Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ”ოქრუაშვილის გეგმის” გამო ბრალდებულ ოთხ პირს


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კიდევ ოთხ პირს, რომლებიც ”ოქრუაშვილის გეგმად” წოდებული საქმის გამო ბრალდებულნი არიან უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში. ხუთშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ამავე ჯგუფის წევრად მიჩნეულ კიდევ 4 პირს, მათ შორის ქართული პარტიის აქტივისტებს. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდების დამტკიცება რთული იყო, თუმცა, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მართლმსაჯულება ფარსია. კიწმარიშვილმა კვლავ განაცხადა, რომ შსს-ს მიერ ხუთშაბათს გავრცელებული მასალები აბსურდია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ გამოაქვეყნა 4 დაკავებულის ჩვენება, რომლის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვლი 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად აპირებდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვლას, ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი ქართველი პოლიციელების განიარაღებას და შემდეგ გორში თავდასხმებს სპეცდანიშნულების რაზმსა და სამხარეო პოლიციაზე. შსს-ს ცნობით, ოქრუაშვილის გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდა 15 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია.
XS
SM
MD
LG