Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა კონფლიქტის მოგვარებისაკენ მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, მიაღწიონ პროგრესს მოლაპარაკებაზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ეხება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ილჰამ ალიევსა და სერჟ სარქსიანს, რომლებიც დღეს ყაზანში მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობენ. სამიტს მასპინძლობს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ მოუწოდა ილჰამ ალიევსა და სერჟ სარქსიანს, ხელი მოაწერონ „საბაზისო პრინციპების“ შემცველ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ადრე მიღებული რეზოლუციების შესრულებას. გასულ თვეში აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივად მოუწოდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს, „დაუყოვნებლად გადადგან“ გადამწყვეტი ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მიმართულებით. მთიან ყარაბაღის მკვიდრმა ეთნიკურმა სომხებმა, რომლებსაც მხარს უჭერდა სომხეთი, აზერბაიჯანის კუთვნილ რეგიონზე კონტროლი დაამყარეს 90-იანი წლების დასაწყისის ომის შედეგად. შეიარაღებული კონფლიქტი 1994 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.
XS
SM
MD
LG