Accessibility links

logo-print
გაზეთი ”რეზონანსი” დღეს აქვეყნებს სტატიას 19 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მომხდარი აფეთქების შესახებ. სტატიაში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი გია გოგუაძე ინციდენტის ერთადერთი მსხვერპლი არ არის. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან 3 ჯარისკაცს კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა, ზოგიერთის სიცოცხლეს კი საფრთხე ემუქრება. ოფიციალური წყაროები მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ ავრცელებენ ცნობას, ირაკლი სესიაშვილი კი მისიაში მომსახურე ჯარისკაცების ინფორმაციას ეყრდნობა. მათ გვარებს ის არ ასახელებს, მომხდარზე კი მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ”ხელისუფლება ყველაფერს პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებს”, ამბობს ირაკლი სესიაშვილი და აზუსტებს, რომ, ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მოცულობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა.

მსახიობ გია ბურჯანაძეს შეფიცულთა ლიდერობა აღარ სურს, ანუ რა შეიცვალა 25 მაისის ღამეს გია ბურჯანაძეში. ამ საკითხებზე მსახიობთან ინტერვიუს გაზეთ ”ვერსიაში” წაიკითხავთ. ინტერვიუში მსახიობი არა მარტო პოლიტიკური ლიდერებით, არამედ მთელი ქართველი ხალხით უკმაყოფილებას გამოხატავს. ”გუბაზ სანიკიძის სიტყვები არ გახსოვთ? - თუ ხალხს შეეხებიან, გარეთ გამოვალო. ჯერ კიდევ 21 მაისს ორჯერ დაარბიეს ხალხი ბათუმში. ბათუმის მოსახლეობა ქართველი ხალხი არ არის? რატომ არ გამოვიდნენ გარეთ ”ფორუმი” და სხვები?” - კითხულობს გია ბურჯანაძე.

გაზეთ ”ყველა სიახლის” ფურცლებზე კი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აანალიზებს. დიდი წინასწარმეტყველება არ უნდოდა იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ წამოწყებულ რევოლუციურ პოლიტიკურ კურსს ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერება მოჰყვებოდა, - ამბობს ფილოსოფოსი და შეკითხვაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს 26 მაისს, ამბობს: ”26 მაისის მოვლენათა მთავარი შედეგი, ალბათ, ის არის, რომ დასავლელ ანალიტიკოსებში ძლიერდება აზრი, რომ საქართველო არ არის მზად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. რადგან არჩევნების გზით შეიძლება ისეთი ძალა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, რომელსაც რუსეთის გარდა არავინ ისურვებდა.” ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით ხელისუფლებამ, შესაძლოა, მართლაც გაიმარჯვა, მაგრამ მართვის ავტორიტარული სტილი უკონტროლოდ ძლიერდება, რითაც სიტუაციის ჩიხურობას მალე თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც იგრძნობენ.

სააკაშვილი სატელიტ ოპოზიციას ქმნის, - უთხრა გაზეთ ”ახალ თაობას” ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოში კლასიკური ავტორიტარიზმის ფორმირება დაასრულოს და ახლა სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს. კლასიკური ავტორიტარიზმისათვის დამახასიათებელია მხოლოდ სისტემური, ანუ სატელიტური, ოპოზიციის არსებობა და რეალური ოპოზიციის მარგინალიზება, - მიიჩნევს კახა კუკავა და ამის გამოხატულებად საქართველოში ბოლო დროს ხელისუფლების მიერ სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტიის მოქრთამვასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში შეყვანას ასახელებს.
XS
SM
MD
LG