Accessibility links

logo-print

მკაფიო სიგნალი საბერძნეთს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეიორგიოს პაპანდრეუ ბრიუსელში

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეიორგიოს პაპანდრეუ ბრიუსელში

ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს საბერძნეთს: ამ ქვეყნის პარლამენტმა, მომავალი კვირისთვის დაგეგმილ კენჭისყრაზე, მხარი უნდა დაუჭიროს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ათენს არ მიაწვდიან 12 მილიარდ ევროს - ფულს, რომელიც საბერძნეთს სჭირდება ივლისში ვალის გასასტუმრებლად. ამ და სხვა საკითხებს დაეთმო ევროკავშირის სამიტი, რომელიც პარასკევს დასრულდა ბრიუსელში.

ევროკავშირის ლიდერებმა გააძლიერეს ზეწოლა საბერძნეთის მთავრობაზე, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მისაღწევად. ეს ნაბიჯი ცხადდება პირობად ათენის დასახმარებლად ფონდიდან, რომელსაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფინანსებენ და რომელიც 110 მილიარდ ევროს მოიცავს.
ბერძენი ხალხი დიდ თავდადებას, ძალასა და მონდომებას იჩენს. ეს არის ბრძოლა ბერძენი ხალხისთვის...

საბერძნეთისაგან, კერძოდ, მოითხოვენ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცისა და საგადასახადო სისტემაში ცვლილებების შედეგად 28 მილიარდი ევროს დაზოგვის და პრივატიზაციის 50-მილიარდიანი პროგრამის დამტკიცებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ განაცხადა ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საბერძნეთს აქვს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, რაც „პოზიტიური ნიშანია“ არა მარტო საბერძნეთის, არამედ ზოგადად ევროზონისთვისაც.

„ბერძენი ხალხი დიდ თავდადებას, ძალასა და მონდომებას იჩენს. ეს არის ბრძოლა ბერძენი ხალხისთვის. ეს არის ბრძოლა საბერძნეთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამავე დროს ბრძოლა საერთო ევროპული ვალუტისა და საერთო ევროპისათვის. ამიტომ უკვე გზაზე ვდგავართ და გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მოველით, რომ ევროკავშირი შექმნის ეფექტიან ჩარჩოს ამ კრიზისთან გასამკლავებლად“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში.

პაპანდრეუს მთავრობამ, მართალია, სულ რამდენიმე დღის წინ გაუძლო მის მიმართ ნდობის საკითხზე პარლამენტში გამართულ კენჭისყრას, მაგრამ ევროკავშირის სამიტის მონაწილეები ბერძენ ოპოზიციონერებსაც შეხვდნენ და შეეცადნენ, ისინიც დაერწმუნებინათ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა და პრივატიზაციის მხარდაჭერის საჭიროებაში.

„რადგან ჩემთვის და ჩვენთვის სავსებით ნათელია, რომ საფინანსო ბაზრებისათვის მომდევნო სამ წელიწადში გაცილებით უფრო ძლიერი სიგნალი იქნება, თუ მივაღწევთ იმას, რომ საბერძნეთის პარლამენტი დიდი უმრავლესობით მიემხროს რეფორმებს, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვასა და სტრუქტურულ რეფორმებს“, - განმარტა ევროპარლამენტის თავმჯდომარე იერჟი ბუზეკმა.
იერჟი ბუზეკი

ევროკავშირის სამიტზე განხილული საკითხებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კიდევ ორმა, მათ შორის შენგენის ზონაში გადაადგილების წესებმა. როგორც მოსალოდნელი იყო, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დაშვებულია შენგენის ზონაში საპასპორტო შემოწმების განახლება - ოღონდ გარკვეული დროით. დეტალები ევროკომისიამ უნდა შეიმუშავოს.

დაბოლოს, სამიტზე მხარი დაუჭირეს ხორვატიის გაწევრიანებას, მაგრამ გააფრთხილეს ზაგრები, რომ უნდა გააგრძელოს ბრძოლა ფართოდ გავრცელებული კორუფციის წინააღმდეგ. სამიტის ბოლოს მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხორვატია სავარაუდოდ, შეძლებს, მიმდინარე თვეში დაასრულოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და დეკემბრისთვის ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მოსალოდნელია, რომ რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ევროკავშირს 2013 წელს დაემატება ახალი, 28-ე წევრი: ხორვატია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG