Accessibility links

logo-print

მეცნიერები ოკეანეების ფაუნის მასობრივი განადგურების საფრთხეზე საუბრობენ


ატლანტის ოკეანე

ატლანტის ოკეანე

მსოფლიოს ოკეანეების მდგომარეობა იმაზე უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც გაეროსთვის შეიმუშავეს ანგარიში. მათი თქმით, ოკეანეებში სახეობების მასობრივ განადგურებას რამდენიმე ფაქტორი იწვევს - დაბინძურება, თევზჭერის გადაჭარბებული მოცულობა და ადამიანის ქმედებებით გამოწვეული სხვა პრობლემები.

მეცნიერების ჯგუფი გამოდის გაფრთხილებით, რომ მსოფლიოს ოკეანეები იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

სხვადასხვა სპეციალიზაციის წარმომადგენელი ექსპერტები ახალ ანგარიშში გვთავაზობენ დასკვნას, რომ ოკეანეებში სიცოცხლეს „კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის“ განადგურება ემუქრება.

ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც ანგარიშზე მუშაობდა, ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების ცენტრში მომუშავე მეცნიერი კარლ გუსტავ ლუნდინი იყო, რომელმაც რადიო თავისუფლებას შემდეგი უთხრა:

„ოკეანეებში სიცოცხლის განადგურების ხუთი ძლიერი ტალღა ვიხილეთ წარსულში. ისინი, როგორც წესი, მნიშვნელოვან კოსმოსურ მოვლენებს უკავშირდებოდა - მეტეორიტებს ან ვულკანის ძლიერ ამოფრქვევას. ახლა კი ამ მასშტაბურ განადგურებას თავად ჩვენ ვიწვევთ. ოკეანეებში სიცოცხლის განადგურების მეექვსე მასშტაბური ფაზა გვემუქრება.“

ლუნდინის თქმით, მეცნიერთა ჯგუფმა მოიპოვა მყარი მტკიცებულებები, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული ფაქტორები - მაგალითად, კლიმატური ცვლილებები, გადაჭარბებული მოცულობის თევზჭერა და ოკეანეების დაბინძურება - უკვე დიდი დრამატიზმით აისახა ოკეანეთა სიჯანსაღეზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ ეს ფაქტორები ერთობლივად მოქმედებს. ლუნდინის თქმით, წარსულში მომხდარი გარკვეული ცვლილებები - მაგალითად, შტორმით გამოწვეული ზიანი - არ ყოფილა შეუქცევადი. ბუნებას ჰქონდა საკუთარი ძალების აღდგენის უნარი. მაგრამ ახლა, ამდენი ფაქტორის ერთობლივი მოქმედების გამო, თვითგანახლება ბევრად უფრო გართულდა.

სპეციალისტების რეკომენდაციები ითვალისწინებს მასობრივი თევზჭერის რეგულირებას, წყლებში ჩაღვრილი დამაბინძურებელი მასალების - მათ შორის ცელოფანის ნარჩენების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული, მიწის გამანაყოფიერებელი ნივთიერებებისა და კანალიზაციის - შემცირებას და სათბურის გაზების ემისიის მნიშვნელოვან დაკლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG