Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი ქართველების ქონებით ასაჩუქრებს საკუთარ მებრძოლებს


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქართველების საკუთრებით ოს მებრძოლებს ასაჩუქრებს.

„სამშობლოს დამცველთა კავშირის“ წევრებთან შეხვედრისას დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც 18 წელზე მეტია მიტოვებულ სახლებში ცხოვრობენ, მათი დაკანონების უფლებას იღებენ.

90-იანი წლების კონფლიქტის დროს ცხინვალი ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა, ადგილზე კი მათი საკუთრება დარჩა, რომელსაც შეიარაღებული მებრძოლები დაეპატრონნენ. ამ მებრძოლებმა მოგვიანებით „სამშობლოს დამცველთა კავშირი“ შექმნეს, რომელიც კოკოითის მთავარ დასაყრდენ ძალად იქცა. სწორედ ამ კავშირის წევრები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ კოკოითი მესამე ვადით ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში და ამისთვის რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ცნობილი ინციდენტის შემდეგ, როცა კოკოითის მებრძოლებს დეპუტატების წინააღმდეგობა შეხვდათ, დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა მესამე ვადით არჩევაზე საბოლოოდ უარი თქვა, „სამშობლოს დამცველთა კავშირის“ წევრები სათათბიროდ მიიწვია, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ცხინვალელ ქართველთა ქონების დაკანონებას შეჰპირდა.

ცხინვალელი დევნილების დიდი ნაწილი ამჟამად გორში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ცხოვრობს. 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას, მათ საკუთარი სახლები ისე დატოვეს, რომ იქიდან თითქმის ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს, მხოლოდ პირადი ნივთები და დოკუმენტაცია შერჩათ ხელში. ამ დოკუმენტაციით კი ცხინვალში მათი საკუთრების უფლებაა აღიარებული.

ანა სალამაძე 20 წელზე მეტია დევნილია. იგი ოჯახთან ერთად ახლა გორის ტურბაზაში ცხოვრობს. ცხინვალში მას როგორც საკუთარი, ისე მშობლების ქონება დარჩა. ანა სალამაძე კოკოითის გადაწყვეტილებას უგუნურს და არაკანონიერს უწოდებს.

ლალი გოგინაშვილიც ცხინვალელია. მას კოკოითის გადაწყვეტილება უსამართლოდ, არაჰუმანურად და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიაჩნია. მისი აზრით, კოკოითი ერთგულებისთვის საკუთარ მომხრეებს აჯილდოებს და ამით სხვებსაც აქეზებს, რომ ჯერ კიდევ მიტოვებულ სახლებში შეიჭრან და მოგვიანებით დაიკანონონ კიდეც.

ნოემბერში დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. კანდიდატების ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ცხინვალში უკვე ლაპარაკობენ, რომ კოკოითი საკუთარ მემკვიდრეს დაასახელებს, მისი მომხრე მებრძოლები კი კოკოითის ფავორიტთა ბანაკში გადაინაცვლებენ და ამჟამინდელი პრეზიდენტის გულუხვობით გათამამებულები, თავიანთი მფარველის გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ადამიანი შესაძლოა კოკოითის ნათესავი, ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, თეიმურაზ ხუგაევი იყოს.
XS
SM
MD
LG