Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 28 ივნისი, 2011


დღევანდელი პრესა 27 ივნისს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმებას ეხმაურება: ”პოლიტიკური შოკი ხელისუფლების სცენარით”, ”შანსი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს”, ”მათ გატეხეს საკუთარი სიტყვა, გაიყიდნენ და შექმნეს საფრთხე”, ”ოპოზიციური რვიანი დაიშალა. გაურიგდნენ თუ არა მემარჯვენეები ხელისუფლებას?”, ”ხელისუფლებას არ მივეყიდებით. ჩვენ ახალ ბრძოლას ვიწყებთ” - ეს სხვადასხვა გაზეთების პირველი გვერდების სათაურებია.

”რეზონანსში” ვრცელი სტატიის გარდა ქვეყნდება ”ქართული აკადემიის” განცხადება, რომელშიც წერია: ”სამწუხარო და დასანანია, რომ ”რვიანის” ორმა სუბიექტმა - ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”ქრისტიან-დემოკრატებმა” ვერ გაუძლეს ბრძოლის სიმძიმეს, ვერ შეძლეს სათანადო პასუხისმგებლობისა და სიმტკიცის გამოჩენა და მიიღეს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ფასადური, ზნეობისა და კანონისგან შორს მდგომი წინადადებები, რომლებიც გამორიცხავს საქართველოში მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარებას”.

”24 საათი” წერს: ”უმრავლესობის დოკუმენტის ერთი ნაწილი განსაკუთრებით იმ პოლიტიკური პარტიებისთვის გახდა მიმზიდველი, რომლებიც მოლაპარაკებების დროს "რვიანის" შემადგენლობაში არ იყვნენ. საქმე ეხება სხვადასხვა ტიპის კომისიების შექმნას. ერთ-ერთი მათგანის ფუნქცია ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი იქნება”.

”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი სტატიაში, სათაურით ”გაექვსიანებული ‘რვიანი’ ” წერს: ”თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე ნებისმიერი პროცესის მიმართებაში, ”ექვსიანი” მალე ”ოთხიანი” გახდება და სრულიად მოსალოდნელია, რომ არჩევნების წინ ის ”ერთიანი” დარჩეს, რომელსაც ცესკოსგან ნომერი ”5” აქვს მინიჭებული.”

”ალია” ”ხალხის პარტიის” ლიდერ კობა დავითაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის პირველ ნაწილში რესპონდენტი საკუთარი ინიციატივით თავისივე შეცდომების გახსენებას იწყებს. დავითაშვილს შეცდომად მიაჩნია როგორც თავის დროზე მის მიერ შემოწირულობის საფასურად მავანის საზოგადოებისთვის კანდიდატად შეთავაზება, ასევე ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ თავის მართლება. მხოლოდ ამის შემდეგ ელაპარაკება კობა დავითაშვილი ჟურნალისტს სხვა პოლიტიკური ძალების შეცდომებზე: ”როგორც ჩანს, ჩვენს კოლეგა ”მემარჯვენეებს” მორალური დაღლილობა დაემართათ. მათ ჩათვალეს, რომ თავის დროზე პარლამენტში არშესვლით, რადიკალური ნაბიჯებით, აქციებში მონაწილეობით შედეგს ვერ მიაღწიეს და გადაწყვიტეს ”ქრისტიან-დემოკრატების” გზით სიარული, რომელსაც ხელისუფლებამ კარტ-ბლანში მისცა, მედიასაშუალებები მისცა და პირობები შეუქმნა. მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან რა გზასაც დაადგნენ, ეს ”ქრისტიან-დემოკრატების” გზა არ არის. ეს არის გია თორთლაძის, კოკო გამსახურდიასა და სხვათა გზა.”

”მოხდა ის, რასაც ველოდი. სულ ვამბობდი, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობებზე არ წავა. ხელისუფლება გამოიყენებს კონსულტაციებს თავისი მმართველობის გასახანგრძლივებლად”, - ეუბნება ნინო ბურჯანაძე ”ახალი თაობის” კორესპონდენტს. ამ ინტერვიუში ბურჯანაძე ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზეც ჰყვება: ”ასევე ძალიან კომიკური იყო სააკაშვილის გამოქცევა ჩემს კვალდაკვალ”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე და იმავე ინტერვიუში დასძენს: ”სააკაშვილის ამოცანა იყო როგორმე გადაეფარა ჩემი ბრიუსელში ყოფნა. ცდილობდა ტყუილები ეთქვა იმ კაბინეტებში, სადაც მე მოვახერხე სიმართლის მიტანა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG