Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს ყაზანის სამიტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს


ყაზანის სამიტის მონაწილეები
ყაზანის სამიტის მონაწილეები
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ბოლო წლებში არაერთი შეხვედრა გაიმართა. 24 ივნისის სამიტისგან, რომელიც რუსეთში - ყაზანში - მიმდინარეობს და რომელშიც აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკელი და ფრანგი დიპლომატები არიან ჩართული, მოგვარებას არა, მაგრამ სამომავლო პრინციპების გარშემო შეთანხმებას მაინც მოელიან.

სამიტი ყაზანში პარასკევს მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში, დაიწყო. სამივე პრეზიდენტი მოწადინებულია, გაირკვეს მომავალი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ამ რეგიონისა, რომელიც იქ მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის მიერ დამოუკიდებლად იქნა გამოცხადებული. ითქვა, რომ არაერთი შეხვედრა შედგა დღემდე, წინსვლა კი ვერ მიიღწეოდა. თომას დე ვაალი, კარნეგის კვლევითი ცენტრის ექსპერტი, სამხრეთ კავკასიის სპეციალისტი, მეტაფორას იყენებს და მთიანი ყარაბაღის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილეებს სიზიფეს ადარებს. ბერძნული მითოლოგიის ამ გმირივით, რომელსაც მთაზე ქვა ააქვს, მაგრამ მწვერვალთან მიახლოებისთანავე უკან უგორდება, მათაც წარმატება ლამის მიღწეული ჰქონდათ ხოლმე და ყველაფერი ძველ ვითარებას უბრუნდებოდა. ახლა ყაზანში მხარეებს განზრახული აქვთ შეთანხმდნენ პრინციპებზე, რაც გარღვევა იქნება, თუკი ამას მიაღწიეს.
ილჰამ ალიევი, სერჟ სარგსიანი, დმიტრი მედვედევი

დოკუმენტი, რომელსაც ყაზანში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი განიხილავენ, 14 პუნქტს შეიცავს. სხვათა შორის, იქ არის საკუთრივ მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიის - სომხური ჯარების მიერ ოკუპირებული არეალის - ბაქოს კონტროლის ქვეშ დაბრუნების საკითხი, ასევე იძულებით ადგილნაცვალი მოქალაქეების შინ დაბრუნების, მთიანი ყარაბაღის გარდამავალი სტატუსის, უსაფრთხოების და თვითმმართველობის გარანტიების თემა, ასევე მომავალში ტერიტორიის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა. თუკი ყაზანში ამ პრინციპებზე შეთანხმება მოხდა, მომავალში უკვე მათი საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებად გარდაქმნა უნდა მოხდეს. კონფლიქტის მოგვარების გზებზე მუშაობს ეგრეთ წოდებული მინსკის ჯგუფი, რომლის წევრებმა - აშშ-მა და საფრანგეთმა, ასევე რუსეთმა - 26 მაისს „დიდი რვიანის“ სამიტზე დევილში განაცხადეს,დადგა დრო გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯებიო.
მედვედევი ესწრაფოდა ბაქოსთან მჭიდრო ურთიერთობას და ამის ეფექტიანად განხორციელებას კი ყარაბაღის საკითხისადმი სერიოზული მიდგომა სჭირდებოდა...

აშშ-ის პრეზიდენტმა უშუალოდ ყაზანის შეხვედრის წინ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, მიაღწიონ პროგრესს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში. თეთრი სახლის თანახმად, ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და მოუწოდა ხელი მოაწერონ „საბაზისო პრინციპების“ შემცველ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ადრე მიღებული რეზოლუციების შესრულებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთის ლიდერებს მიმართა და წარმატება უსურვა ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და მომავალში საფრანგეთის მხარდაჭერა აღუთქვა.

ყაზანის ამ დოკუმენტს ბევრი, სამართლიანობის თვალსაზრისით, გაწონასწორებულად მიიჩნევს. რაც შეხება ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, მათ, როგორც ლიდერების ნათქვამიდან ჩანს, სურთ მოხდეს გარღვევა. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სტრასბურგში ევროპის პარლამენტარებს უთხრა, მთავარია საერთო მნიშვნელის მოძებნაო - რადგან სომხეთიც და მთიანი ყარაბაღიც პრობლემის სწრაფი მოგვარებით არიან დაინტერესებული, საჭიროა ისეთი გზის მოძებნა, რომელიც სამართლიან და მტკიცე მშვიდობას მოიტანსო. სარგსიანის თქმით, ეს არ არის სომხეთის საოცნებო დოკუმენტი, მაგრამ ის მომავალი დიდი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმავე დღეს, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუსთან საუბრისას, განაცხადა, აგრესიის მსხვერპლი ვართ და ჩვენთან განწყობილება სხვაა, ვიდრე სომხეთშიო. როცა აზერბაიჯანელებს ესმით ბაროზუსა და სხვა მსოფლიო ლიდერებისგან, რომ სტატუს კვო უნდა შეიცვალოს, ეს გვამხნევებს, რადგან ვითარების შეცვლა ოკუპაციის დასრულებას ნიშნავსო, თქვა ალიევმა ბრიუსელში.
თომას დე ვაალი

რუსეთს რაც შეეხება, კარნეგის ცენტრის თანამშრომელი თომას დე ვაალი თვლის, რომ, სხვათა მსგავსად, მედვედევსაც აქვს მიზეზი უფრო გადაჭრით ისურვოს ამ კონფლიქტის მოგვარება:

„საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ მედვედევი და სხვები რუსეთის ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ საქართველო დაკარგეს და ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ. მედვედევი ესწრაფოდა ბაქოსთან მჭიდრო ურთიერთობას და ამის ეფექტიანად განხორციელებას კი ყარაბაღის საკითხისადმი სერიოზული მიდგომა სჭირდებოდა. მას შემდეგ, ვფიქრობ, ის საქმეში ჩაერთო. ეს, გარკვეულად, მისი პრესტიჟის ამბავიც არის. მედვედევს სურს იყოს მშვიდობის დამამყარებელი და 2012 წლის არჩევნებისთვის აჩვენოს ყველას, რომ დასავლელ პარტნიორებთან წარმატებით მუშაობს. წარუმატებლობა ყაზანში მედვედევის წარუმატებლობა იქნება.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG