Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მუამარ კადაფის დაპატიმრების ორდერი გასცა


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფისა და მისი უახლოესი გარემოცვის დაპატიმრების ორდერი გასცა.

სასამართლომ მუამარ კადაფის ბრალი დასდო იმაში, რომ მისი განკარგულებით ხდებოდა სამოქალაქო პირებზე თავდასხმა, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის რიგის ქმედებაა. ეს ბრალდებები მოდის ამ ქვეყანაში თებერვლიდან დაწყებული ამბოხების მთელ პერიოდზე. მოსამართლე სანჯი მონაგენგმა ჰააგაში განაცხადა, რომ სასამართლო შეეცდება კადაფისთან ერთად დააპატიმროს ასევე მუამარის ვაჟი საიფ ალ ისლამი და მისი დაზვერვის სამსახურის მეთაური. მისი თქმით, სწორედ ისინი ამზადებდნენ და განაგებდნენ გეგმას, თუ როგორ აღდგომოდნენ წინ და ჩაეხშოთ რეჟიმის საწინააღმდეგო სამოქალაქო დემონსტრაციები.

კადაფის დაზვერვის სამსახურის უფროსს აბდულა ალ სანუსის ბრალად ედება ოპოზიციის წევრების დევნა და დახოცვა.
ლიბიაში გამოსვლები მოჰყვა ეგვიპტესა და მანამდე ტუნისში მომხდარ ამბოხებას, რამაც ამ ქვეყნების ლიდერთა დამხობა მოიტანა. სასამართლოს განცხადებას ზეიმით შეხვდა ლიბიის ოპოზიციური ქალაქი ბენღაზი.
ლიბია

მეამბოხეთა ლიდერმა ჯალალ ალ გალალმა „როიტერსის“ სააგენტოს უთხრა, ხალხი ამ განცხადების შემდეგ გრძნობს, რომ სიმართლე მის მხარესააო. მისივე აზრით, მსოფლიომ თქვა ის, რასაც ლიბიის ოპოზიცია ადრეც ამბობდა: კადაფი ომის დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს. ლიბიაში ახლა არაერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ კადაფის დაპატიმრებას შედეგად მოჰყვება ძალადობის შეწყვეტა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კადაფიმ დაკარგა ლეგიტიმურობა და რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგესო. ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი, ჰეიგის მსგავსად, მიესალმა გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის ნატოს მისიას ზურგს უმაგრებს.

ლიბიაში ოთხთვიანი გამოსვლების პერიოდში ათასობით ადამიანი დაიღუპა სამთავრობო ძალებთან ბრძოლაში. გაეროს მანდატით მოქმედი ნატოს ავიაციის საჰაერო იერიშების მიუხედავად, რისი მიზანიც სამოქალაქო პირების დაცვაა, ბრძოლა ოპოზიციისა და მთავრობის ძალებს შორის გრძელდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG