Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჩინგის ხანი პიცერიაში”


თამარ მელიქიშვილის გამოფენა
თამარ მელიქიშვილის გამოფენა
გასულ კვირას თბილისში, შარდენის ქუჩაზე, გალერეა ”აკადემიაში”დაიხურა მხატვარ თამარ მელიქიშვილის პერსონალური გამოფენა, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა ამავე მხატვრის ნამუშევრების ექსპოზიციისა ”ჩინგის ხანი პიცერიაში“. ეს გამოფენა ერთი თვის წინ იყო გახსნილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

კონცეპტუალური გამოფენა არახალია თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ თამარ მელიქიშვილის ორი ექსპოზიცია, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გამოირჩევა როგორც, მართლაც რომ, ორიგინალური კონცეფცია... შეიძლება, დავუშვათ, დასავლეთის რომელიმე ქალაქში ასეთი გამოფენების მოწყობა არ ჩაეთვალათ განსაკუთრებულ მოვლენად, ანდა გამოფენის კონცეფციაზე კი არ გაემახვილებინათ ყურადღება, არამედ თავად ფერწერაზე (თამარ მელიქიშვილის სურათები კი, ეს თითქოს განზრახ ”გახუნებული” ფერწერა, მართლაც ითხოვს ყურადღებას), მაგრამ საქართველოში, სადაც დისკუსიები ხელოვნებაზე, ხელოვნის როლზე, ფაქტობრივად, არ ტარდება, ექსპოზიცია ”ჩინგის ხანი პიცერიაში”, პირველ რიგში, კონცეპტუალური თვალსაზრისით უნდა იპყრობდეს ყურადღებას.
ჩინგის ხანი უკვე შეგიძლია 21-ე საუკუნეში პიცერიაში დახატო - სრული თავისუფლება გაქვს. რაც გინდა გააკეთე, მოიტყუე, ოღონდ იყავი გულწრფელი...

თამარს თავდაპირველად ”ჩინგის ხანზე” ვკითხეთ. გამოფენა ასეთი სახელწოდებით ერთი თვის წინ გაიხსნა სამხატვრო აკადემიაში. აკადემიასთან გამოაკრეს აფიშა: მყუდრო პიცერია, სადაც ყავას სვამენ, და ჭერზე დაკიდებული ფერწერული ტილო - 3 ფიგურა პოზაში, რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფიას გაგახსენებთ... ჩინგის ხანს აქ ვერ დაინახავთ.

”ეს ნახატი აღარ არსებობს. გადავღებე, მაგრამ მივაგენი ციფრულ ვერსიას, რომელიც ეკრანზე გადიოდა... ჩინგის ხანი უკვე შეგიძლია 21-ე საუკუნეში პიცერიაში დახატო - სრული თავისუფლება გაქვს. რაც გინდა გააკეთე, მოიტყუე, ოღონდ იყავი გულწრფელი”, - გვითხრა მხატვარმა.

”თუ გინდა მოიტყუო, ოღონდ უნდა იყო გულწრფელი” - ერთი შეხედვით, წინააღმდეგობაა, მაგრამ თამარ მელექიშვილისთვის, როგორც მხატვრისთვის - არა. ჩვენთან საუბარში მხატვარი შემოქმედების დეფიციტზე საუბრობს ქართულ საზოგადოებაში - ერთგვარ ”კონსტრუქციულ ტყუილზე”... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ”ტყუილზე - სიმართლის დასამკვიდრებლად”. თამარ მელიქიშვილის თქმით, კარგი იქნება მხატვრებმა გაიაზრონ ეს პრინციპი... და არამარტო მხატვრებმა.
აი, ესაა სურათი ”დაღლილი ღმერთი ბაღდადის გარეუბანში”. პერსონაჟს ეცვა სანდლები, რომელიც აქ დაბრუნდა, სულ სხვა სურათში, სახელწოდებით ”უძღები შვილის დაბრუნება...

მერე ახალ გამოფენაზე ვკითხეთ. თამარმა აგვიხსნა, რომ ეს ექსპოზიცია გალერეა ”ეკადემიაში” იმ წინა გამოფენის ”კუდია”, ანუ ნარჩენებია, რომლებიც გასაყიდად გამოიტანა - სურათები, ძალზე უცნაური სათაურებით.

”აი, ესაა სურათი ”დაღლილი ღმერთი ბაღდადის გარეუბანში”. პერსონაჟს ეცვა სანდლები, რომელიც აქ დაბრუნდა, სულ სხვა სურათში, სახელწოდებით ”უძღები შვილის დაბრუნება”, - აგვიხსნა მხატვარმა.

ნივთმა გაარღვია სივრცე. გადავიდა ერთი გალერეიდან მეორეში - თანაც დროის გარკვეულ მონაკვეთში - ისე, რომ შეიქმნა ილუზია, თითქოს ეს ნივთი სრულიად ახალი იყოს. ეს ილუზიონიზმიც ტყუილია და შემოქმედების არსს გამოხატავს - ასე რაღაც სევდიანი განწყობა იქმნება - ვცხოვრობთ ტყუილში, მაგრამ ტყუილიც სასიამოვნოა ზოგჯერ, ტყუილიც ქმნის ესთეტიკურ შთაბეჭდილებას.

მე თუ მკითხავ, ეს ყველაფერი კინო უფროა, ვიდრე ფერწერა. ერთგვარი ”ატრაქციონების მონტაჟია” - სამყარო სავსეა უამრავი კომბინაციით და რეკომბინაციით. ამიტომ სანამ სამყაროს ბუნებაზე დავიწყებდეთ ლაპარაკს, გავიხსენოთ, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი კომბინაციის მიხედვით ვმსჯელობთ... არადა, სხვა კომბინაციებიც არსებობს... ასე გამოვა, რომ უნივერსალური ჭეშმარიტება არ არსებობს?..
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG