Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუკრი ქანთარია - რეჟისორი


12 ივნისი, კვირა
26 მაისს რაც მოხდა მას შემდეგ სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, აი, ძალიან ახლობელი ადამიანის დასაფლავებიდან დაბრუნებისას რომ ჩნდება. ჯერჯერობით ვერ მოვიცილე ეს შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერდით ამ აქციას, ვეუბნებოდით: ეს გზა არ არის გამართლებული… ჩვენი თუ არ გჯერათ, თქვენს თვალებს დაუჯერეთ - ხალხი არ მოდის… არ არის მუხტი… არ არის ეს აქცია საყოველთაო, სახალხო... მაგრამ ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა!..

7 ნოემბერს არ მქონდა ეს შეგრძნება მიუხედავად იმისა, რომ მეც იქ ვიყავი და გაზიც ვყლაპე, რადგან იმ ამბების შემდეგ ბრძოლა აქტიურ ფაზაში გადავიდა; მოვლენები დინამიკურად ვითარდებოდა - არჩევნები იყო… ახლაც მოდის არჩევნები, მაგრამ არაფერი ხდება. ხალხის ამდენი ცემა-ტყეპა, ამდენი დამცირება იწვევს ამ შეძრწუნებას. ვფიქრობ, მომავალი კვირაც ამ შეგრძნებით იქნება გაჟღენთილი.

თავისუფლების დღიურები - ნუკრი ქანთარია
please wait

No media source currently available

0:00 0:12:20 0:00
გადმოწერა


დღეს შეხვედრა გვაქვს „ქართულ აკადემიაში“ რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან. ”რვიანთან” დაკავშირებით ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობის წილი. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ყველა დაიფანტა და ჩვენ მოვახერხეთ მათი მობილიზება. ახლა უშუალოდ არ ვართ ჩართული მათს საქმიანობაში, მაგრამ მუდმივი კონტაქტი გვაქვს.

მერე ინსტიტუტში მივდივარ. ხვალ გამოცდაა რეჟისურაში და რაღაცებია გასაკეთებელი. კვირადღეც დამთავრდა.

13 ივნისი, ორშაბათი
აქამდე თითქმის ყოველდღე ინსტიტუტში ვიყავი. მსახიობის ოსტატობაში ტარდებოდა გამოცდები. მსახიობებმა დაამთავრეს და დღეს უკვე რეჟისორების ჯერია. დამოუკიდებელი სამუშაო უნდა მაჩვენონ - ნოველები. მსახიობებსაც უნდა შევხვდე. პირველი კურსი დაიხურა და მომავალი წელი უნდა დავგეგმოთ. გამოცდის მერე მომავალზე ვისაუბრეთ. მომდევნო წელი მათთვის „სიტყვის წელია“, „სიტყვით მოქმედებას“ იწყებენ, ანუ პიესები უნდა ავიღოთ და ნაწყვეტები დავდგათ. ეს ნიშნავს, რომ ისინი შედიან თეატრალურ სამყაროში, სადაც სიტყვაა მთავარი. ამაზე ვისაუბრეთ და ოთხშაბათის „მოგზაურობაც“ დავგეგმეთ.

ჩემი სტუდენტობის დროს იყო ასეთი ტრადიცია: პირველკურსელები კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში მიჰყავდათ. თუ არ ვცდები, დოდო ალექსიძის ინიციატივა იყო. მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში მარანია, სადაც რეჟისორი ბავშვობაში სპექტალკებს დგამდა, ხალხს ეპატიჟებოდა და თვითონაც თამაშობდა. ეს მარანი გახდა სიმბოლური ადგილი სტუდენტების თეატრალური ნათლობისათვის: ცნობილი მსხიობები გრიმს გვისვამდნენ სახეზე და გზას გვილოცავდნენ. მერე ეს ყველაფერი შეწყდა. როცა ჯგუფი ავიყვანე, განვაახლე ეს ტრადიცია და ახლა მე დამყავს ჯგუფები იქ, ოღონდ არა სწავლის დასაწყისში, არამედ პირველ კურსს რომ ამთავრებენ.

თუმცა ახლა ეს ტრადიცია ინსტიტუტმაც აღადგინა ოღონდ სექტემბერში მიჰყავთ პირველკურსელები. ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ნაადრევია. ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვთ რა ხდება მათ თავს: ხალხმრავლობა, მოწვეული სტუმრები, არეულობა... არ არის იმის საშუალება, რომ მთელი ეს ”წარსულის ლანდები” შეიგრძნონ. ჯერ კარგად კოტე მარჯანიშვილიც კი არ იციან ვინ იყო, მისი მარანი ხომ, საერთოდ, ჩვეულებრივი მარანია მათთვის.

მოკლედ, იქ წასვლა გადავიფიქრეთ, რადგან ესენი ყვარელში უკვე ნამყოფები იყვნენ და ამჯერად სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმის მონახულებაზე შევთანხმდით.

სახლში წასვლამდე ერთი „ვალიც“ გადავიხადე. მეოთხე კურსის სადიპლომო სპექტაკლს დავესწარი. დიმა ხვთისიაშვილის ჯგუფმა პრისტლის ”ვერცხლის ქორწილი” დადგა. ჩემი შვილიც არის ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პიესა კი ჩემი თარგმნილია, ამდენად მაინტერესებდა და მოვალეც ვიყავი, როგორც დრამის ფაკულტეტის საბჭოს წევრს, რომ მენახა.

14 ივნისი, სამშაბათი
ოჯახური დღე გამოვიდა. დღის პირველ ნახევარში ვკითხულობდი, გარეთ არ გავსულვარ. ქართულ დრამატურგიას გადავხედე. სამწუხაროდ, პიესებს ვერ ვპოულობ. თითქოს ბევრი წერს, მაგრამ ხელმოსაკიდს, დრამატურგიულად საინტერესოს ვერაფერს ვხედავ. ყველა წერს, ყველა დგამს, - ეს თავისთავად კარგია, იქნებ საინტერესო რამეც გამოჩნდეს, - მაგრამ ამასობაში პროფესიონალიზმის დონე იკლებს და მთელი ეს სფერო დილეტანტიზმმა მოიცვა.

ვცდილობ, ჩემი სტუდენტები პროფესიონალებად გაიზარდონ, მაქსიმალურად მაღალი სტანდარტები მოსთხოვონ თავის თავსაც და სხვასაც. თუმცა მერე, რომ გავლენ ხომე იმ ”მინდორზე”, სადაც ეს დილეტანტიზმი ყვავის, ძალიან უჭირთ. სულ სხვა რაღაცას ვეუბნები და სულ სხვა რაღაცებს ეჯახებიან.

მოგვიანებით ჩემი შვილიშვილის, 4 წლის თეკლას, ბაღიდან გამოსაყვანად მივდივარ. ამას იშვიათად ვახერხებ. დამინახა და ჩემკენ გამოიქცა. აი, ეს მომენტი, აი, ეს წამები არის ის, რაც აბათილებს ყველანაირ სევდას და იმ შეძრწუნებასაც, რაც მთელი ეს დრო არ მშორდება. დაღამებამდე ერთად ვიყავით. რაღაცებს მოვყევით, ვითამაშეთ. ძალიან უყვარს ”თოვლის დედოფლობანა”. ფინალური სცენა განსაკუთრებით კარგად გამოგვდის. აი, ასეთი „დოპინგითა“ და ბევრი „ჟანგბადით“ დავამთავრე დღე.

15 ივნისი, ოთხშაბათი
10 საათზე მთელი ჯგუფი რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბეთ. ჩავსხედით დაქირავებულ მიკროავტობუსში და ანაგაში, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმში წავედით.

სამწუხაროდ, იქაურობა სავალალო მდგომარეობაშია - დანგრევის პირასაა და დიდად არც მნახველები არიან. ორსართულიანი, ძალიან პატარა სახლია. ექსპონატები არსებობს, ძირითადად სურათების სახით, მაკეტებიცაა. არის სანდრო ახმეტელის მეუღლის, თამარ წულუკიძის მიერ მუზეუმისთვის გადაცემული საწერი მაგიდა.

თამარ წულუკუძეს პირადადაც ვიცნობდი. მინსკში სპექტაკლი რომ დავდგი მაშინ გავიცანი. სპექტაკლსაც დაესწრო. ქალბატონი თამარი თავის დროზე რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო, სანდრო ახმეტელის მეორე მეუღლე. მერე გადაასახლეს... გადასახლების შემდეგ მინსკში ცხოვრობდა და იქ ბელორუს მწერალს გაჰყვა ცოლად. გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი თბილისში ჩამოვიტანეთ და აქ დავკრძალეთ.

ამ რაღაცნაირად „დაობლებულმა“ სახლმა უფრო ემოციურად დაგვმუხტა. „აი, არავინ არ მიდის და ჩვენ მივედით“, - ჩნდება ხოლმე ასეთი გრძნობა. არც ვიცი, ზუსტად რა დავარქვა - ამბიცია, ეგოიზმი, თუ შინაგანი უპირატესობის შეგრძნება. „აი, შენ იმაზე უფრო კარგი საქმე გააკეთე, ვიდრე იქ ყოფნაა, სადაც ისედაც ბევრი ხალხია“. ამით დიდ რეჟისორსაც პატივი ვეცით და სიმბოლური „ნათლობაც“ ჩავატარეთ. სტუდენტებს გრიმი წავაცხე და ვუსურვე, რომ ამ დიდ გზაზე მშვიდობით იარონ.

