Accessibility links

logo-print

უფლებადამცველებმა წარადგინეს აქციის დაშლის შესახებ სამართლებრივი დასკვნა


„სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქციის ხელისუფლებისგან ძალისმიერი მეთოდით დაშლას ზუსტად ერთი თვის თავზე, ანუ 26 ივნისს, ხუთგვერდიანი სამართლებრივი დასკვნით ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრები ეხმაურებიან.

”26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა” - ასე დაასათაურეს მათ დასკვნა, რომელიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში წაიკითხა და რომელსაც, ანბანის მიხედვით, მასთან ერთად კიდევ 10 იურისტი და უფლებადამცველი აწერს ხელს. მათ შორის არიან: ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი მანანა კობახიძე და სხვანი.

აქციის შეწყვეტის შემდეგ პოლიციამ მთელი სისასტიკით გააგრძელა ოპერაცია...
“26 მაისს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დაახლოებით ღამის 00:12 წუთზე დაიწყეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევა. დარბევის დროს სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა მიერ გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური იარაღი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. აქციის შეწყვეტის შემდეგ პოლიციამ მთელი სისასტიკით გააგრძელა ოპერაცია, რაც წარმოადგენდა არა ძალის გადაჭარბებას, არამედ მომიტინგეების დასჯის და ანგარიშსწორების წინასწარგანზრახულ ოპერაციას”, - ეს არის ამონარიდი სამართლებრივი დასკვნიდან, რომელიც ჟურნალისტებს დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში გააცნო.

სამართლებრივი დასკვნა შვიდი პუნქტისა და რამდენიმე ქვეპუნქტისაგან შედგება. კონკრეტულად 26 მაისის აქციის დაშლის დროს განვითარებული მოვლენების გარდა, უფლებადამცველები და იურისტები სამართლებრივ დასკვნაში იმის შესახებაც საუბრობენ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები აქციის დაშლის შემდეგ. როგორც დასკვნაშია მითითებული, აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი დააკავეს და გადაიყვანეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც გაგრძელდა მათი ცემა და წამება. სასამართლო სხდომები კი ფორმალურად წარიმართაო, აღნიშნულია დასკვნაში.

სამართლებრივი დასკვნის მეორე აბზაცშივე მითითებულია, რომ დარბევის საფუძვლად ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციის არასანქცირებული ხასიათი დასახელდა. მანანა კობახიძე, სამართლებრივი დასკვნის ერთ-ერთი ხელმომწერი და არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელი დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მართალია, ვადის ამოწურვის შესახებ ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეებმა გაფრთხილება მიიღეს, მაგრამ აქციის მონაწილეთა დარბევა გაფრთხილების მიღებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო და, შესაბამისად, აქციის მონაწილეები დაშლას ვერც მოასწრებდნენო.
მანანა კობახიძე

”იმდენად ცალსახაა ძალის გადამეტება და იმდენად ცალსახაა პოლიციის მხრიდან დარღვევების რეალობა, რომ აქ ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი მანიფესტანტების მხრიდან. მოდით, შევთანხმდეთ, გასაგებია, რომ მათ გადააცილეს 12 საათს, მაგრამ განა იძლეოდა ეს იმის საფუძველს, რომ სასიკვდილო შედეგი დამდგარიყო?” - კითხულობს მანანა კობახიძე.

სამართლებრივი დასკვნის მეშვიდე პუნქტი აქციის ორგანიზატორთა თუ მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეძღვნება. დასკვნის ხელმომწერნი სხვადასხვა საქმესთან ერთად ყინწვისში დაკავებული 24-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფების საქმეზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ერთადერთი მტკიცებულება აღნიშნულ საქმეში დაკავებულ პირთა ჩვენებებია. ისინი აქვე საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული „სახალხო კრების“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის ანზორ ბიწაძის ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ, სადაც დედა-შვილი ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა გზას განიხილავს. დასკვნაში მითითებულია, რომ ნინო ბურჯანაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე არ აღძრულა, ხოლო რაც შეეხება მისი მეუღლის, ბადრი ბიწაძის, ბრალდებას, რომელიც "წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებას” გულისხმობს, დასკვნის ავტორების განცხადებით, ეს ბრალდება პროპაგანდისტული ხასიათისაა და ხელისუფლების მიზანს ბადრი ბიწაძის დაკავება არ წარმოადგენს.

ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, სადაც შევლენ იურისტები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები...
სამართლებრივი დასკვნის ერთ-ერთი ხელმომწერი, ადვოკატი ქეთი ბექაური, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დასკვნის ავტორთა მოთხოვნაა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, რომელშიც, გარდა ექსპერტებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ:

”უნდა დაისაჯოს ყველა ის მართლწესრიგის დამცველი და თანამდებობის პირი, რომლებმაც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინეს. ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული დანაშაული, აქ იყო მთელი კასკადი სისხლის სამართლის დანაშაულებებისა. ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, სადაც შევლენ იურისტები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები... იქ უნდა იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას დოკუმენტი, თუ რა მოხდა რეალურად და მიეცეს ფაქტებს რეალური შეფასება.”

სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს, დამატებითი ღონისძიებების გატარება და საგამოძიებო კომისიების შექმნა კი მიზანშეწონილად არ მიმაჩნიაო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.
პავლე კუბლაშვილი

”ამ საკითხებთან დაკავშირებით ცალკეული ფაქტების შესწავლა მიმდინარეობს, მათ შორის იმ ფაქტების შესწავლა, სადაც საუბარი იყო დისპროპორციული ძალის გამოყენებაზე. მიმდინარეობს გამოძიება და ამ გამოძიების შედეგებს შეიტყობს საზოგადოება. სხვა მხრივ, ამ საკითხის განხილვა, ვფიქრობ, არასწორია”, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

როგორც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ სამართლებრივი დასკვნის პრეზენტაციის ბოლოს განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს გამოძიების მსვლელობას, მათ შორის - საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG