Accessibility links

logo-print
ფონდმა ”ღია საზოგადოება - საქართველომ” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევა წარმოადგინეს. გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წყაროების დადგენა. ამასთან, 2008-2010 წლების არჩევნების მიხედვით, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება რამდენჯერმე აღემატება ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს. გარდა ამისა, იურიდიული პირები, როგორც წესი, თავს იკავებენ ოპოზიციური პარტიების ან მათი კანდიდატების დაფინანსებისგან. რა ხარვეზები გამოკვეთა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევამ?

კვლევა ეყრდნობა 2007-2010 წლების მონაცემებს და დეტალურად აღწერს შემდეგ საკითხებს: რა ოდენობის თანხების მოზიდვა შეძლეს პარტიებმა არჩევნების პერიოდში; რა წყაროებიდან ფინანსდებოდნენ პარტიები; როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები და რამდენად კანონიერი იყო ამ თანხების მოზიდვა და ხარჯვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს მკვეთრად განსხვავებული რესურსები აქვთ:
ნინა ხატისკაცი

„მაგალითად, მმართველი პარტია, ყველა სხვა პარტიასთან შედარებით, მინიმუმ 7-ჯერ და მაქსიმუმ 26-ჯერ მეტ თანხას ხარჯავს მარტო წინასაარჩევნოდ. გაცილებით მეტი რესურსია მობილიზებული ერთი პარტიის ხელში და ეს აფერხებს პოლიტიკურ კონკურენციას.“

კვლევის მიხედვით, რესურსებს შორის მკვეთრი განსხვავება იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, როცა მიხეილ სააკაშვილმა 23 მილიონი ლარის მოზიდვა შეძლო, ხოლო ოპოზიციონერმა კანდიდატებმა, ჯამში, ერთ მილიონ ლარზე ნაკლები მოიპოვეს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა თანხის ნახევარზე მეტი სატელევიზიო რეკლამაში დახარჯა.

საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია „ყველაზე მდიდრები“ აღმოჩნდნენ ყველა მომდევნო არჩევნებში. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს შემოწირულობის სახით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 14 მილიონი ლარი მიიღო, რაც თითქმის ათჯერ აღემატება ყველა დანარჩენი პარტიის მიერ მობილიზებულ რესურსს. ამასთან, როგორც „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებული დირექტორი ქეთი ხუციშვილი ამბობს, იურიდიული პირები, როგორც წესი, თავს იკავებენ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისგან.
ქეთი ხუციშვილი

„ოპოზიციური პარტიების დაფინანსების ძირითადი წყარო არის ან ბიუჯეტი, ან ფიზიკური პირების შემოწირულობები, მმართველი პარტიისათვის კი ძირითადი წყაროა იურიდიული პირების, ანუ კომპანიების, შემოწირულობები. როგორც ჩანს, ბიზნესკომპანიები უფრთხიან ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას, მაშინ როცა დიდი სიამოვნებით აფინანსებენ მმართველ პარტიას“, - უთხრა ქეთი ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს კანონმდებლობა იურიდიულ პირს დაფინანსების ზღვარსაც უწესებს: აკრძალულია ერთი იურიდიული პირის მიერ ერთი პოლიტიკური გაერთიანების ფონდში 100 ათასზე მეტი ლარის გადარიცხვა, თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ყოფილა შემთხვევები, როცა იურიდიული პირები, მათი შვილობილი კომპანიების საშუალებით, მმართველი პარტიის ანგარიშზე გაცილებით მეტ თანხას რიცხავდნენ. გარდა ამისა, ანგარიშის ავტორთა თქმით, თითქმის შეუძლებელია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წყაროების დადგენა. საქმე ისაა, რომ პარტიები საარჩევნო კამპანიების ფონდებში თანხებს თავიანთი პარტიული ფონდებიდან რიცხავენ, პარტიული ფონდების შესახებ ინფორმაცია კი საჯარო მხოლოდ მომდევნო წლის დასაწყისში ხდება. ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს წარმომადგენელი მარჩინ ვალეცკი კვლევის შედეგებისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ასკვნის:
დაფინანსების საჯაროობის სისტემა არ არის გამართული, ისევე როგორც მათი კონტროლი არ არის სათანადო დონეზე და კვლავ სიმცირეა გამჭვირვალობის...

„10 წლის წინ არ იყო არავითარი საზოგადოებრივი კონტროლი დაფინანსების, არავითარი გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა ამ ინფორმაციის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბაზისი შექმნილია, ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა. დაფინანსების საჯაროობის სისტემა არ არის გამართული, ისევე როგორც მათი კონტროლი არ არის სათანადო დონეზე და კვლავ სიმცირეა გამჭვირვალობის.“

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს ლევან ცუცქირიძეც - ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის მკვლევარი, რომლის თქმითაც, ბიუჯეტიდან დაფინანსება ღირსეული არსებობის საშუალებას უნდა აძლევდეს როგორც ძირითად პოლიტიკურ ძალებს, ასევე მცირე პარტიებს, რომლებიც უმცირესობების ინტერესებს გამოხატავენ.

„ერთი საკითხია, რამდენად იძლევა სახელმწიფო დაფინანსება პოლიტიკური პარტიების მიერ მინიმალური ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას და მეორე საკითხი - უნდა არსებობდეს თუ არა შემოწირულობის ზედა ზღვარი და თუ უნდა არსებობდეს, მაშინ სად არის ეს ზღვარი, რომელიც, ერთი მხრივ, არ შებოჭავს პოლიტიკური პარტიების ეფექტიანობას და, მეორე მხრივ, არ დაუშვებს არაკანონიერ ხარჯებს პარტიების მხრიდან“, - უთხრა ლევან ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებას.
ამ ორგანოს წევრები გარანტირებული ვადით უნდა ინიშნებოდნენ და მხოლოდ ერთი ვადით. დაფინანსება და ტექნიკური რესურსები უნდა ჰქონდეთ გარანტირებული...

დაფინანსების ზედა ზღვრის შემოღება კვლევის ავტორთა რეკომენდაციებშიც შედის. გარდა ამისა, ნინა ხატისკაცის თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური მუდმივმოქმედი, დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც შეამოწმებს პარტიების მიერ გამოქვეყნებულ საფინანსო დეკლარაციებს და უზრუნველყოფს პარტიათა დაფინანსების ზედამხედველობას:

„ამ ორგანოს წევრები გარანტირებული ვადით უნდა ინიშნებოდნენ და მხოლოდ ერთი ვადით. დაფინანსება და ტექნიკური რესურსები უნდა ჰქონდეთ გარანტირებული. მათ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო აუდიტის ჩატარებისა და ხარჯების შესაბამისობის კონტროლის საშუალება. ეს ორგანო უნდა იყოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული და მისი მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციებს შორისაა ასევე წლიური დაფინანსების ფორმის შემოღება, საარჩევნო კამპანიის ანგარიშგების ფორმის დეტალური გაწერა, ანგარიშგების ერთიანი ბაზის სისტემატური განახლება და პარტიების მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის გადარიცხული თანხების წარმომავლობის დროული წარდგენა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG