Accessibility links

logo-print
დასავლური მედია სავსეა ინფორმაციებით იმაზე, თუ როგორ ასრულებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში საბრძოლო დავალებებს უპილოტო სამხედრო თვითმფრინავები. თუმცა უპილოტო თვითმფრინავები - ე.წ „დრონები“ - მხოლოდ მცირე ხილული ნაწილია იმ ტექნოლოგიური რევოლუციისა, რომელიც ომის ბუნებას ცვლის და გზადაგზა აღძრავს ეთიკური და პოლიტიკური ხასიათის შეკითხვებს. ამ საკითხებზე ცნობილი ამერიკელი სამხედრო მიმომხილველის, პიტერ სინგერის, ზოგიერთ მოსაზრებას გაგაცნობთ.

პიტერ სინგერი ავტორია წიგნისა, სახელწოდებით „გამოძახებულია ომში: რობოტული რევოლუცია და კონფლიქტები 21-ე საუკუნეში“. წიგნის ავტორი, ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის თავდაცვის საკითხთა წამყვანი ექსპერტი, ამბობს, რომ სამხედრო დანიშნულების რობოტების განვითარებამ ომის წარმოების ისტორიაში გარდატეხა მოახდინა. თუ 4 000 წლის მანძილზე ომში წასვლა ნიშნავდა საფრთხეს, რომ მებრძოლი შინ ვეღარ დაბრუნებულიყო, რობოტული ტექნოლოგიის განვითარებამ ეს საფრთხე შეამცირა:
დგები დილით, მიდიხარ სამსახურში, 12 საათის განმავლობაში დისტანციურად მართავ თვითმფრინავს, დაუშენ რაკეტებს სამიზნეებს, დახოცავ მტრის ჯარისკაცებს და შემდეგ მანქანით ბრუნდები უკან ...

„დღევანდლამდე არსებობდა მყარი წარმოდგენა ომზე. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ამ წიგნში ფიგურირებს, არის გამანადგურებლის პილოტი ნევადიდან. იგი აღწერს, თუ რას ნიშნავს ომში წასვლა ძველი წარმოდგენით და ის, როდესაც სინამდვილეში ომში არ მონაწილეობ. დგები დილით, მიდიხარ სამსახურში, 12 საათის განმავლობაში დისტანციურად მართავ თვითმფრინავს, დაუშენ რაკეტებს სამიზნეებს, დახოცავ მტრის ჯარისკაცებს და შემდეგ მანქანით ბრუნდები უკან, სახლში, სადაც „ომში ყოფნის“ 20 წუთის შემდეგ სამზარეულოს მაგიდას უზიხარ და ბავშვებს საშინაო დავალების შესახებ ესაუბრები. ეს არის ისტორიაში მომხდარი ფუნდამენტური, რევოლუციური გარდატეხა.“

პიტერ სინგერის თანახმად, საავიაციო ოპერაციებში აშშ სხვადასხვა სახის 7 000-მდე უპილოტო სისტემას იყენებს, ხმელეთზე ამერიკის ქვეითი ჯარების დასახმარებლად გამოყენებული რობოტების რაოდენობა კი ორჯერ მეტია და 12 000-ს აჭარბებს. მათ შორის აქტიურად გამოიყენება რობოტი გამნაღმველები, რობოტი მზვერავები და რაკეტების გამანადგურებელი რობოტები. მეტიც, სინგერის თქმით, ყველა გამოკვლევა, რომელიც ბოლო ხანს ჩატარდა, ცხადყოფს, რომ პროექტების უმრავლესობა, რასაც ამერიკის სამხედრო-საავიაციო კამპანიები ახორციელებენ, მორგებულია რობოტებზე და არა ადამიანებზე. ამასთან იხვეწება უპილოტო თვითმფრინავების ზომები, სისწრაფე და შეუმჩნევლობა.
სისტემას, რომელიც 50-კალიბრიან ტყვიამფრქვევს იყენებს, შეუძლია აღნიშნული ტყვიამფრქვევი გარდაქმნას 50 კალიბრიან სნაიპერულ შაშხანად...

საავიაციო ოპერაციებისას გამოიყენება არა მხოლოდ გიგანტური ზომის „გლობალ ჰოკები“, არამედ ორ-სამმეტრიანი საფრენი აპარატები, რომლებიც შეუიარაღებელ თვალს შესაძლოა პინგვინად ან კოლიბრად მოეჩვენოს. ზემოხსენებულმა პიტერ სინგერმა ლების სამხედრო-საავიაციო ბაზაზე იხილა პროტოტიპი იმ უპილოტო თვითმფრინავისა, რომელიც სიდიდით ფანქრისოდენაა და, ინოვაციის ავტორთა აზრით, გამოყენებული იქნება სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად სხვადასხვა მიმართულებაზე.

თუმცა რობოტების გამოყენება მხოლოდ ავიაციით არ შემოიფარგლება. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები აქტიურად მუშაობენ ავტომატურად მართვადი წყალქვეშა გემის შექმნაზე, რომლის ბოლოში - გემის კუდში - მოთავსებული თევზის მსგავი იმპულსური სისტემა ოკეანის ფსკერზე არსებულ ორგანულ ნივთიერებათა გრძელვადიანი გამოკვლევისათვის გამოიყენება.

ეს ჩანაფიქრი, სინგერის აზრით, ასახავს რობოტების სფეროში არსებულ უფრო ფართო ტენდენციას, მძლავრი ზემოქმედება მოახდინონ ბიოლოგიაზე:

„მახსენდება შეხვედრა ერთ-ერთ პროფესორთან, რომელიც ულვაშებიანი ვირთხების შესწავლის წამყვანი ექსპერტია. დიახ, ის რობოტების გამომგონებელ ლაბორატორიაში მუშაობს და, ბუნებრივია, იკითხავთ, ვირთხები რაღა შუაშიაო. დიახ, ვირთხებს საუკეთესოდ შეუძლიათ გზის გაგნება სიბნელეში. ვირთხებს არ სჭირდებათ ჯი-პი-არ-ესის (რადიოკავშირის) სისტემა, ისინი ამისათვის საკუთარ ულვაშებს იყენებენ. დიახ, ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება რობოტებისათვის, რომლებიც მაღაროების ჩამოშლის შემდეგ მიწის ქვეშ მომწყვდეული მაღაროელების მოსაძებნად უნდა გამოვიყენოთ.“

გარდა ამისა, სინგერის თქმით, ამერიკის სამხედრო სისტემა მუშაობს რობოტებზე, რომლებსაც მოწინააღმდეგის გასანადგურებლად მარტივად შეუძლიათ ტყვიამფრქვევის გამოყენება.
ზოგიერთისთვის ეს არის განსაცვიფრებელი სისტემაც და გამოგონებაც, რომელმაც შესაძლოა საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგი გამოიღოს...

„სისტემას, რომელიც 50-კალიბრიან ტყვიამფრქვევს იყენებს, შეუძლია აღნიშნული ტყვიამფრქვევი გარდაქმნას 50 კალიბრიან სნაიპერულ შაშხანად, რადგან, ადამიანის თითისაგან განსხვავებით, რობოტს ჩახმახი ისე სწრაფად მოჰყავს მოქმედებაში, თითქოს ერთ ტყვიას ისროდეს. თანაც მას სტაბილურობა ახასიათებს. რობოტს შეუძლია მოარტყას მიზანს, მოარტყას ვაშლს 800 მეტრის მანძილიდან, მაგრამ საფრთხე ისაა, რომ, ორი წლის ბავშვის მსგავსად, ერთამენთისაგან უჭირს ვაშლისა და პომიდვრის გარჩევა, რის გამოც ასეთი რობოტის გამოყენება მორალურ და ეთიკურ კითხვებს აღძრავს. ზოგიერთისთვის ეს არის განსაცვიფრებელი სისტემაც და გამოგონებაც, რომელმაც შესაძლოა საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგი გამოიღოს.“

სამხედრო ანალიტიკოს პიტერ სინგერს მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ ახალი ტექნოლოგია არამხოლოდ მებრძოლის ინდივიდუალური თვისებების ტრანსფორმირებას ახდენს. ანალიტიკოსის აზრით, რობოტული ტექნოლოგია გავლენას ახდენს იმ მიდგომებზე, რომელთა საფუძველზეც მთავრობები და საზოგადოებები შეიარაღებული მტრების მიმართ სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას იღებენ:
უპილოტო გამანადგურებლის ჩამოვარდნაზე რეაქცია არავის აქვს. შესაბამისად, აშკარაა ევოლუცია, როდესაც ნანახს ჩვენ კონტრტერორიზმის კინეტიკურ, მექანიკურ მხარედ აღვიქვამთ...

„მებრძოლთა დაკარგვის რისკისა და ამაზე საზოგადოების მხრიდან მოსალოდნელი რეაქციის გამო, ბრძოლის ველზე ჯარების გაგზავნა ოდესღაც რთულ გადაწყვეტილებად ითვლებოდა. მაგრამ უპილოტო გამანადგურებლის ჩამოვარდნაზე რეაქცია არავის აქვს. შესაბამისად, აშკარაა ევოლუცია, როდესაც ნანახს ჩვენ კონტრტერორიზმის კინეტიკურ, მექანიკურ მხარედ აღვიქვამთ.“

ამჟამად მთელი ძალით მიმდინარეობს დისკუსია ისეთი საკითხის ირგვლივ, როგორიცაა შეერთებული შტატებისგან დაშორებული სამიზნეების გასანადგურებლად უპილოტო, რობოტული სისტემების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების შიდა კანონმდებლობა ძირითადად გამორიცხავს ქვეყნის შიგნით წესრიგის დასამყარებლად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას, ვითარება რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ამ მხრივაც შეიცვლება, რასაც შედეგად მოჰყვება დებატების ტალღა, თუ რამდენად კანონიერია მძლავრი სადაზვერვო ტექნოლოგიების გამოყენება. პაკისტანის შემთხვევაში, უპილოტო თვითმფრინავების მიერ ჩატარებულ იერიშებსა და საბედისწერო შეცდომებს მძლავრი საპროტესტო გამოსვლები და ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება მოჰყვა.

წიგნის ავტორი, ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტის თავდაცვის საკითხთა წამყვანი ექსპერტი, ვარაუდობს, რომ დებატები მით უფრო გამწვავდება, რაც უფრო მეტად დაინერგება სამხედრო სფეროში რობოტული თუ უადამიანო საბრძოლო იარაღი, რასაც, მძლავრი სენსორული ტექნოლოგიების წყალობით, წინ ვერაფერი დაუდგება.
XS
SM
MD
LG