Accessibility links

სოსო ჯაჭვლიანი სტრასბურგში ჩივილს აპირებს


საპატიმროდან გათავისუფლებული მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი აპირებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლოს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მსახიობის თქმით, „მას უკანონოდ მიუსაჯა 30-დღიანი პატიმრობა.“ ამის შესახებ სოსო ჯაჭვლიანმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, რომელსაც 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 26 მაისს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, პარასკევს გვიან ღამით გაათავისუფლეს. სოსო ჯაჭვლიანმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა მცხეთის იზოლატორში, რის შემდეგაც იგი ბადრაგის თანხლებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსახიობმა შიმშილობა არ შეწყვიტა მას შემდეგაც, რაც უთხრეს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევა მიეცემოდა: „მე სხვა გზა არ მქონდა, რომ დავპირისპირებოდი ამ საშინელებას, და ეს მე ვუთხარი საქართველოს პატრიარქს, რომელმაც დღეს მიმიღო. მე მას ბოდიში მოვუხადე, რომ არ შევასრულე მისი თხოვნა, შემეწყვიტა შიმშილობა. მე რომ შიმშილობა შემეწყვიტა, რომ გამოვიდოდი, ვერც შვილს მოვეფერებოდი, ვერც ფილმს გადავიღებდი და ვერც საზოგადოებაში ვიცხოვრებდი. მე გადადებული მქონდა თავი, რადგან არსებობს პრინციპები. მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ.“ სოსო ჯაჭვლიანის თქმით, იგი სტრასბურგში ჩავა „სახლის გაყიდვაც რომ მოუწიოს“ და შეეცდება დაამტკიცოს, რომ მართალი იყო და ტყუილად იჯდა ციხეში. ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანმა აღნიშნა, რომ ციხეში 30 დღის განმავლობაში მან საკუთარი თვალით დაინახა ის რეალობა, „რაშიც ქვეყანა ცხოვრობს“. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა, 26 მაისის აქციის სასტიკ დარბევაზე და შემდეგ, საპატიმროებში მიყვანილი უდანაშულო ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე იგი ფილმსაც გადაიღებს.
XS
SM
MD
LG