Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დევნილთა ამბები“ დევნილებისთვის


წელიწადზე მეტია, რაც სამოქალაქო ჟურნალისტები დევნილთა დასახლებებში რეპორტაჟებს ამზადებენ. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა (iwpr) და საქართველოს რეგიონალური რადიოების თანამშრომლობით მზადდება რადიოგადაცემა „დევნილთა ამბები.“ რეპორტაჟების ავტორები არიან სამოქალაქო ჟურნალისტები, რომლებიც თვეში ერთხელ დევნილთა დასახლებებში დადიან, იქ მცხოვრებთა პრობლემებს ისმენენ და იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ წერენ, რომლებიც დევნილთა დასახლებებში ხორციელდება. სამოქალაქო ჟურნალისტებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან და მათ სხვებზე უკეთ იციან დევნილთა პრობლემების შესახებ. პროექტი შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში ხორციელდება - იქ, სადაც დევნილთა კომპაქტური დასახლებებია.

სამოქალაქო ჟურნალისტები პროფესიონალები არ არიან, ამიტომ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი მათი კვალიფიკაციის ამაღლებას სპეციალური ტრენინგ-სემინარების მეშვეობით ცდილობს. ტრენინგები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ტარდება. ბოლო ტრენინგის თემა რადიორეპორტაჟის სტრუქტურა და რეპორტაჟის ტექსტზე მუშაობის სპეციფიკა იყო.
სამოქალაქო ჟურნალისტები თავიანთი თემების საინფორმაციო უზრუნველყოფას კი არ ემსახურებიან, არამედ თვითონ ამყარებენ ურთიერთობას და წარმატებით ახდენენ ინტეგრირებას ადგილობრივ საზოგადოებაში...

სამოქალაქო ჟურნალისტიკის ხელშეწყობისა და განვითარების პროექტში ჩართული დევნილი რადიორეპორტიორები, რეპორტაჟის ტექსტისა და სტრუქტურის გარდა, iwpr-ის სარედაქციო კოლეგიის მიერ შემუშავებულ შიდა საორგანიზაციო სტანდარტებს გაეცნენ.

ნათია ჭოველიძე ამჟამად კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დასაქმდა, გაუჩნდა განცდა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარება კიდეც, როცა მათი პრობლემები სააშკარაოზე გამოაქვს.

ნათია ღერკენაშვილიც დევნილია. იგი ხშირად მოგზაურობს შიდა ქართლში არსებულ დევნილთა დასახლებებში და იქ მცხოვრებ ადამიანებს იმ პროექტების შესახებ ესაუბრება, რომლებსაც სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. მისი აზრით, კვალიფიკაციის ამაღლება მას შემდგომ საქმიანობაში უფრო დაეხმარება.

„დევნილთა ამბები“ ეთერში უკვე 13-ჯერ გავიდა. გადაცემა თვეში ერთხელ მზადდება. მისი მსმენელები კი ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირები არიან, რომლებიც თვის ბოლო კვირას ყოველთვის ელოდებიან გადაცემის დაწყებას. მათი აზრით, ცენტრალურ მედიაში დევნილთა პრობლემების შესახებ თითქმის აღარაფერს ამბობენ, ეს პროექტი კი, პრობლემების გაშუქების გარდა, ინფორმირების თვალსაზრისითაც საინტერესოა.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში პროექტის გაფართოებაზე ფიქრობენ. iwpr-ის კავკასიის პროგრამების დირექტორის ბექა ბაჯელიძის თქმით, ეს პროექტი საერთო კავკასიური პროექტის ნაწილია, რომელსაც „კავკასიაში ხიდების მშენებლობა და უნარების განვითარება“ ჰქვია. მისი აზრით, კომპაქტურ დასახლებებში ქართულ-ოსური ურთიერთობის პერსპექტივებიც აინტერესებთ. ამიტომ „დევნილთა ამბები“ ამ მიმართულებითაც გააშუქებს მოვლენებს და პროექტში კონფლიქტის მეორე მხარეს მყოფ ჟურნალისტებსაც ჩართავს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროექტში, რადგან უკვე სხვა ეტაპზე გადავდივართ და უფრო მეტი ახალგაზრდა ჟურნალისტის ჩართვა იგეგმება...
„სამოქალაქო ჟურნალისტები თავიანთი თემების საინფორმაციო უზრუნველყოფას კი არ ემსახურებიან, არამედ თვითონ ამყარებენ ურთიერთობას და წარმატებით ახდენენ ინტეგრირებას ადგილობრივ საზოგადოებაში და ავტომატურად მათ ზურგს უკან მყოფი ადამიანების ინტერესებს წარმოადგენენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროექტში, რადგან უკვე სხვა ეტაპზე გადავდივართ და უფრო მეტი ახალგაზრდა ჟურნალისტის ჩართვა იგეგმება არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და შიდა ქართლიდან, არამედ კონფლიქტის მეორე მხრიდანაც“, – ამბობს ბექა ბაჯელიძე.

პროფესიონალმა ჟურნალისტებმა კარგად იციან, რომ დევნილთა დასახლებებში მცხოვრებლებთან ურთიერთობა რთულია, ხშირად ინტერვიუს ჩაწერაც კი პრობლემაა. ზოგი დევნილი მედიის წარმომადგენლებს უნდობლობას უცხადებს, ზოგს შიში აქვს. დევნილ სამოქალაქო ჟურნალისტებს კი მათთან ურთიერთობა შედარებით უადვილდებათ, რადგან ნაცნობობა და ურთიერთნდობა ხშირად გადამწყვეტია.
XS
SM
MD
LG