Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: „ჩვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის“


ბარაკ ობამა ინტურვიუს აძლევს "ამერიკის ხმას"

ბარაკ ობამა ინტურვიუს აძლევს "ამერიკის ხმას"

მომდევნო 18 თვის განმავლობაში ავღანეთს დატოვებს აშშ-ის სამხედრო ძალების ერთი მესამედი. პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანახმად, ვაშინგტონმა და ნატოელმა მოკავშირეებმა მნიშვნელოვანწილად შეასრულეს მათს წინაშე მდგარი ამოცანა, რაც „ალ-ყაიდის“ განადგურებასა და თალიბების ძალების შესუსტებაში მდგომარეობდა. ამ განცხადების გაკეტების დღესვე, ოთხშაბათს, ბარაკ ობამას თეთრ სახლში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ანდრე დე ნესნერმა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.

კითხვა: თქვენ სულ ახალახან გამოაცხადეთ გადაწყვეტილება ავღანეთში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შემცირების შესახებ. როგორ შეხვდება ამ გადაწყვეტილებას ავღანელი ხალხი?

ბარაკ ობამა: ვფიქრობ, ეს ნიშნავს წელიწადნახევრის წინ ჩვენს მიერ ავღანეთში დამატებითი ჯარების ჯარის გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების წარმატებას და იმას, თუ რამდენად სერიოზულად მოვეკიდეთ გარდამავალ პროცესს. 2009 წელს მე გამოვაცხადე, რომ გავგზავნდით 30-ათასკაციან დამატებით ძალას, რადგან მაშინ გვქონდა განსაკუთრებული ამოცანა: ვაპირებდით, ხელიდან გამოგვეგლიჯა ინიციატივა თალიბანისათვის, რომელიც ქვეყნის სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებდა კონტროლს და ვაპირებდით გამოგვეყენებინა ეს დრო იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენს მიერ გაწვრთნილი ჯარით ავღანელები შეძლებდნენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ: დამატებით გაწვრთნილია ავღანეთის 100-ათასკაციანი სამხედრო ძალები; ტერიტორიები, როგორიცაა ყანდაარი და ჰელმანდი, გაწმენდილია თალიბანის რაზმებისგან იმგვარად, რომ იქ მყოფ მოსახლეობას შეეძლოს, სულ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. შესაბამისად, ახლა ვაპირებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ჩვენი სამხედრო მისია შევამციროთ 10 ათასით, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულისთვის კიდევ 23 ათასი ჯარისკაცით, რითაც ჩვენს სამხედრო ძალას იმ დონემდე დავიყვანთ, რომელიც ავღანეთში ორი წლის წინ, ქვედანაყოფების გაზრდამდე იყო. და ამასთან, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარების პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყანაზე კონტროლის გადაცემის პროცესს, რომლის დასრულებაც 2014 წლისთვის არის ჩაფიქრებული. ცხადია, 2014 წლამდე შევინარჩუნებთ მტკიცე თანაშრომლობას ავღანელ ხალხთან და ავღანეთის მთავრობასთან. ავღანეთში სამხედრო მისია შემცირდება, მაგრამ რომ ეკონომიკისა და განვითარების სფეროებში ავღანეთთან ისევე ვითანაშრომლებთ, როგორც ახლა ვთანამშრომლობთ.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, რა ზეგავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ნატოელ მოკავშირეებზე? მაგალითად, რა გარანტია გაქვთ, რომ, თავის მხრივ, ნატოს წევრებიც არ იჩქარებენ ავღანეთიდან გასვლას და ჩვენზე უფრო მალე არ დატოვებენ ქვეყანას?

ბარაკ ობამა: გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გავმართეთ ნატოელ მოკავშირეებთან. მოგვიანებით მე პირადად განვიხილე აღნიშნული საკითხი ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან და რამდენიმე ძირითად კონტრიბუტორ სახელმწიფოსთან. და ყველა მათგანი აფასებს იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ, როდესაც ჯარების ნაკადი გავზარდეთ. ახლა ვაპირებთ, ეს ნაკადი უკან დავაბრუნოთ, თუმცა ავღანეთში მომავალი წლის ბოლომდეც კი დარჩება ჩვენი ძალების თავდაპირველი რაოდენობა - 68 ათასი ჯარისკაცი, რითაც შევძლებთ იმგვარად წარვმართოთ გადაცემის პროცესი, რომ დავრწმუნდეთ: ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს სათანადოდ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კითხვა: ჩვენ ვისაუბრეთ ევროპელ მოკავშირეებსა და ნატოზე. როგორც იცით, ევროპაში ამ ომის გამო აპათიისა და დაღლილობის განცდა არსებობს. თქვენ თუ გრძნობთ ომით გამოწვეულ ამგვარ აპათიას აქ და როგორ აპირებთ, იმოქმედოთ ასეთი დამოკიდებულების პასუხად?

ბარაკ ობამა: უეჭველია, რომ ავღანეთში მიმდინარე თითქმის ათწლიანი ომის შემდეგ, ხალხს აპათია ეუფლება გაღებული მსხვერპლისა და დახარჯული ფულის გამო. კარგი ის არის, რომ ავღანეთში ჯარების გაზრდის, თალიბანისთვის ინიციატივის ხელიდან გამოგლეჯის, უსაფთხოების თვალსაზრისით მიღწეული წარმატებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაძლიერების გათვალისწინებით, ცვლილებას ძლიერის პოზიციიდან ვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ ყველას, ამერიკელ ხალხსაც და მოკავშირეებსაც, სურს, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საქმე, რომ ავღანელებს გადავცეთ უსაფრთხო ქვეყანა, რომლის მართვასაც ისინი თავად შეძლებენ. ამის გაკეთება გვსურს თანაშრომლობის გზით, ავღანეთის კანონმდებლობის, ავღანეთის უსაფრთხოების პატივისცემითა და იმის გარანტიით, რომ უკვალოდ არ ჩაივლის ის საქმე, რისთვისაც ასეთი დიდი საფასური გავიღეთ.

კითხვა: ცხადია, როცა ავღანეთზე საუბრობ, არ შეიძლება, პაკისტანი არ ახსენო. ახლა, როცა თქვენ ავღანეთიდან სამხედრო ძალის გაყვანას იწყებთ, მთელი გულისყური პაკისტანზე ხომ არ გადადის?

ბარაკ ობამა: ჩემი აზრით, პაკისტანზე ყურადღება ორი წლის წინ გადავიდა. ავღანეთი და პაკისტანი უნდა განიხილოთ, როგორც მსგავსი პრობლემის შემადგენელი ნაწილები. ამ სასაზღვრო რეგიონიდან, სადაც ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს, სადაც ალ ყაიდისთვის სამოქმედოდ ყოველგვარი პირობები იყო შექმნილი, ხორციელდება თავდასხმები ავღანეთის, პაკისტანისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, ჩვენ ვესწრაფოდით პაკისტანთან მტკიცე თანამშრომლობას. ცხადია, არსებობს დაძაბულობაც, მაგრამ მთლიანობაში, პაკისტანი თანამშრომლობს ჩვენთან იმ სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვების კუთხით, რომელიც გამოიყენება პაკისტანში არსებული მაღალი დონის სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი აზრით, ტერორისტების თავდასხმისაგან არც ერთი ქვეყანა ისე არ დაზარალებულა, როგორც პაკისტანი. ვფიქრობთ, პაკისტანს აქვს ლეგიტიმური უფლება, მონაწილეობა მიიღოს შერიგების პროცესში. ვიცი, რომ პაკისტანში მოგზაურობის დროს პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მიაღწია შეთანხმებას, რომ ავღანეთმა და და პაკისტანმა, აშშ-ის მხარდამხარ, შექმნან ბირთვი, რომელსაც შეეძლება იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს შერიგების პროცესი. პაკისტანს არა მხოლოდ ვალდებულება აკისრია, არამედ, როგორც მე მიმაჩნია, იგი ღრმად არის დაინტერესებული, გაანადგუროს მის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მოქმედი ტერორისტული ელემენტები.
XS
SM
MD
LG