Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურსათისა და ცხოველის საკვების რეგულაცია - კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო იტყობინება, რომ სურსათისა და ცხოველის საკვების მწარმოებელთა და დისტრიბუტორთათვის ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. შესაბამისი ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში". ამასთან ერთად, სააგენტო იწყებს სურსათისა და ცხოველის საკვების მწარმოებელთა რეგისტრაცია-აღრიცხვას. რა ემუქრებათ შინამეურნეობის მფლობელებს, რომლებიც სურსათის რეალიზაციას რეგისტრაციის გარეშე ახდენენ?

ორიოდე კვირის წინ სურსათის უვნებლობის ახალი კანონმდებლობის საფუძველზე ხორცის დამზადება და რეალიზაცია გართულდა. ამ რეგულაციის დაწესებამ უმალვე გამოიწვია ხორცის დეფიციტი და მისი გაძვირება. თუმცა ეს არ არის უკანასკნელი ღონისძიება, რომელიც საქართველოში სურსათის დამზადება-რეალიზაციას ართულებს და მისი გაძვირების წინაპირობებს ქმნის. საქართველოს სოფლის მეურნეობის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სურსათის ეროვნული სააგენტო, საკუთარ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ვიდეოკლიპით ბიზნესმენებს აცნობებს, რომ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

”თუ თქვენი სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, რეალიზაციასთან ან დისტრიბუციასთან, მიმდინარეობს ასეთი ბიზნესოპერატორების აღრიცხვა-რეგისტრაცია...”
ეს არის გარე ვაჭრობა, რომელიც იკრძალება და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სამართალდამცავი ორგანოების სფერო...

ვიდეოკლიპში აღნიშნულია, რომ აღრიცხვა არ გულისხმობს ბიზნესის ხელახლა რეგისტრაციას, თუმცა სურსათის მწარმოებლებისთვის აუცილებელი ხდება ამგვარი აღრიცხვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში. პირის საქმიანობა სურსათისა და ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნული ცვლილება ასევე გულისხმობს 400-ლარიან ჯარიმას, რომელიც მეწარმეს დაეკისრება, თუ არ გაითვალისწინა სააგენტოს წარმომადგენლის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობის დროს გაცემული რეკომენდაცია. იმავე რეკომენდაციის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქცია გასამმაგდება.

1000-ლარიანი ჯარიმა ან საწარმოს გაჩერება ემუქრება რეგისტრირებულ მეწარმეს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენისას. ასევე სააგენტოს უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან შემოწმების პროცესში მისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
მათ აქვთ აბსოლუტური წარმოდგენა, რომ ამ რეგულაციების გარეშე შეუძლებელია რაიმე კარგი ხდებოდეს რომელიმე ქვეყანაში...

სურსათის ეს რეგულაციები ევროკავშირში ექსპორტიორი საწარმოებისთვის ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ყველა სხვა საწარმოებისათვის - 2012 წლის 3 იანვრიდან.

ახალი რეგულაციები კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოში ფართოდ გავრცელებულ სურსათის რეალიზაციის პრაქტიკას. რადიო თავისუფლებამ ჰკითხა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს, ვერიკო გულუას, თუ რა შეიძლება დაემუქროს, მაგალითად, სოფლად, გზის პირას, საკუთარი საქონლის ხორცის გაყიდვის მსურველ გლეხს. პასუხი იყო:

”ეს არის გარე ვაჭრობა, რომელიც იკრძალება და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სამართალდამცავი ორგანოების სფერო.”

ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სურსათის წარმოების რეგულაციის გამკაცრება კიდევ უფრო გაზრდის ისედაც მაღალ ინფლაციას. ”ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის” პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის კომენტარი:

”რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო გარკვეულ რეგულაციებს აწესებს, ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი იქმნება, მიწოდება მცირდება. შესაბამისად, მიწოდების შემცირება იწვევს ფასის გაზრდას. ეს ძალიან ელემენტარული ეკონომიკური თეორიაა. სწორედ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე ხორცის ბაზარზე.”
ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ დღეს ამის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ, მოდით, ეტაპობრივად დავიწყოთ საუბარი იმაზე, რისი შემოღება შეიძლება ხვალ, ზეგ და ასე შემდეგ...

როგორც ცნობილია, სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაწესება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებათა დასაწყებად. ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი შიშობს, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება საქართველოს უფრო მეტ ზარალს მოუტანს, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებით გამოწვეული სარგებელი იქნება. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის, გია ჯანდიერის განცხადებით, საჭიროა, რომ ევროკავშირის მოთხოვნების განხორციელება იმ დროს მაინც დაიწყოს ეტაპობრივად, როდესაც საქართველოს ეკონომიკა 5-ჯერ გაიზრდება და ბულგარეთის დღევანდელ ეკონომიკას გაუტოლდება. ამ შემთხვევაში, გია ჯანდიერის გაანგარიშების თანახმად, რეგულაციების შედეგად გაძვირებული ცხოვრების კომპენსირებისთვის საჭირო 700 მილიონი ლარი გაცილებით მსუბუქ ტვირთად დააწვება საქართველოს ეკონომიკას:
გია ჯანდიერი

”ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და არა ის, რომ ჩვენ მათთან შევიდეთ ღრმა კამათში ამ კანონმდებლობის სისწორის შესახებ. მათ აქვთ აბსოლუტური წარმოდგენა, რომ ამ რეგულაციების გარეშე შეუძლებელია რაიმე კარგი ხდებოდეს რომელიმე ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ მათი გადარწმუნება ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ დღეს ამის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ, მოდით, ეტაპობრივად დავიწყოთ საუბარი იმაზე, რისი შემოღება შეიძლება ხვალ, ზეგ და ასე შემდეგ, და არა ის, რომ ყველაფერი ერთად შემოვიღოთ, გავაჩეროთ ეკონომიკა და გამოვიწვიოთ უზარმაზარი კორუფცია...”

გია ჯანდიერისა და თავისუფალი ეკონომიკის მიმდევარი სხვა ექსპერტების მსგავს პოზიციას, ეკონომიკური თეორიის გარდა, ის მწარე გამოცდილებაც განსაზღვრავს, რომელიც საქართველომ 2004 წლამდე მიიღო. მაშინ საქართველოს ეკონომიკა რეგულაციებით, ლიცენზიებითა და ნებართვებით იყო გაჯერებული, რაც ბიზნესს აიძულებდა საქმიანობა ჩრდილში გადაეტანა, ხოლო ბიუროკრატებს კორუფციისკენ უბიძგებდა.
XS
SM
MD
LG