Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური „რვიანი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ათანხმებენ პოზიციებს


მმართველი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ - მიერ შემუშავებულ წინადადებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე. „უკანასკნელი 10-წლიანი მცდელობის მიუხედავად პირველად გაჩნდა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული შემოთავაზებები საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით. და მთელი რიგი ფუჭი მცდელობები, დაწყებული ჯერ კიდევ ბეიკერის ფორმულით, გაგრძელებული ბრძოლებით პარლამენტში, თუ ქუჩაში, შიმშილობებით თუ მანდატების დაჭრით დასრულდა, და სრულდება იმით, რომ არის კონკრეტული შემოთავაზებები ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც აბსოლუტურად გააუმჯობესებდა და გააჯანსაღებდა საარჩევნო გარემოს. თუმცა, დღეს არსებულისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანად წინ გადადგმული ნაბიჯებია“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკა კაციტაძემ. გარდა ამისა, როგორც დღეს გახდა ცნობილი ნაციონალური მოძრაობა" უკვე შეთანხმებული საარჩევნო საკითხების გარდა ოპოზიციას დამატებით საკითხებსაც სთავაზობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, ამ საკითხებზე უკანასკნელ დღეებში მის მიერ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრებისას იყო საუბარი და "ნაციონალური მოძრაობა" მათ გასათვალისწინებლად თანახმაა.
კერძოდ: 1) "ნაციონალური მოძრაობა" თანახმაა, რომ სპეციალური კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საარჩევნო სიებს გადაამოწმებს, ოპოზიციის მიერ წარდგენილი იქნება; 2) გადასატან ყუთებთან დაკავშირებით დადგინდება ზედა ზღვარი, კერძოდ, გადასატან ყუთებში ხმათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმ საარჩევნო უბანზე არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 3 პროცენტს; 3) არჩევნების დღეს, დამატებითი დაცვის გარანტიის სახით, საუბნო კომისიის ბეჭედზე სპეციალური ნაკვეთურების გაკეთება იქნება შესაძლებელი; 4) გაიზრდება კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების უფლებები ყველა საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორისაა საჩივრების რეგისტრაცია და ბიულეტენების დათვლა; 5) კანონით აიკრძალება საოლქო-საარჩევნო კომისიების განთავსება იმ შენობებში, სადაც არის თვითმმართველობის ორგანო ან გუბერნატორის ადმინისტრაცია; 6) გაიზრდება გასაჩივრების ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში 3-5 დღემდე და სხვა.
XS
SM
MD
LG