Accessibility links

არასამთავრობოები 26 მაისის მოვლენების გამოძიებას აპირებენ


ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა 26 მაისთან დაკავშირებით საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” გამართულ კონფერენციაზე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ აღნიშნული საგამოძიებო კომისიის ფორმატი წარმოადგინა. კონფერენცია სახელწოდებით "26 მაისი – რეალობა და გაკვეთილები", ქალთა სამოქალაქო მოძრაობა "თამარიონისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" ორგანიზებით გაიმართა. ინიციატორთა თქმით, საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით, კვალიფიციური იურისტებითა და ავტორიტეტიანი ადამიანებით. დამოუკიდებელი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია, რადგან, მათი თქმით, ასეთი კომისიის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი ნაკლებია. 26 მაისს, „სახალხო კრების“ არასანქცირებული მიტინგის დარბევის შედეგად, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები, დაიღუპა 4 ადამიანი და სხეულის დაზიანებები მიიღეს 100-ზე მეტმა მომიტინგემ. წინააღმდეგობის გაწევისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში მონაწილეობის ბრალდებით, პოლიციამ 250-ზე მეტი „სახალხო კრების“ აქტივისტი დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG