Accessibility links

თბილისის საკრებულო დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფისა და მისი გამოთვლის ახალი წესის შესახებ საკომიტეტო მოსმენებს მართავს. არსი ინიციატივისა, რომლითაც საკრებულოს თბილისის მერიამ მიმართა, შემდეგია: თუ დღეს თბილისის მოსახლეობა დასუფთავების თანხას სულადობის მიხედვით იხდიდა, ერთ სულზე 2,5 ლარის ოდენობით, სავარაუდოდ, 1 ივლისიდან - იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივა დამტკიცდა - დასუფთავების მოსაკრებელი შემდეგნაირად განისაზღვრება: ყოველ დახარჯულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ოჯახი 5 თეთრს გადაიხდის, ანუ 100 კილოვატსაათზე - 5 ლარს. როგორ გამოითვალა მერიამ ეს კოეფიციენტი და იზრდება თუ არა ახალი ინიციატივით მერიის დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტი?
ამ ინიციატივაში ლოგიკას ვერ ვხედავ. არ გამიგია, რომ რომელიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობდეს...

თბილისის მერია ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც დასუფთავების ტარიფი ახალი წესით უნდა გამოითვალოს და დახარჯული ელექტროენერგიის პროპორციულად გაანგარიშდეს. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ განცხადებას ამ თემაზე მოგვიანებით გაავრცელებენ, თბილისის საკრებულოში კი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირიშვილი ჯერჯერობით ვერ განმარტავს, რა კავშირია დახარჯულ ელექტროენერგიასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობას შორის. ნიკოლოზ ხაჩირიშვილი რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორ გამოითვალა მერიამ ის კოეფიციენტი, რომლის თანახმადაც მოქალაქემ მოხმარებულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე დასუფთავების სამსახურის სასარგებლოდ 5 თეთრი უნდა გადაიხადოს, ასე პასუხობს:

”ალბათ, უფრო დეტალური ახსნა გვექნება შესაბამისი სამსახურებიდან, რატომ არის ერთ კილოვატსაათზე 5 თეთრი მიბმული და კონკრეტულ კითხვებზე უფრო კონკრეტულ ახსნა-განმარტებას მივცემთ საზოგადოებას.”

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, თბილისის მერიის ინიციატივა გაუგებარი, ალოგიკური და უპრეცედენტოა:
მერაბ ჯანიაშვილი

”ამ ინიციატივაში ლოგიკას ვერ ვხედავ. არ გამიგია, რომ რომელიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობდეს და დარწმუნებული ვარ, არც რაიმე ბიოლოგიური გათვლა იარსებებს ამისა, რომ ვინც 100 კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს, ის რაღაც დონის დაბინძურებას ახდენს, და ამის არც ეკომონიკური დასაბუთება არ არსებობს.”

როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ჯაბა სამუშია განმარტავს, დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. ამ თანხაში შედის თბილისის მოსახლეობის მიერ გადახდილი მოსაკრებელიც, რომელიც წელიწადში, სრული ამოღებისას, 30 მილიონი ლარი უნდა იყოს.
ამოვდივართ რეალობიდან, რომ ქალაქის დასუფთავებისთვის არის საჭირო 40-50 მილიონი ლარი. მაშინ მე ვსვამ კითხვას: რა რაოდენობის ნაგავი უნდა გავიტანოთ ამ თანხით?..

ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ახლა დაახლოებით 21 მილიონი ლარის ამოღება ხერხდება. აქვე გეტყვით, რომ, თელასის ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 800-850 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. ეს თანხა 5 თეთრზე რომ გავამრავლოთ, დაახლოებით 42 მილიონი ლარი გამოდის, ანუ, ისევ ჯაბა სამუშიას რომ დავეყრდნოთ, დედაქალაქის მერია დასუფთავების სამსახურის შემოსავლების თითქმის გაორმაგებას გეგმავს. თუ აქამდე 21 მილიონი ლარის ამოღება ხერხდებოდა, ახლა დასუფთავების ბიუჯეტი 42 მილიონი ლარის აკუმულირებას გეგმავს და ეს მაშინ, როცა საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ჯაბა სამუშიას განმარტებით, დასუფთავების ბიუჯეტის საკითხი ბოლომდე გამჭვირვალე არ არის.

”ამოვდივართ რეალობიდან, რომ ქალაქის დასუფთავებისთვის არის საჭირო 40-50 მილიონი ლარი. მაშინ მე ვსვამ კითხვას: რა რაოდენობის ნაგავი უნდა გავიტანოთ ამ თანხით? მე მიდევს ორი დოკუმენტი. ერთი - ეს არის თბილისის ბიუჯეტი, სადაც წერია, რომ წლის განმავლობაში 360 ათასი ტონა ნაგავი შედის ნაგავსაყრელებზე, და ასევე მიდევს კვარტალური ბიუჯეტი. ეს არის პირველი კვარტალი, ანუ იანვარი, თებერვალი, მარტი, და აქ წერია, რომ 60 ათასი ტონა შეიტანეს ნაგავსაყრელზე. ახლა ეს 60 ათასი გაამრავლეთ 4-ზე და ამას დაუმატეთ კიდევ საშემოდგომო ნარჩენებიც, რადგან შემოდგომაზე ფოთოლცვენის გამო მეტია ნარჩენი, და მიიღებთ 240 ათასზე მეტს, მაგრამ ეს არ არის 360 ათასი ტონა. დანარჩენი სად არის? და ამ ყველაფრის მოვლა-პატრონობისთვის თანხა დევს ბიუჯეტში. ეს არის მთავარი”, - აცხადებს ჯაბა სამუშია.
მეტ თანხაზე არ არის საუბარი. ლაპარაკია იმაზე, რომ რაც არის დაგეგმილი, ის შევიდეს ბიუჯეტში...

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი კი ამბობს, რომ ეს უბრალოდ ციფრებით მანიპულირებაა და მერია დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტის გაზრდას კი არ ცდილობს, არამედ თანხების სრულად ამოღებას, მათ შორის, როგორც ჩანს, იმ თანხებისას, რომლებიც, ნიკოლოზ ხაჩირიშვილის განმარტებით, მერიამ გასულ წლებში აჩუქა თბილისის მოსახლეობას:

”მეტ თანხაზე არ არის საუბარი. ლაპარაკია იმაზე, რომ რაც არის დაგეგმილი, ის შევიდეს ბიუჯეტში. თქვენ იცით, რომ არავინ საუბრობს იმაზე, რომ თბილისის მერიამ 2010 წელს 20 მილიონი ლარი აჩუქა მოსახლეობას, ანუ ის დავალიანება, რომელსაც ვერ იღებდა, შემდგომ სულადობრივ გადასახადზე გადავიდა და იქაც გარკვეული ხარვეზები გაჩნდა, იმიტომ რომ მზარდი და მოძრავი ქალაქია თბილისი და აქაც გაჩნდა დეფექტები, ანუ საუბარია იმაზე, რომ რაც არის დაგეგმილი ბიუჯეტი, ის უნდა შესრულდეს.”

თბილისელთათვის დასუფთავების გადასახადის ახალი წესით გაანგარიშება გაუგებარია, თუმცა მათი ნაწილისთვის დიდი ტვირთი არ იქნება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა ხარჯი გაეზარდოს:

”აუცილებელია, რომ საქართველოში რაღაც დაგაძალონ, თორემ ისე არავინ არაფერს აკეთებს.”
არ არის კარგი და არ არის სწორი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ რამე შევცვალოთ? არანაირი ძალა არა გვაქვს...

”გენაცვალე, თვითონ ჭრიან და თვითონ კერავენ - როგორც უნდათ, ისე აკეთებენ, მაგრამ დიდი განსხვავება, მგონი, არ იქნება.”

”არ არის კარგი და არ არის სწორი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ რამე შევცვალოთ? არანაირი ძალა არა გვაქვს.”

იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივა ამ ფორმით დამტკიცდა, ქრისტიან-დემოკრატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

ეკონომისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის დანახარჯის მიხედვით დასუფთავების გადასახადის გაანგარიშებამ, შესაძლოა, მოქალაქეები აიძულოს ეკონომიურად მოიხმარონ ელექტროენერგია, თუმცა ჩვენთან საუბარში თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ აღნიშნა, რომ ინიციატივის ძალაში შესვლამდე და დინამიკის შესწავლამდე ამ თემაზე საუბარი გაუჭირდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG