Accessibility links

logo-print

ცოტნე გამსახურდია უფლებადამცველებს დახმარებას სთხოვს


ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია

22 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო პროცესზე, ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც 22-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, მის მიმართ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან განსაკუთრებულ ზეწოლაზე გააკეთა განცხადება, რის შემდეგაც სასამართლო დარბაზი დატოვა.

მისი ადვოკატი, ქეთი ბექაური, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობას აფასებს როგორც უკიდურესად მძიმეს და დახმარებისათვის საერთაშორისო და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს.
22 დღის განმავლობაში მას არ მიუღია შხაპი, არ გაუყვანიათ სასეირნოდ, მხოლოდ წყალზეა და არის უკიდურესად სუსტად და სრულ იზოლაციაში...

ცოტნე გამსახურდიამ, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო ფეხზე დიდხანს დგომა ვერ შეძლო, სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ ორი განცხადება გააკეთა მის მიმართ განცხორციელებული ზეწოლის შესახებ. შესაბამისად, მისი, როგორც ციხის ერთი თანამშრომლის მოქრთამვაში დამნაშავის, დაკითხვა სააპელაციო სასამართლოში ვერ მოხერხდა. ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუტანელ პირობებში იმყოფება:

”მან თქვა, რომ გრძელდება სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა მე-18 საპყრობილის უფროსის, ვაჟა ცხვედიანის, ხელმძღვანელობით. მის მიმართ იყენებენ ე.წ. ფსიქოტროპულ-რეზონანსულ-აკუსტიკურ იარაღს, რომლითაც მოქმედებენ მის ფსიქიკაზე. ასევე წყალსადენ მილში დაუმონტაჟეს აპარატურა, საიდანაც პატიმართა ცემის ხმები ესმის, მათ შორის, ფრაზა -”ძირს მიშა”. ამას გარდა, 22 დღის განმავლობაში მას არ მიუღია შხაპი, არ გაუყვანიათ სასეირნოდ, მხოლოდ წყალზეა და არის უკიდურესად სუსტად და სრულ იზოლაციაში.”
ჩვენთან საუბარში ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ ირღვევა მისი რამდენიმე უფლება...

ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარმა საკუთარ მოძღვართან, მეუფე თეოდორესთან, შეხვედრა მოითხოვა, რაზეც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ უარი განაცხადა.

”ეს გახლავთ მინისტრის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მან განგებ ჩააყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაში ამ უკანონო ქმედებით ცოტნე გამსახურდია. ჩვენ ხვალ საგანგებო ბრიფინგს ვგეგმავთ და მივმართავთ ყველა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას, „წითელ ჯვარს“, ადგილობრივ უფლებადამცველებს, სახალხო დამცველს, რომელიც ისედაც მხარში უდგას ცოტნე გამსახურდიას”, - ამბობს ქეთი ბექაური.

22 ივნისის პროცესზე დაცვის მხარემ ცოტნე გამსახურდიას მიმართ არასათანადოდ მოპყრობის ფაქტებზე სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებული მოკვლევის დოკუმენტაცია წარადგინა. თავად სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა:
გიორგი ტუღუში

”ჩვენთან საუბარში ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ ირღვევა მისი რამდენიმე უფლება, მაგალითად, არ აძლევენ შხაპის მიღების, გასეირნების, ტელეფონით სარგებლობის უფლებას. ის მიუთითებდა, რომ ის პრეპარატი, რომელიც მას სჭირდება, აუკრძალეს და აღარ აძლევენ. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ საქმის მონიტორინგს და არაერთი მიმართვაც გავგზავნეთ შესაბამის უწყებებში მისი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით.”

ცოტნე გამსახურდიას კიდევ ერთი ადვოკატი, მანანა კობახიძე, რომელიც მას პირველ ინსტანციაში იცავდა, ამბობს, რომ დანაშაულის პროვოკაცია თავად სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან წამოვიდა. კონტროლიორი, რომელსაც თითქოს გამსახურდიამ ქრთამი შესთავაზა, კობახიძის თქმით, საკუთარ გვარსაც კი სხვადასხვანაირად, შეცდომით წერს ჩვენებებში, რაც თავისთავად ამ ჩვენებებსაც ეჭვქვეშ აყენებს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან ასევე ჩანს, როგორ აიძულებს ზედამხედველი პატიმარს წერილის დაწერას - იმ წერილის, რომლის თითქოსდა გადაცემისთვის შესთავაზა ქრთამი ზედამხედველს გამსახურდიამ. მანანა კობახიძის თქმით, ფულის გადაცემის ერთადერთი მიზანი დახმარება იყო და ამის მტკიცებულებები ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს კიდეც:
მანანა კობახიძე

”ის ციხიდან ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახსაც დაეხმარა. ამ ოჯახის ამბავი მან ჟურნალში ამოიკითხა და რა გასაკვირია, რომ, თუ უცხო ადამიანების გასაჭირი მიიტანა გულთან, დახმარებოდა კონტროლიორს, რომელმაც მასთან ლამის იტირა...”

შეგახსენებთ, რომ გამსახურდია პირველი ინსტანციის სასამართლომ მეორედ პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით გაასამართლა. მანამდე კი მას განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. განაცხადი კი, სახელწოდებით "ცოტნე გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოშია გაგზავნილი.

ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი 6 ივლისს განახლდება, თუმცა შეძლებს თუ არა მასში მონაწილეობის მიღებას თავად პატიმარი, მის ადვოკატს ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.
XS
SM
MD
LG