Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში გასცეს კადაფის დაპატიმრების ორდერი


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის დაპატიმრების ორდერი. მას ბრალად უყენებენ კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს და სამოქალაქო პირებზე იერიშების შესახებ განკარგულების გაცემას მას შემდეგ, რაც წელს, თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო ამბოხება მისი მმართველობის წინააღმდეგ. ჰააგაში განთავსებულმა სასამართლომ გასცა ასევე კადაფის ვაჟიშვილის, საიფ ალ-ისლამისა და ლიბიის დაზვერვის სამსახურის უფროსის, აბუდალ ალ-სენუსის დაპატიმრების ორდერები. სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ლიბიელი მეამბოხეების ლიდერები. მეამბოხეთა ბასტიონად ქცეულ, აღმოსავლეთის ქალაქ ბენღაზიში მოქმედი, კადაფისთან დაპირისპირებული დროებითი ეროვნული საბჭო კადაფის დაპატიმრების პირობას დებს. პარალელურად, პოლიტურ საკითხებში გაეროს მთავარმა წარმომადგენელმა, ლინ პასკომ, დღეს უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ ნატოს დახმარებით მეამბოხეები ამ ეტაპზე უპირატესობას ფლობენ კადაფის ძალებთან მიმართებით - თუმცა ეს უპირატესობა ჯერჯერობით მყარი არ არის. ვარაუდობენ, რომ ათასობით ადამიანი შეიწირა კონფლიქტმა, რომელიც ნატოს საჰაერო კამპანიის მიუხედავად კვლავაც გრძელდება. ალიანსის საჰაერო ოპერაციების მიზანია ლიბიაში ფრენისათვის აკრძალული ზონის დაცვა და სამოქალაქო პირების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
XS
SM
MD
LG