იქიდან სიღნაღში წავედით. დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ. ულამაზესი ქალაქია. „ახალი“ სიღნაღიც ვნახეთ - სიყვარულის ქალაქი. მომეჩვენა, რომ თეატრალურ დეკორაციას ჰგავდა. ორგანულობა და ბუნებრიობა მასში ვერ დავინახე. შეიძლება ვცდები...

16 ივნისი, ხუთშაბათი
მთელი დღე „ქართული აკადემიის” ოფისში ვიყავი. ხუთშაბათობით სხდომა გვაქვს ხოლმე. სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ და განცხადებაც გავაკეთეთ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

ეს 20 მეტრი, 10 მეტრი... ისე უნდათ მოირგონ თავის თავზე ყველაფერი, რომ დისკომფორტიც აღარ შეექმნათ - არც აქციებით, არც არაფრით - და თან გამართლებას ეძებენ. ცდილობენ, ეს ცვლილება დემოკრატიულ ნაბიჯად გაასაღონ. ჩასაფრებული კი არა ვარ, მაგრამ ქუჩიდან სასამართლოს შენობამდე სულ სამი მეტრია და იქ აუცილებლად გეტყვიან, 20 მეტრის იქით დადექიო. 20 მეტრში კი ქუჩა იკეტება და თან მეორე შენობაა. გაუგებარია სად უნდა დადგეს ხალხი, თუ პროტესტის გამოხატვა უნდა. სამაგიეროდ, ამბობენ, პარლამენტთან ან სხვა შენობებთან დადექითო. ამავე დროს, ამ შენობების ადმინსიტრაციებმა უნდა გადაწყვიტონ, სად უნდა დადგე და წინასწარ გასაგებია, ისინი რასაც გადაწყვეტენ.

ამას გარდა ვისაუბრეთ ”რვიანში” შექმნილ ერთგვარ გაურკვევლობაზე. ”მემარჯვენეების” განცხადებაზე, რომ ისინი ქუჩის აქციებში არ მიიღებენ მონაწილეობას. კი ბატონო, არ მიიღებენ, მაგრამ რად უნდა ამას ასეთი გამოკვეთილი განცხადება. ახლა არც არავინ ლაპარაკობს ქუჩის აქციებზე, მაგრამ მგონია, რომ საბრძოლო არსენალიდან ქუჩის აქციების საერთოდ ამოღება არასწორია.

ხალხში არის მოთხოვნილება, რომ ”რვიანში” შემავალი პარტიები ერთიან პოზიციაზე იდგნენ. ხალხისთვის ის ერთ სუბიექტად იქცა, ეს ასე არ არის, და აქ არის სწორედ „ძაღლის თავი დამარხული“. გარედან არის პრეტენზიები როგორც ერთი ორგანიზაციის მიმართ, შიგნით კი რამდენიმე ორგანიზაციაა, რომლებიც მხოლოდ ერთი თემის ირგვლივ გაერთიანდნენ. ბუნებრივია, რომ ყველა თავისას ამბობს... მაგრამ, ალბათ, შეიძლება იმაზე შეთანხმება, რომ ამ განცხადებებმა გაურკვევლობები და ქვეტექსტები არ გააჩინოს.

ვფიქრობთ, რომ ”რვიანმა” საერთაშორისო აზრის გარკვეული ფორმირება მოახდინა და ახლა ეს წყალში არ უნდა ჩაიყაროს. აქეთ მხარეს ყველა მათ დისკრედიტაციას ცდილობს და ამას თვითონ არ უნდა შეუწყონ ხელი. ეს ყველაფერი საზოგადოებაში უნდობლობას თესავს არჩევნების და რევოლუციის მიმართაც. როგორ შეიძლება რევოლუციის ან განკარგულებით დაწყება ან გაქრობა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით, მაშინვე გაქრება რევოლუციური გზაც. ვის სჭირდება რევოლუცია, თუ ისედაც შესაძლებელი იქნება იმის არჩევა, ვინც ხალხს ენდომება. ამის მისაღწევად მიმდინარეობს ახლა ბრძოლა, თუმცა ვფიქრობ, რომ არც ისე აქტიურად და საკმაოდ უშედეოგოდ...

თუმცა ჯერ კიდევ არის დრო და შეიძლება ამის გამოყენება საარჩევნო გარემოს შესაცვლელად. ეს გარემო ჩვენ უნდა შევქმნათ, საზოგადოებამ. 7 ნოემბრისთვის ეს გარემო თითქმის შექმნილი იყო. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ არჩევნებს რაღაც შეეცვალა, მაგრამ ასე არ მოხდა, ის ხმები ვერ დავიცავით. მერე ათასი ჭორი და სიბინძურე, ტყუილ-მართალი გავრცელდა, მორიგება, გარიგება... ამ ყველაფერმა ხალხში ნელ-ნელა დასწია ტემპერატურა, ენერგია, რომელზეც ახლა აღარავინ ზრუნავს. როგორც კი პატარა რაღაცას დაინახავენ, მაშინვე უნდათ აიღონ, ჯიბეში ჩაიდონ ხალხის ეს ენერგია და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ. ეს შედეგს არ იძლევა, „ბორბალს“ არ ატრიალებს...

ბევრ ასეთ საკითხზე ვიმსჯელეთ. მალე მეორე წიგნს გამოვცემთ, სადაც ჩვენი განცხადებები და ნააზრევი იქნება თავმოყრილი.

17 ივნისი, პარასკევი
დღეს რამდენიმე საათით „ქართული აკადემიის” ოფისი ქალებს დავუთმეთ. ამას წინათ, სწორედ მათ გამართეს პარლამენტის წინ აქცია. კარგია, რომ ისინი აქტიური საზოგადოების ნაწილი არიან.

მე არ გავსულვარ აქციაზე, ქალების მიტინგი იყო და მე რატომ უნდა გავსულიყავი? ქალები დღეს უფრო აქტიურად არიან საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ჩართულნი. თუნდაც საია ავიღოთ, იქ ძალიან ჭკვიანი გოგონები მუშაობენ. ვფიქრობ, ამ ბოლო დროს ქალები ოპოზიციურ ფლანგზე უფრო გააქტიურდნენ.

საღამოს დედაჩემის სანახავად მივდივარ. რაღაც პროდუქტები მიმაქვს. ბოლო დროს ცოტა სიარული უჭირს და წნევის ეშინია. სახლში დაბრუნებული ჩემს წიგნზე მუშაობას ვცდილობ. ორ წელზე მეტია, რაც დავიწყე, აგვისტოს ომამდე ნახევარი თითქმის დაწერილი მქონდა, მაგრამ მერე აღარ გამიგრძელებია. პირველი-მეორე კურსის დამხმარე სახელმძღვანელოა მსახიობის ოსტატობაში. სულ ვფიქრობ, რომ მივუბრუნდე და დავასრულო.

18 ივნისი, შაბათი
ერთი კვირაა, რაც ლექციები შეწყდა და შედარებით მსუბუქი გრაფიკი მაქვს. მანამდე 10-11 საათზე ვამთავრებდი ლექციებს, უფრო სწორად, რეპეტიციებს - ეს პრაქტიკული სამუშაოა, აზროვნება, ტემპი, იდეების გაცვლა-გამოცვლა და, ბუნებრივია, დაძაბულობაც.

ახლა ვცდილობ, უფრო საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადავერთო. მოვითხოვთ 26 მაისის მოვლენების გამოძიებას. ორი განცხადება გავაკეთეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ახლა არასამთავრობოებთან ერთად ვცდილობთ, რაღაც შედეგს მივაღწიოთ. ანალიზი უნდა გაკეთდეს. უნდა მოხდეს დამნაშავეების დასჯა. ამის იმედი ნაკლებად არის, მაგრამ რადგან უცხოური ორგანიზაციებიც ამას ითხოვენ, იქნებ რამდენიმე ადამიანი მაგალითისთვის მაინც დაისაჯოს.

თუნდაც სოსო ჯაჭვლიანი ავიღოთ: ასე გამორჩეულად რაში ედება ბრალი არავინ იცის. უნდა გაირკვეს, რა არის მისი 30 დღით დაკავების მიზეზი. 20 დღეზე მეტია შიმშილობს, ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი...

საერთოდ კი, ვინც მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე იყო თავისუფალია, ყველა გარეთაა. ძირითადად ისინი დაიჭირეს, რომლებსაც არავინ იცნობს. ესეც ხალხის დასჯის ერთ-ერთი მეთოდია, გაფრთხილება: „აი, ამათ არ ვიჭერ, შენ გიჭერ, რომ სხვა დროს ამათთან აღარ დადგე... შენ მოგხვდება, ამათ კი არა!..“
ძალიან ბევრი პრობლემაა, საფიქრალი და გასაკეთებელი. რომც მინდოდეს უსაქმოდ ვერ ვიქნები, შაბათსაც კი...
XS
SM
MD
LG