Accessibility links

logo-print
მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იმ რეგიონების რწმუნებულებს შეხვდა, რომლებიც უკანასკნელ დღეებში სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა. როგორც ამ დროისათვის ირკვევა, სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქვემო ქართლს მიაყენა. ზარალის საერთო რაოდენობა 2 მილიონ ლარს შეადგენს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად საჭირო თანხები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ქვემო ქართლს - 2 მილიონი ლარი, შიდა ქართლს - 500 000, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს კი 700 000 ლარი გამოეყოფა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. თბილისში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმ რეგიონების რწმუნებულები ჩამოვიდნენ, რომლებიც უკანასკნელ დღეებში თავსდამტყდარმა სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა.
სარეზერვო ფონდში შესაბამისი თანხები არსებობს და აღდგენითი სამუშაოები სრულად დაფინანსდება...

ძლიერი წვიმების შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა და ღვარცოფმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზები, ხიდები, საკანალიზაციო სისტემები, წყალმომარაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა დააზიანა. მოსახლეობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამ ეტაპისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას ვერ აკონკრეტებს, თუმცა, მისი თქმით, მთავრობის სარეზერვო ფონდში ყველანაირი საშუალება არსებობს საიმისოდ, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად ანაზღაურდეს. პაპუნა პეტრიაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტი მზადაა თანხების გამოსაყოფად:

”ამ დღეებში დაზუსტდება ციფრები და რა ციფრიც არ უნდა იყოს, სარეზერვო ფონდში შესაბამისი თანხები არსებობს და აღდგენითი სამუშაოები სრულად დაფინანსდება.”
ქვემო ქართლში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ორი მილიონი ლარია საჭირო. ჩვენი მოთხოვნა პრემიერმა დააკმაყოფილა...

როგორც პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, ყველაზე დიდი ოდენობის ზარალი - 2 მილიონი ლარის - სტიქიამ ქვემო ქართლს მიაყენა. სწორედ ეს ციფრი დაასახელა ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე. მისი განცხადებით, ქვემო ქართლი აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხას სრულად მიიღებს:

„გაკეთებულია პროექტები. ყველა საკითხი დაყენებულია პრემიერთან. უახლოეს დღეებში დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ქვემო ქართლში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ორი მილიონი ლარია საჭირო. ჩვენი მოთხოვნა პრემიერმა დააკმაყოფილა", - განაცხადა ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ.

გაცილებით ნაკლები ოდენობის ზარალზე საუბრობს შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ არსოშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შეხვედრისას კონკრეტულ ციფრებზე საუბარი არ ყოფილა, მისი ვარაუდით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შიდა ქართლს აღდგენითი სამუშაოებისათვის 500 ათასი ლარი გამოეყოფა:

”კონკრეტულ ციფრებზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ ცნობილია, რომ სტიქიამ ყველაზე მეტად გზები, ხიდები, საკანალიზაციო სისტემები და წყალმომარაგებისთვის საჭირო ნაგებობები დააზიანა. ზარალი ითვლება. შიდა ქართლისთვის, სავარაუდოდ, 500 ათასი იქნება გამოყოფილი ინფრასტრუქტურის აღსადგენად", - ამბობს ზურაბ არსოშვილი.
ძირითადად დაზიანებულია შიდასასოფლო გზები, ასევე სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და ხიდები...

აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია კახეთში. როგორც პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში გიორგი ღვინიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ამ ეტაპისათვის აღდგენითი სამუშაოები შიდა ძალებით მიმდინარეობს, თუმცა უახლოეს დღეებში ისინი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ნახევარ მილიონ ლარს მიიღებენ:

”ძირითადად დაზიანებულია შიდასასოფლო გზები, ასევე სასმელი წყლის სათავო ნაგებობები და ხიდები. ისეთი პრობლემა, როგორიც რომელიმე სოფლის გარე სამყაროდან მოწყვეტაა, არ გვაქვს, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურა აღსადგენია”, - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

გუბერნატორებთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. როგორც ის აცხადებს, ამ დროისათვის რეგიონებში სტიქიის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად არის აღდგენილი. რაც შეეხება ბუნებრივი აირის მიწოდებას, მისი აღდგენა მომდევნო ორ დღეში იგეგმება:
სტიქია რიკოთის უღელტეხილზე

”ელექტრომომარაგება ხაშურსა და სურამში აღდგენილია, მიმდინარეობს გაზმომარაგების აღდგენაც და, შესაბამისად, მაქსიმუმ ორ დღეში მთლიანად მთელი სურამი იქნება გაზმომარაგებით დატვირთული. სხვა რეგიონებში, სადაც ელექტრომომარაგებაში კვლავ არის შეფერხებები, ”ენერგოპროჯორჯია” აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პერმანენტულ რეჟიმში აღმოფხვრას ყველა დაზიანება”, - განმარტავს ალექსანდრე ხეთაგური.

როგორც ერთი დღით ადრე, 21 ივნისის მთავრობის სხდომაზე, რეგონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რიკოთის უღელტეხილზე გამავალი გზის რეაბილიტაციისათვის -გზისა, რომელიც 18 ივნისს მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG