Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: ხელისუფლებამ კვლავ აირჩია პოლიტიკური ვაჭრობისა და შანტაჟის ენა


ხელისუფლებასთან შეთანხმების ხელმოწერას არ აპირებს ბოლო დრომდე ”ოპოზიციურ რვიანად” წოდებული გაერთიანების 6 წევრი. მათი სახელით ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისი პოზიციით, რომ მმართველი პარტიის წინადადებები შეცვლას აღარ ექვემდებარება, კვლავ აირჩია ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობისა და შანტაჟის ენა და ფაქტობრივად, უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე. ”ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენსას მაინც გავიტანთ”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელეს რესპუბლიკური, კონსერვატიული და ხალხის პარტიების, ”თავისფალი დემოკრატების,” ეროვნული ფორუმისა და ”საქართველოს გზის” ლიდერებმა. მათი შეფასებით, ”საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზებას.” 6 პოლიტიკური სუბიექტის განცხადებით, ”ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ვერ ჩაითვლება ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის შეთანხმებად.” ექვსმა პარტიამ კვლავ დაადასტურა, რომ სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას განაგრძობს, ამ პროცესს ერთად გადააქცევს ფართომასშტაბიან სამოქალაქო მოძრაობად და გამარჯვებას ხალხთან ერთად მიაღწევს.
XS
SM
MD
LG