Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ ”ქართული პარტიის” წევრები ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 23 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც ”ქართული პარტიის” ორი წევრიცაა. ჯგუფის წევრებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ედებათ ბრალად.

შსს-ს მიერ გავრცელებული აღიარებითი ჩვენებებიდან და სატელეფონო საუბრებიდან ვიგებთ, რომ ”ქართული პარტიის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მაისის ბოლოს დაგეგმილი აქციების დროს 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად საქართველოში შემოსვლას გეგმავდა ვლადიკავკაზი-ცხინვალის გზით. ”ქართულ პარტიაში” კი აცხადებენ, რომ ყველაფერი, რაც შსს-მ საზოგადოებას უჩვენა, გამოგონილი ამბავია.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სქემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ 15 ადამიანისგან შემდგარ სქემას სათავეში ირაკლი ოქრუაშვილი უდგას. შსს-ს განცხადებით, ამ პირებს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ედებათ ბრალი. მათი ნაწილი - 8 ადამიანი - პოლიციამ უკვე დააკავა. დადასტურდა, რომ ორი მათგანი, ლევან ტერაშვილი და დავით ჯარმელიშვილი, ”ქართული პარტიის” წევრები არიან, დანარჩენები კი ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში მსახურობდნენ.

სქემა რამდენიმე ცალკეულ დაჯგუფებას წარმოგვიდგენს - ე.წ. ვლადიკავკაზის ჯგუფს, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილს ვლადიკავკაზში შეხვდა, სოფლების არცევისა და ჯარიაშენის ჯგუფებს, რომლებიც გარკვეულ მითითებებს ასრულებდნენ.
გიორგი საათაშვილი, ე.წ. ჯარიაშენის ჯგუფის წევრი, აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ 22 მაისს ის ”ქართული პარტიის” ოფისში ლევან ტერაშვილს შეხვდა და პირველი დავალება მიიღო - სატვირთო მანქანის მართვა. საათაშვილის თქმით, მალე მან სხვა დეტალებიც შეიტყო:

”მე გავიგე, რომ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე 200 სპეცრაზმელთან ერთად გადმოვიდოდა, გარკვეულ ნაწილს ამ ”ზილში” ჩასვამდა და ქართულ საგუშაგომდე მალულად მიიყვანდა. მალხაზ კაკაშვილის თქმით, თვითონ და თამაზ ბეგიაშვილი სოფელ ზემო არცევში გადავიდნენ, იქ დახვდათ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ხვიჩა საბაშვილი, რის მერეც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ორ რუს ოფიცერთან ერთად, რომლებიც სარგებლობდნენ ”ფე-ეს-ბეს” მოწმობით, ავტომანქანა ”ვილისით” გადავიდნენ ვლადიკავკაზში, სადაც შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს.”
ირაკლი ოქრუაშვილს და 200 რუს რპეცრაზმელს უნდა დახვედროდა აქ 20 ქართველისგან შემდგარი შეიარაღებული ჯგუფი...

გიორგი საათაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ე.წ. ვლადიკავკაზის შეხვედრაზე მისულებს ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებული ქართული პოლიციის საგუშაგოების კოორდინატების გაგება დაავალა. დავალება შესრულდა. თუმცა, როგორც გიორგი საათაშვილი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე, მალხაზ კაკაშვილზე დაყრდნობით აცხადებს, ეს დიდი გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო:

”ირაკლი ოქრუაშვილს და 200 რუს რპეცრაზმელს უნდა დახვედროდა აქ 20 ქართველისგან შემდგარი შეიარაღებული ჯგუფი, რომლებსაც ერთად უნდა განეიარაღებინათ ქართული პოლიციის საგუშაგოები და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაზე თავდასხმა მოეწყოთ.”

აღიარებით ჩვენებებს ერთვის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილისა და მალხაზ კაკაშვილის დიალოგსაც, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილი ინტერესდება, ”ხომ ყველაფერი წესრიგშია” და ”დალაგდნენ ” თუ არა, რაზეც დადებით პასუხს იღებს.

ჩანაწერების გარდა, შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალაც, რომელშიც ჩანს აღმოჩენილი იარაღი, რის მეშვეობითაც, შსს-ს ვერსიით, ოქრუაშვილი გეგმის განხორციელებას აპირებდა.

შსს-ს მიერ წარმოდგენილ სქემაში ირაკლი ოქრუაშვილის გარდა ფიგურირებენ მისი პირადი დაცვის წევრი გიორგი გაბროშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი თამაზ ბეგიაშვილი, ასევე შიდა ქართლის სატყეოს ყოფილი უფროსი მალხაზ კაკაშვილი. ბეგიაშვილი და კაკაშვილი მიმალულები არიან. ასევე მიმალულები არიან მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი გაბრიელ პავლიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი იოსებ გიგუაშვილი, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ხვიჩა საბაშვილი.
ის, რაც შსს-მ აჩვენა, ”ქართული პარტიის” შეფასებით, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. ეს არის აბსურდი, მე ვნახე ”კინოსტუდია შსს-ს” გემოვნების ბოლომდე დაცემა...

დაკავებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ბონდო კაკაშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი წევრი ზაზა ბეთლემიძე, მიხეილ ქარელის დაცვის ყოფილი უფროსი ხვიჩა მაჭარაშვილი, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ჯარმელიშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი შალვა საბაშვილი, თავდაცვის მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, "ქართული პარტიის" რეგიონალური კოორდინატორი ლევან ტერაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი კახა ტერაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი.

”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, ეროსი კიწმარიშვილი, ამ ამბავს დადგმულს უწოდებს და შსს-ს ირაკლი ოქრუაშვილთან სატელეფონო საუბრის ნამდვილობის დამტკიცებას სთხოვს.
ეროსი კიწმარიშვილი

”ის, რაც შსს-მ აჩვენა, ”ქართული პარტიის” შეფასებით, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. ეს არის აბსურდი, მე ვნახე ”კინოსტუდია შსს-ს ” გემოვნების ბოლომდე დაცემა. რენი ჰარლენი მასთან შედარებით ფელინია და ანტონიონი... და, შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს ირონიას, სხვას არაფერს, თუ არ გავამახვილებთ ერთ მომენტზე ყურადღებას - ეს არის ადამიანური ტრაგედიები - ადამიანების, რომელთა ოჯახებიდან გაყვანა და დატერორება ხდება”, - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი. აქვე შევნიშნავთ, რომ სამართალდამცავებს ”ქართული პარტიის” არც ერთი ლიდერი დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

დღის განმავლობაში ეს ფაქტი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმაც შეაფასეს. მაგალითად, უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, ისედაც ცნობილი იყო, რომ იგი მოქმედებდა არა ღირსებისა და ქვეყნის ინტერესების კარნახით, არამედ რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით.
რაც შეეხება დაკავებულებს, საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს გამართულ პროცესზე არც ერთმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო. სასამართლომ ყველა მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG