Accessibility links

logo-print
შვეიცარიის შუამავლობით გაგზავნილი ნოტის მიხედვით, საქართველო რუსეთს სწორედ იმ დიალოგს სთავაზობს, რომლის რესურსის გამოყენებაც არასაკმარისად მიიჩნია ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ. დიალოგის მცდელობა აუცილებელი ნაბიჯია იმისათვის, რომ ”რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საერთაშორისო კონვენციასთან დაკავშირებული სარჩელით საქართველო კვლავ დაბრუნდეს ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. რა მოლოდინი უკავშირდება თბილისის ახალ ნაბიჯებს?
სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, რომ თუკი საქართველო შეეცდება ამ პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, ჩვენ იურიდიული და ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავბრუნდეთ სასამართლოში ...

თავდაპირველად გავიხსენოთ, რომ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი მიმდინარე წლის 1 აპრილს განაცხადა. საუბარია 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელზე, რომელშიც საქართველო რუსეთს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებდა. აქცენტი კეთდებოდა პერიოდზე 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე. 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ გაეროს სასამართლომ 1 აპრილს გადაწყვიტა, რომ ამ სარჩელის არსებითი განხილვა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის, რადგანაც სარჩელის სასამართლოში შეტანამდე საქართველოს არ ჰქონდა ამოწურული რუსეთთან დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის რესურსი.

გარკვეული იმედგაცრუების პარალელურად, საქართველოს მხარემ იმავე დღეს დაიწყო ლაპარაკი ჰააგის სასამართლოში კვლავ მიბრუნების პერსპექტივაზე.

”სასამართლომ დატოვა შესაძლებლობა, რომ თუკი საქართველო შეეცდება ამ პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, თუ კიდევ ერთი მცდელობა იქნება მოლაპარაკებისა, ჩვენ იურიდიული და ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავბრუნდეთ სასამართლოში”, - უთხრა 1 აპრილს რადიო თავისუფლებას ჰააგიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თინა ბურჯალიანმა.

და სწორედ ამგვარი მოლაპარაკებების დაწყებაა მოთხოვილი ნოტაში, რომელიც საქართველომ შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის - საშუალებით რუსეთის მხარეს 27 ივნისს გაუგზავნა. საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" გაეროს კონვენციის რუსეთის ფედერაციის მიერ დარღვევასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებზე. კერძოდ, საუბარია: დევნილების დარღვეულ უფლებებზე - დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ეთნიკურად მოტივირებულ ძალადობასა და საკუთრების განადგურებაზე, განათლების, კულტურული და ენობრივი უფლებების შელახვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა თუ უკანონო პასპორტიზაციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც 2008 წლამდე, ასევე მას შემდეგ.
მოლაპარაკებები უნდა იყოს გულწრფელი, მაგრამ ამ ეტაპისთვის ისე ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებების წარმატების ნაცვლად, მისი ჩაშლის სურვილი აქვს...

იმაში, რომ საქართველო რუსეთთან შედეგზე ორიენტირებული დიალოგის დაწყებისკენ მიისწრაფვის, ეჭვი ეპარება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ”მემორიალის” წარმომადგენელს კირილ კოროტეევს. როგორც მან სტრასბურგიდან სატელეფონო საუბარში უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველო ასეთ ნაბიჯს ჰააგის სასამართლოში დასაბრუნებლად დგამს:

”გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა ნათლად მოითხოვს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები პრობლემის მოგვარების მიზანს ემსახურებოდეს... მოლაპარაკებები უნდა იყოს გულწრფელი და შედეგის მიღწევის სურვილით განპირობებული. მაგრამ ამ ეტაპისთვის ისე ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებების წარმატების ნაცვლად, მისი ჩაშლის სურვილი აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად განაცხადა, ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს, რათა საქმე სასამართლოში შევიტანოთო.”

კირილ კოროტეევი ამ შემთხვევაში იმ სკეპტიკურ დამოკიდებულებას გულისხმობს, რაც რუსეთისთვის შეთავაზებულ დიალოგთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოამჟღავნეს. ასეთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას თბილისში გასული წლების უშედეგო გამოცდილებით ხსნიან და ვარაუდობენ, რომ რუსეთი თავად არ მოისურვებს საქართველოს მიერ მანამდეც ბევრჯერ შეთავაზებული კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას. ასეთ შემთხვევაში კი საქართველოს გამოსავალი ისევ ჰააგის სასამართლოში დაბრუნება იქნება. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი ამბობს:
თინა ბურჯალიანი

”სასამართლოში საქმის განხილვა და სასამართლოში საქმის მოგება არ არის ჩვენი იდეფიქსი. სასამართლო გვჭირდება იმისთვის, რომ დევნილების დაბრუნებისა და დეოკუპაციის საკითხები მოგვარდეს უფრო მარტივად, ასე ვთქვათ. თუკი სასამართლოში წასვლის გარეშე მოვახერხებთ რუსეთი და საქართველო იმას, რომ შევთანხმდეთ ამ საკითხებზე, არანაირი გამორჩეული დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ აუცილებლად სასამართლოში უნდა წავიდეთ. უბრალოდ, სამწუხაროდ, დაგროვილი გამოცდილება არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ რუსეთი კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთვება ამ საკითხებთან დაკავშირებით.”
ისინი წამოვლენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ამას წლებს მოანდომებენ, ისევე როგორც ჟენევის ფორმატში...

თინა ბურჯალიანისგან განსხვავებით, საქართველოს სარჩელის ჰააგის სასამართლოში წარმატებით დაბრუნებასა და სასურველი შედეგის მიღწევას სკეპტიკურად უყურებს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლევან ალექსიძე. ის თვლის, რომ პრობლემები შეიქმნება რუსეთის მხრიდანაც, რომელიც პროცესის უსასრულოდ გაჭიანურებას შეეცდება:

”რუსეთი არც ისეთი იდიოტია, რომ გამოაცხადოს, თქვენთან არ დავჯდებით მოლაპარაკებებზეო. ისინი წამოვლენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ამას წლებს მოანდომებენ, ისევე როგორც ჟენევის ფორმატში.”

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლევან ალექსიძე იმთავითვე არ ემხრობოდა საქართველოს სარჩელის ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანის იდეას. იმის გარდა, რომ ხსენებული სასამართლო მსგავსი საქმეების განხილვას 10-15 წელიწადს ანდომებს, ექსპერტის სკეპტიკური მიდგომები დიდწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ კონვენცია ”რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” რუსეთს ვალდებულებებს მხოლოდ საკუთარ ტერიტორიასთან მიმართებით აკისრებს. ხოლო, მაგალითად, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და იქ განხორციელებული ეთნოწმენდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გადასაწყვეტი საკითხებია და განხილვის სხვა საგანს წარმოადგენს. თუმცა, ლევან ალექსიძის განმარტებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ”ამას ვერ მოჰკიდებს ხელს”, რადგანაც რუსეთის წინასწარი თანხმობა არ არსებობს.
XS
SM
MD
LG