Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას და „რვიანს“ გარიგებაში ადანაშაულებენ


ხელისუფლების მიერ "ოპოზიციური რვიანისადმი" შეთავაზებულ საბოლოო საარჩევნო წინადადებებთან დაკავშირებით "მწვანეთა პარტიამ" და მოძრაობამ „სამართლიანი საქართველოსათვის“ დღეს ცალ-ცალკე გაავრცელეს მწვავე კრიტიკული განცხადებები. „მწვანეთა პარტიის“ მტკიცებით, წარმოდგენილ წინადადებებში არავითარ გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის, პირიქით, ყველა მათგანი მიმართულია ხელისუფლების პოზიციების გასაძლიერებლად და არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების დასაკანონებლად". მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", რომლის თავმჯდომარე ყოფილი პრემირ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელია, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ "რვიანს" გარიგებაში ადანაშაულებს და პოლიტიკური თამაშის მთავარ შედეგს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 190-მდე გაზრდაში ხედავს. "ამ პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ე.წ რვიანის მთავარი დაფარული მიზანი გაცხადდა; ისინი ამ შეთავაზებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში მომავალ არჩევნებზე დაიკმაყოფილებენ თავიანთ ამბიციებს პარლამენტში მანდატების იმ რაოდენობის მოპოვებით, რაც წინდაწინ ამ "მოლაპარაკებების" კომბინაციით ჰქონდათ განსაზღვრული", - ნათქვამია პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოპოზიციური რვიანისათვის წარდგენილ წინადადებებზე პასუხის ვადა ორშაბათას იწურება. მწვანეთა პარტია, „რვიანში“ შემავალ იმ პოლიტიკურ პარტიებსაც აკრიტიკებს, რომლებიც აპირებენ მმართველი პარტიის ამ წინადადებებზე დათანხმებას. „გაცილებით "ზნეობრივი" იქნება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ერთიან ბლოკში გამოხვიდეთ მომავალ არჩევნებში, ვიდრე გააგრძელოთ საზოგადოების გაბრიყვება. აქვე გათავაზობთ თქვენი საარჩევნო ბლოკის შესაძლო დასახელებაც: საარჩევნო ბლოკი ნომერი „5 – "ერთი ყველასათვის - ყველა სააკაშვილისათვის", - ნათქვამია ქართველი მწვანეების განცხადებაში.
XS
SM
MD
LG