამბობს კვაშილავა, მაგრამ, მისივე განმარტებით, - „თვითონ ის ფაქტი, რომ აღიარებულ იქნა ქვეყანა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შემდგომში გაუქმება. ანუ, უკეთესი იქნებოდა, რომ არ ეღიარებინა არც ერთ ქვეყანას სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა“.

რაც შეეხება პარლამენტის როლს, დასძენს ექსპერტი, ძირითად შემთხვევებში, როცა საქმე დემოკრატიულ სახელმწიფოს ეხება, პარლამენტი რატიფიკაციის ფუნქციას ასრულებს.

მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება-არაღიარების საკითხი საქართველოსათვის? ემოციური მხარე გასაგებია: საქართველოს სუვერენიტეტის მომხრეს არ ესიამოვნება ასეთი აღიარება, მაგრამ რას ნიშნავს ეს ნაბიჯი პრაქტიკაში, რას ნიშნავს სამართლებრივად? ისევ ბაკურ კვაშილავა გვპასუხობს:
ვანუატუსა და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის რაღაც ურთიერთობების წარმოება, ან მათი მხრიდან რაიმე პრაგმატული სარგებლის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია...

„პრაქტიკაში უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ იზრდება პრეცედენტების რაიოდენობა - ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ცნობენ ამ სეპარატისტულ რეგიონებს. საქართველოსთვის ამას მართლაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა, გარდა ემოციურისა. აი, რაც შეეხება თვითონ სეპარატისტული რეგიონებისთვის, მათთვის, პრაქტიკულად, მნიშვნელობა არა აქვს მსგავსი ქვეყნების მიერ მათ აღიარებას. რადგან ვანუატუსა და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის რაღაც ურთიერთობების წარმოება, ან მათი მხრიდან რაიმე პრაგმატული სარგებლის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.“

სხვათა შორის, საყურადღებოა, რომ სამხრეთ ოსეთის საკითხზე საერთოდ არ არის ლაპარაკი: იმ ოთხი ქვეყნიდან (რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ), რომელბმაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარეს, ან ორივე ერთდროულად ჰყავთ აღიარებული, ან, ფაქტობრივად, ერთმანეთის მიყოლებით.
XS
SM
MD
LG