Accessibility links

logo-print

ლიბიის მმართველ რეჟიმს მოუწოდებენ, განუდგეს მუამარ კადაფის


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი ლუის მორენო-ოკამპო მოუწოდებს ლიბიის მმართველი რეჟიმის წევრებს, განუდგნენ მუამარ კადაფის და იზრუნონ მის დაპატიმრებაზე. ამ მოწოდებით მორენო-ოკამპო გამოვიდა ჰააგაში განთავსებული სასამართლოს მიერ მუამარ კადაფისა და კიდევ ორი პირის დაპატიმრების ორდერების გაცემის მომდევნო დღეს. მთავარი პროკურორის განმარტებით, ლიბიას ევალება დაპატიმრების ორდერების სისრულეში მოყვანა. „საერთაშორისო ძალებს, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1973-ე რეზოლუციით მოქმედებენ, არა აქვთ მანდატი, რომელიც დაპატიმრების ორდერის სისრულეში მოყვანას ითვალისწინებს და სასამართლო არ თხოვს საერთაშორისო ძალებს ამის გაკეთებას“, განაცხადა მორენო-ოკამპომ. მანამდე ლიბიის მმართველმა რეჟიმმა დაგმო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კადაფის, მისი შვილის, საიფ ალ ისლამის და ლიბიის დაზვერვის სამსახურის უფროსის, აბდულა ალ-სენუსის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო. მათ უყენებენ კაცობრიობის წინაშე დანაშაულთა ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG