Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიური უბედურებისა და „ოქრუაშვილის გეგმის“ გამჟღავნების კვირა


სტიქიური უბედურება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა; დეპუტატების გადაწყვეტილება პარლამენტის ქუთაისში გადატანის შესახებ; „ქართული პარტიის“ აქტივისტების დაკავება - ეს გასული კვირის მთავარი მოვლენებია.

გასული კვირა სტიქიური უბუდურებით დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა განსაკუთრებით დააზარალა მთიანი რეგიონები. უმძიმესი ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელიც რამდენიმე დღით ჩაიკეტა. მეწყერმა განსაკუთრებით ხაშურსა და სურამს დაამჩნია კვალი. დაიტბორა მდინარე სურამულას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებული თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი. რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილ წყალს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.

კვირის ბოლოს სტიქიური უბედურება თავს დაატყდა ლაგოდეხის რაიონს, სადაც ძლიერმა სეტყვამ თერთმეტ სოფელში ვენახები და ნათესები გაანადგურა. ლაგოდეხელები შველასა და დახმარებას მთავრობისგან ელიან. მთავრობის კეთილგონიერების იმედი აქვთ იმ თბილისელებსაც, რომლებიც დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესის შეცვლას აპროტესტებენ. ამჟამად თბილისელები დასუფთავების თანხას სულადობის მიხედვით იხდიან - ერთ სულზე 2,5 ლარის ოდენობით, თბილისის საკრებულოს ინიციატივით კი, 1 ივლისიდან მომხმარებლები დასუფთავების მოსაკრებლის სახით ყოველ დახარჯულ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრს გადაიხდიან. თბილისის მერიის ინიციატივა გაუგებარი და ალოგიკურია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, მერაბ ჯანიაშვილისთვის:

”ამ ინიციატივაში ლოგიკას ვერ ვხედავ. არ გამიგია, რომ რომელიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობდეს და დარწმუნებული ვარ, არც რაიმე ბიოლოგიური გათვლა იარსებებს ამისა, რომ ვინც 100 კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს, ის რაღაც დონის დაბინძურებას ახდენს, და ამის არც ეკომონიკური დასაბუთება არ არსებობს.”

დასუფთავების გადასახადის გაზრდასა და შემოღების წესს აპროტესტებენ თბილისის საკრებულოში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიათა წევრები. რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ აქტი, რომლის საფუძველზეც დასუფთავების გადასახადის დაანგარიშების წესი ძალაში უნდა შევიდეს, უკანონოდაა გამოცემული და მისი სასამართლოთი გაუქმება, მართლმსაჯულების ნორმალური სისტემის პირობებში, არ იქნებოდა ძნელი.
ვისაც უნდა აზრის გამოხატვა და თავისი უფლებების განხორციელება, ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება...

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება საქართველოს პარლამენტისკენაც იყო მიპყრობილი. დეპუტატებმა პირველი მოსმენით კენჭი უყარეს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. სიახლეს აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა დაიმსახურა კანონპროექტის იმ ნაწილმა, რომელიც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს მთელი რიგი საგნების ტარებას უკრძალავს. დეპუტატების თქმით, კანონის შესაბამის მუხლს აკლია სიცხადე, რადგანაც, ჩანაწერის მიხედვით, იკრძალება ყველა იმ ნივთის ტარება, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ოპონენტების კრიტიკას უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ასე უპასუხა:

„ვისაც უნდა აზრის გამოხატვა და თავისი უფლებების განხორციელება, ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება. ხოლო ვისაც უნდა ხელკეტებითა და „მოლოტოვის კოქტეილებით“ მანიპულირება და ვისაც ეოცნებება, რომ ამ მანიფესტაციებს თან შემოჰყვნენ სხვა ქვეყნის ჯარები, ამ უფლების განხორციელებას არ მოგცემთ. ეს კარგად უნდა გაიგოთ.“
ის, რაც შსს-მ აჩვენა, ”ქართული პარტიის” შეფასებით, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. ეს არის აბსურდი. მე ვნახე ”კინოსტუდია შსს-ს ” გემოვნების ბოლომდე დაცემა...

გასულ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას არეულობის მოწყობის მორიგი მცდელობის ჩაშლის შესახებ აუწყა. 23 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც ”ქართული პარტიის” ორი წევრიცაა. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ედებათ ბრალად. სამინისტროს მიერ გავრცელებული აღიარებითი ჩვენებებისა და სატელეფონო საუბრების მიხედვით, ”ქართული პარტიის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მაისის ბოლოს, საპროტესტო აქციების დროს, 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად ვლადიკავკაზ-ცხინვალის გზით საქართველოში შემოსვლას გეგმავდა:

”მე გავიგე, რომ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე 200 სპეცრაზმელთან ერთად გადმოვიდოდა, გარკვეულ ნაწილს ამ ”ზილში” ჩასვამდა და ქართულ საგუშაგომდე მალულად მიიყვანდა. მალხაზ კაკაშვილის თქმით, თვითონ და თამაზ ბეგიაშვილი სოფელ ზემო არცევში გადავიდნენ, იქ დახვდათ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი ხვიჩა საბაშვილი, რის მერეც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ორ რუს ოფიცერთან ერთად, რომლებიც სარგებლობდნენ ”ფე-ეს-ბეს” მოწმობით, ავტომანქანა ”ვილისით” გადავიდნენ ვლადიკავკაზში, სადაც შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს.”

ასეთი ჩვენებები მისცეს პოლიციას დაკავებულებმა, თუმცა ”ქართულ პარტიაში” აცხადებენ, რომ ყველაფერი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას უჩვენა, გამოგონილი ამბავია. ეროსი კიწმარიშვილის განმარტება:
ეროსი კიწმარიშვილი

”ის, რაც შსს-მ აჩვენა, ”ქართული პარტიის” შეფასებით, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. ეს არის აბსურდი. მე ვნახე ”კინოსტუდია შსს-ს ” გემოვნების ბოლომდე დაცემა. რენი ჰარლენი მასთან შედარებით ფელინია და ანტონიონი... და, შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს ირონიას, სხვას არაფერს, თუ არ გავამახვილებთ ერთ მომენტზე ყურადღებას - ეს არის ადამიანური ტრაგედიები, ტრაგედიები ადამიანების, რომელთა ოჯახებიდან გაყვანა და დატერორება ხდება.”

„ქართული პარტიის“ მხარდამჭერების დაპატიმრებამდე მთავარმა პროკურატურამ ძებნილად გამოაცხადა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე, რომელსაც ბრალად ედება "წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზება”.

გასული კვირის მიწურულს პარლამენტმა მეორე მოსმენით მოიწონა კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, 2012 წლიდან ახალი მოწვევის პარლამენტი ქუთაისში დაიდებს ბინას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG